"ეს უკვე აღარც პოლიტიკაა და აღარც პიარი, ეს მარაზმი და ისტერიკაა"
"ვანო მერაბიშვილის ჩამოცილება ძალოვანი სტრუქტურებისგან, ხოლო არმიისა და პოლიციის გადაბარება ჩლუნგი ჯალათებისათვის, ის ბოლო ზღვარია, რომელიც სააკაშვილმა გაავლო თავის უკიდურესად დავიწროებულ, ოდიოზურ გარემოცვასა და "ნაცმოძრაობის" შედარებით გაწონასწორებულ, შედარებით საღად მოაზროვნე ნაწილს შორის", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბარში ფონდ "ქომაგის" წევრმა, მწერალმა კოტე ჯანდიერმა, რომელთან საუბარი NDI-ს კვლევებით დავიწყეთ:
- როდესაც NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 43% ამბობს, საქართველოში დემოკრატია არ არისო (წინა კვლევისას ეს მაჩვენებელი 34% იყო), ეს რაზე მიგანიშნებთ?
- ერთადერთზე - თუ ჩატარდა მეტ-ნაკლებად თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია და ამას ლუის ნავარო ვერ უშველის. სააკაშვილმა იცის, რომ მასშტაბური გაყალბების გარეშე არჩევნებს ვერ მოიგებს, აშკარა გაყალბების შემთხვევაში კი დასავლეთისაგან ლეგიტიმაციას ვერ ეღირსება. მას ერთხელ წამოსცდა, ოპოზიცია ცდილობს, არჩევნებში ჩაგვითრიოსო. მისთვის იდეალური გამოსავალი იქნება, თუკი რაიმე მიზეზით (შინააშლილობა ან რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება) საჭირო გახდება არჩევნების გადადება გაურკვეველი დროით.
- ივანიშვილისთვის დაკისრებულ უზარმაზარ ჯარიმებს, ბანკ "ქართუსა" და "ქართუ ჯგუფის" აქციების აუქციონზე გატანას, ბანკში დროებითი მმართველის დანიშვნას საზოგადოების ნაწილში სოლიდარობის განცდა მოჰყვა, ამაზე არ ფიქრობს ხელისუფლება?
- მიზანი ორია: "ნაცმოძრაობას" სურს საარჩევნო კამპანია ივანიშვილისათვის მოპარული ფულით ჩაატაროს და მეორე - მოთმინება დააკარგვინოს "ქართულ ოცნებას", ქუჩაში გამოიყვანოს და შემდეგ 26 მაისის მსგავსი მეთოდებით გაუსწორდეს. თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ არჩევნები ისეთი სახიფათო აღარ იქნება; თუ ვითარება გამწვავდა, მაშინ, სავარაუდოდ, გამოიძებნება საბაბი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და არჩევნების გადადებისთვის.
- მერაბიშვილის გაპრემიერება და შს მინისტრად ბაჩო ახალაიასა და მისი ძმის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშვნა რას შეცვლის და რა შედეგს მოიტანს?
- როდესაც ქვეყნის პირველ პირს სხვა არგუმენტი აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ ავანსცენაზე ზნედაცემული სადისტები, მანიაკები და ბოროტმოქმედები გამოჰყავს, მე ამას აღვიქვამ როგორც რვაწლიანი ტრაგიკომიკური ფარსის ბოლო აქტს; ფარსისა, რომელსაც სახელმწიფოობანა, ომობანა და აღმშენებლობანა ერქვა. ახალაიები, ქარდავები და სხვა მისთანანი მისი ბოლო ფორპოსტი და თავშესაფარია. ეს უკვე აღარც პოლიტიკაა და აღარც პიარი, ეს მარაზმი და ისტერიკაა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო იულია ლატინინასა და სააკაშვილის სხვა "სტიპენდიანტებს" რუსეთსა თუ ევროპაში, - არმიისა და პოლიციის რეფორმები საქართველოში დასრულდა ადამიანის უფლებათა ცნობილ დამრღვევთა, პატიმრების მწამებელთა და არაერთი გახმაურებული მკვლელობის მონაწილეთა ბანდის მოსვლით თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე. Aარა მგონია, ნორმალურ ადამიანს "ნაცმოძრაობაში" გულს არ ურევდეს კაცისმკვლელ მინისტრებთან ერთ ნავში ჯდომის პერსპექტივა.
ახლა ჩვენ წინაშეა ერთი მუჭა ბოროტმოქმედებით გარშემორტყმული ტოქსიკური სააკაშვილი და, მეორე მხრივ, "ნაცმოძრაობის" დიდი ნაწილი, რომლისთვისაც გაცილებით კომფორტული და მისაღებია მერაბიშვილის ფიგურა ლიდერის პოზიციაზე, ვიდრე მარაზმატიკული, ისტერიკული ბელადის გვერდით დგომა.
