ბონდო ქურდაძე:

ბონდო ქურდაძე: "საქართველოსნაირ ქვეყანაში ცემა ჟურნალისტისთვის დიდი ჯილდოა"

გაზეთ "შანსის" რედაქტორი ბონდო ქურდაძე უკვე მესამე წელია, უცხოეთშია გადახვეწილი - ოჯახთან ერთად პარიზში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მან თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ღია საზოგადოება - "საქართველოსკენ". ბონდო ქურდაძე, რომელსაც პარიზში დავუკავშირდით, ემიგრაციაში წასვლის მიზეზებსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება: 

- როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლება შემარჩენდა ე.წ. საკნების აქციის მიმდინარეობისას ქუჩის გაზეთის გამოშვებას? ნაცებმა შემომითვალეს, თუ არ გაჩერდები, შენს ოჯახსა და შვილებს პრობლემები შეექმნებათო. ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს "პრობლემები" - იარაღის უკანონო ტარებაში, ნარკოტიკების შენახვაში დადანაშაულება... არადა, როგორ უნდა მოიქცეს კაცი, რომელმაც იცის, რომ არ ჰყავს ნარკომანი შვილი და მას 15 წელს უსჯიან?.. ასეთ შემთხვევაში გაქცევა არ მიმაჩნია სირცხვილად. წასვლამდე საქმის კურსში ჩავაყენე დათო მაღრაძე, თემურ შაშიაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, რეზო ესაძე, ქეთი დოლიძე და ჩემი მეგობარი ჟურნალისტები. მათი დახმარებით შვძელით მთელმა ოჯახმა ვიზების აღება, მაგრამ კეთილმა ხალხმა გამაფრთხილა, პრობლემები შეგექმნება აეროპორტშიო. ამიტომ გავაუქმე ვიზები და კიევში ჩავედი, 3 თვის განმავლობაში კიევთან ახლოს ჩვენს თანამემამულესთან ვცხოვრობდი, მაგრამ იქაც შემექმნა პრობლემა - უკრაინა სავსე იყო "მიშისტებით" და სასწრაფოდ უნდა დამეტოვებინა იქაურობა. შევიძინე გასაბერი ნავი, ჟილეტები, დავიქირავე მანქანა და ღამის 2 საათზე მდინარე ტისას მივადექი, უნგრეთის საზღვართან. წინ - ადიდებული მდინარე, უკან კი სააკაშვილის დიქტატორული ქვეყანა მელოდა. მე მდინარე ავირჩიე. ჯოჯოხეთი გავიარე სამ შვილთან ერთად - ნიჩბები გაგვიტყდა, მდინარემ გაგვიტაცა, ცურვით მიგვყავდა მე და ჩემს ბიჭს ნავი. ნერვიულობისაგან მარცხენა ხელი და ფეხი გამეთიშა, ნავს ჩამოვეკიდე, ვუყურებდი, როგორ მეღუპებოდა ოჯახი... არასოდეს დამავიწდება ჩემი შვილის ხმა - "მიწაა!" შემდეგ იყო ჭაობები, გაუვალი ტყე, ეკალ-ბარდები... რომ გვეგონა, სამშვიდობოს გავაღწიეთ, უნგრეთის მესაზღვრეებმა დაგვაკავეს და 4 თვე ციხეში გამოგვამწყვდიეს. ძლივს შევძელით საპყრობილედან თავის დაღწევა, შემდეგ ავსტრიაში ჩასვლა, იქიდან - იტალიაში, ბოლოს კი, საფრანგეთში, პარიზში ჩამოსვლა.

- ვიცით, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ხართ და პარიზში თქვენი ორგანიზებით გაიმართა ფართომასშტაბიანი აქცია...
- მე "ქართული ოცნების" კი არა, ქართული რეალობის მხარდამჭერი ვარ.
ორი არჩევანია: ან ხმა უნდა მისცე კაცს, რომელიც ქვეყნისთვის სახლიდან ეზიდებოდა და აშენებდა, ან ნაცხროვას, რომელიც ქვეყნიდან სახლში ეზიდებოდა და ანგრევდა. თეთრისა და შავის გარჩევა კი ქართველ კაცს არ ესწავლება.

- საქართველოში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სამთავრობო კარუსელი დატრიალდა.
- მიშას შეეშინდა, ვანო მერაბიშვილი ძალოვან სტრუქტურებთან ერთად "პარაშუტით" ივანიშვილის "ოცნებაში" არ დაშვებულიყო. ვანო საზრიანი კაცია, იცის, "პარაშუტი" როგორ გამოიყენოს.

- გინდათ თქვათ, რომ ახალაიებმა არ იციან "პარაშუტის გაშლა"?
- არ იციან! "პარაშუტისტობა" ჰაერში ფრენის ხელოვნებაა. ახალაიები კი ბლაგვი, ხისტი ჯარისკაცები არიან. მათ ისე გაისვარეს სისხლში ხელები, რომ თვითონვე მოიჭრეს უკან დასახევი გზა. მათი ხროვა მიშას ბოლო გაბრძოლებისთვის შემონახულ ბასტილიის ციხეს მაგონებს.

