საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტუდია

საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტუდია "მონიტორი" პირმინდად გაქურდეს - გახდება თუ არა ეს გამოწვევა ახალი შს მინისტრისთვის

"სტუდია "მონიტორი", რომელიც საგამოიძიებო ჟურნალისტულ ფილმებზე მუშაობდა გაქურდეს - წაღებულია ყველა საჭირო ტექნიკა. "მონიტორის" დამფუძნებელი ნინო ზურიაშვილი ამ ფაქტს მათ საქმიანობას უკავშირებს. შს საქმეთა სამინისტრო კი ძარცვის ვერსიაზე მუშაობს. სტუდია "მონიტორის" ერთ-ერთი ჟურნალისტის გიორგი მგელაძის თქმით, ტექნიკასთან ერთად წაღებულია საბუღალტრო დოკუმენტებიც. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით შს სამინისტროსთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გამოწვევა ახალი შს მინისტრისთვის: სტუდია "მონიტორი გაქურდეს.

"შევჩენკოს ქუჩაზე ჩვეულებრივი 3-ოთახიანი ბინა გვქონდა ნაქირავები, სადაც 2 კვირის წინ გადავედით. სადარბაზოს კარიც კი იკეტებოდა, ყველას თავისი გასაღები გვქონდა. დილით ოფისში მისულ თანამშრომლებს ოფისში შესასვლელი კარი დაზიანებული დაგხვდათ, ოთახში შესვლას ვერ ახერხებდნენ. ამიტომ, სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ოთახში შესულებს კი ყველაფერი გაძარცვული დახვდათ. ტექნიკის აბსოლუტური უმრავლესობაა წაღებული, "ფლეშკებიც" და მთელი საბუღალტრო დოკუმენტებიც კი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მგელაძე. სტუდია "მონიტორის" დამფუძნებელი ნინო ზურიაშვილის თქმით, წაღებულია ორი საკმაოდ ძვირადირებული კამერა, რითაც სტუდია ფუნქციონირებდა. თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად სტუდია მუშაობას არ შეწყვეტს", - აღნიშნავს გამოცემა.

"წაღებულია ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკა, რითაც ვარსებობდით - 2 კამერა, 2 სამონტაჟო და 5 ლეპტოპი. ხალხმა რითი უნდა იმუშაოს, ჩემამდე არ დადის. თუმცა, შევეცდებით რაღაცნაირად გავაგრძელოთ საქმიანობა. გარდა ამისა მინდა აღვნიშნო, რომ ისეთი ტექნიკაა წაღებული, რომელის ყველას არ აქვს და მხოლოდ ერთ ან ორ ორგანიზაციას თუ ექნება. ამის პოვნა პოლიციას, რომელიც სერიოზულად აკონტროლებს ქვეყანას, ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენ სამიანობას უკავშირდება და თუ გამოძიება გაიწელება, ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგები იქნება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ზურიაშვილი.

"მის მსგავსად, მედიაექსპერტი ია ანთაძეც "მონიტორის" გაძარცვას მათ საქმიანობას უკავშირებს. თუმცა იმედოვნებს, რომ ამ საქმით პირადად შს მინისტრი ბაჩო ახალაია დაინტერესდება - "100%-ით ეს უკავშირდება მათ ჟურნალისტურ საქმიანობას, იმიტომ, რომ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საგამოძიებო ფილმებზე მუშაობს. როცა ასე ძირფესვიანად იქურდება, შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ძარცვა და მათ მხოლოდ ნივთების მოპარვა აინტერესებდათ. მათთვის ძალიან სახიფათო იქნებოდა "მონიტორის" გაძარცვა. ცხადია, იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და ისე გაძარცვეს", - ამბობს ია ანთაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი "დიდი გამოწვევა იქნება ბაჩო ახალაიასთვის, რომელიც შინაგან საქმეთა ახალი მინისტრია" და იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა არის "ევროპაში ყველაზე უსაფრთხო და ა.შ. ახალაიას პირადი ღირსების საკითხი უნდა იყოს, რომ ქურდები დროულად იპოვნონ და ნაძარცვიც დააბრუნონ", - დასძენს გამოცემა.

"თუ ეს არ მოხდა და დავინახავთ, რომ პოლიცია ძალიან არაენერგიულად მოქმედებს და არ არის მოტივირებული, რომ ეს დანაშაული დროზე გახსნას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმეში თვითონ სახელმწიფო არის ჩარეული. და დაინტერესებული, რომ ჟურნალისტური გამოძიების პარალიზება მოეხდინა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ახალაიას უწყებაზე. თუმცა, რატომღაც, არა მგონია, რომ ახალაია დაინტერესდება ამ საკითხით პირადად", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ია ანთაძე.