დარწმუნებული ვარ, რამდენიმე სისხლის სამართლის დამნაშავის გარდა, არავინ აპირებს პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვეს სააკაშვილს.
- მაშინ, როცა ხელისუფლება ივანიშვილისთვის უარყოფით შეფასებებს არ იშურებს, ბიძინა ივანიშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთმანეთს დადებითად იხსენიებენ. ეს ერთგვარი ტაქტიკაა?
- არ ვიცი, რამდენად გულწრფელია მათი ურთიერთშეფასებები, მაგრამ მე, როგორც გარეშე მაყურებელს, მიჩნდება განცდა, რომ ამ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ლიდერებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სიძულვილის ენაზე ლაპარაკი და ძალადობა ქვეყნისთვის დამღუპველია. ამიტომაც ცდილობენ, მოვლენები პოლიტიკურ პროცესს არ გასცდეს და ქვეყანა არჩევნებამდე მეტ-ნაკლებად მშვიდად მივიდეს. ბიძინა ივანიშვილის ლიდერობა ეჭვს არ იწვევს. საფიქრალი ის არის, მოახერხებს თუ არა მერაბიშვილი სააკაშვილი-ახალაიების კრიმინალური დაჯგუფებისგან დისტანცირებას და "ნაცმოძრაობის" ლიდერად ჩამოყალიბებას. თუ ვერ შეძლო, ვშიშობ, რომ მოვლენები ქაოსურად, არაპროგნოზირებადი სცენარით წარიმართება.
- ის, რომ თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, მცხეთასა და გორში "ქართული ოცნების" აქციაზე ბევრი ხალხი მივიდა, ხომ არ გაზრდის ხელისუფლების გაღიზიანებას?
- ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მოსახლეობაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ მხედველობაში მივიღებთ სამსახურიდან მასობრივ დათხოვნებს და დაპატიმრებებს პოლიტიკური ნიშნით, შემწეობის მთხოვნელთა მრავალსაათიან დაკითხვებს პროკურატურაში, მოგელაძის უწყების თარეშსა და არანორმალური ოდენობის უკანონო ჯარიმებს, ჟურნალისტების დაუფარავ დევნას ტელეზონდერების მიერ, პატიმართა ოჯახის წევრების შანტაჟსა და დაშინებას, მანიაკურ ომს სატელევიზიო ანტენებთან, ცნობილი სადისტების დაწინაურებას და სხვ. ამის იქით მხოლოდ მასობრივი დახვრეტებია. ტოტალურ დახვრეტებს რკინის ფარდა, საბჭოთა კავშირის რესურსები და ლავრენტი ბერიას მასშტაბის ცივსისხლიანი მენეჯერი სჭირდება. სააკაშვილი კი მხოლოდ მეგის ქარდავასა და ახალაიების ამარაა დარჩენილი. ეს ყველაფერი გამოვლინდება პოლიციის სრულ უმოქმედობაში, ბადრი ბასიშვილის, ახალაიებისა და კიდევ სხვა, კარგად ცნობილ "მოღვაწეთა" ზონდერბრიგადებად წოდებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებების თარეშსა და ქაოსში, ალბათ, იმ გათვლით, რომ არეულობით დაღლილი მოსახლეობა დაჩოქილი შეევედრება სააკაშვილს, ოღონდ წესრიგი და საყვარელი პატრული დაგვიბრუნე და თუ გინდა, ყველანი ციხეებში ჩაგვსხიო.
არა მგონია, მერაბიშვილმა მოინდომოს ასეთ ვითარებაში ხელის გასვრა, მით უმეტეს, რომ აშკარად ცდილობს წარსული ცოდვების ჩამორეცხვას. ვინმემ შეიძლება გულუბრყვილოდ ჩამთვალოს, მაგრამ მჯერა, რომ არა სააკაშვილის მიერ პირადად ახალაიასთვის გამოწერილი ხელშეუხებლობის ქრიზობულა, გირგვლიანის საქმე სხვაგვარად წარიმართებოდა და სულ სხვა შედეგით დამთავრდებოდა, მათ შორის - თაკო სალაყაიასთვისაც.
ხალხს აღარაფერი დარჩა დასაკარგავი, საქართველოში არ დარჩა ოჯახი, რომლის რომელიმე წევრი, ნათესავი ან ახლობელი პატიმარი ან პრობაციონერი არ იყოს, არ არსებობს კაცი, ვისაც პირდაპირ ან ირიბად არ შეხებია უსამართლობა, ამიტომ აჩვენებს NDI-ს კვლევა, რომ ელექტორატის 75% არჩევნებზე მისვლას აპირებს. ეს მისი ბოლო შანსია და იმედია, ხელიდან არ გაუშვებს.