- აიღებს ბიძინა ივანიშვილი "ბასტილიას"?
- როგორ გგონიათ, მიშა მერაბიშვილის პრემიერობის შემდგომი ოთხწლიანი ვადისთვის იბრძოლებს? ის საჭირო დროს, დაახლოებით, სექტემბერში გადადგება და სათავეში ჩაუდგება "ნაციონალური მოძრაობის" სიას. მიშას აქვს ქარიზმა, ჰყავს "კარგი მოანგარიშე" იუსტიციის მინისტრი და, მიუხედავად იმისა, რომ მისი აღარავის სჯერა, შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას. მიშა თქვენ მართლა ისეთი გულუბრყვილო გგონიათ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში რამდენიმე თვეს იპრეზიდენტებს, დაიხურავს ქუდს და წავა? მიშას არაფრად უღირს რამდენიმეთვიანი პრეზიდენტობა, ის თვეები მას ჯოჯოხეთად გადაექცევა, ამიტომ აუცილებლად გადადგება და ამით შეეცდება, კიდევ ერთხელ შეიქმნას დემოკრატი პოლიტიკოსის იმიჯი დასავლეთში და მიიღოს მხარდაჭერა. პრეზიდენტის გადადგომას 40 დღის შემდეგ მოჰყვება საპრეზიდენტო არჩევნები. ოღონდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დახლოებით ორ კვირაში, ოპოზიცია აირევა, მღვრიე წყალში კი ნაცისტებს თევზის ჭერის დიდი გამოცდილება აქვთ. ფეხი თუ მაინც წაუბორძიკდათ, რჩებათ ბატკანივით მორჩილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე, რომელიც მათ მიერვე მოწყობილ პროვოკაციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად ჩათვლის და საჭირო შემთხვევაში კომენდანტის საათს გამოაცხადებს... ამ პირობებში, თუ არჩევნები ჩაიშლება, გამქცევები გაიქცევიან, დასაჭერებს კი დაიჭერენ. თუმცა ნუ გვავიწყდება, რომ მეორე მხარეს დგას მათზე არანაკლები მოთამაშე - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, ჯერჯერობით მიშისტებს მშრალი ანგარიშით ამარცხებს და ამ ფონზე იმის თქმა, რომ ბიძინა პოლიტიკოსი არ არის, ღიმილის მომგვრელია. ამ კაცს, ჩემი აზრით, ისიც აინტერესებს, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი. ივანიშვილი დიდი მოთამაშეა. პოლიტიკურ ავანსცენაზე მისი საჭადრაკო პოზიცია ასეთია: თეთრები იწყებენ და... იგებენ. ბუნებრივია, თეთრებში ბიძინას ვგულისხმობ. ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე არ ჩანდა დედოფალი, თუმცა ის უკვე გამოჩნდა...

- რომელ დედოფალზე ლაპარაკობთ?
- დედოფალში სალომე ზურაბიშვილს ვგულისხმობ. ახალი, ევროპული ქვეყნის შენებას ევროპული ინტელექტის, მენტალიტეტისა და განათლების არქიტექტორიც სჭირდება. სალომე ზურაბიშვილს არც ბიძა ჰყოლია "კა-გე-ბეს " გენერალი და არც "კა-გე-ბეს" ჯარში უმსახურია სააკაშვილივით. ვერც რუსულ ორიენტაციას დასწამებ, რადგან მისი ოჯახის ოთხი თაობა სწორედ რუსების გამო გაიზარდა ემიგრაციაში.

- ბოლო ხანს საქართველოში გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმა. ამაზე რას იტყვით?
- საქართველოსნაირ ქვეყანაში ჟურნალისტისთვის ცემა დიდი ჯილდოა, ესე იგი, პროფესიონალი ხარ. რატომ მიშიკოს ჟურნალისტებს არ სცემენ?

- როგორც ვიცი, თქვენ ჩამოაყალიბეთ მოძრაობა "საქართველოსკენ".''
- 27 მაისს, ჩვენი პირველი მანიფესტაციის დღეს, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე ჩამოვაყალიბეთ ღია საზოგადოება "საქართველოსკენ".

- შევიტყვე, რომ პარიზში ქართული გაზეთის გამოცემას აპირებთ.
- ჟურნალისტობა ჩემი პროფესიაა, გაზეთი - ჩემი სიგიჟე, უმისოდ დიდხანს ვერ გავძლებ. მინდა, გამოვცე მსოფლიოს ქართველ ემიგრანტთა ქართული გაზეთი "უცხო ცის ქვეშ". ქართველი ჟურნალისტების მოძებნა არ გამიჭირდება, საქართველოდან ბევრია გამოქცეული...

- როდის დაბრუნდებით საქართველოში?
- ჯერ ვერა. შევიტყვე, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში ქართველ ემიგრანტთა მოძრაობას. მინდა, მის გუნდში რიგითი ჯარისკაცი ვიყო. რაც შეეხება საქართველოს, ის სულ ჩემთან არის. ჩვენ ძალიან მალე და ძალიან ბევრნი დავბრუნდებით სამშობლოში!