"საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი დივერსიის ფაქტებზე რეაგირების მიზნით, გალის რაიონში სპეციალური შტაბი შეიქმნა - ამის შესახებ განცხადება თავად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა გააკეთა, რომელიც შტაბის შექმნას გალის რაიონში მდგომარეობის გართულებას უკავშირებს. შტაბს ხელმძღვანელობს ე.წ. უშიშროების სამსახურის მეთაური. ასევე შტაბის შემადგენლობაში შედიან ე.წ. შსს-ს რაიონული განყოფილების თანამშრომლები, რაიონის პროკურორი და დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟოს წარმომადგენლები", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გალში "საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ დივერსიებზე რეაგირების" შტაბი იქმნება / "ანქვაბს არ უნდა, რომ გალის მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში".
"ეს ბრძოლისუნარიანი, გაწვრთნილი და ძლიერი დანაყოფია, რომელიც მზად იქნება ქართული მხარის ბევრი გამოწვევის საპასუხოდ. გალის რაიონში მდგომარეობა ყოველთვის რთული იყო, ჩვენი ენგურსგაღმელი მეზობლები ცდილობენ, მდგომარეობა აქ ისევ გაუარესდეს. ყველა აქცია, რაც სასაზღვრო რაიონში ეწყობა, წინასწარ დაგეგმილია. ეს დაშინების აქციაა, რათა ეშინოდეს ხელისუფლებასაც და მოსახლეობასაც. ჩვენ მათ ადეკვატური ზომებით ვუპასუხებთ", - აცხადებს ანქვაბი და იქვე დასძენს, რომ საზღვრის მთელ სიგრძეზე განისაზღვრა რამდენიმე გამშვები პუნქტი და მესაზღვრეები დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მოქალაქეებს გაატარებენ. მისი თქმით, ვინც საზღვრის სხვა ადგილას გადაკვეთას შეეცდება, "სახელმწიფო საზღვრის" დამრღვევად ჩაითვლება და მის მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი იქნება გამოყენებული. რეალურად რას უკავშირდება ანქვაბის ეს განცხადება და მაინცდამაინც ახლა რატომ შეიქმნა სპეციალური შტაბი - "რეზონანსი " ქართველ პოლიტოლოგებს ესაუბრა", - აღნიშნავს გამოცემა.
"პირველ რიგში, ანქვაბს არ სურს, რომ გალის მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს დაანახვოს, რომ საარჩევნოდ ვითარება საქართველოში დაიძაბება და მოსახლეობის დაცვის მიზნით ყველაფერს აკეთებს. ეს არის ანქვაბის გამოსვლის მთავარი ლაიტმოტივი. თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც. კერძოდ, შიდა დაპირისპირება, გაუსაძლისი კრიმინოგენული და სოციალური ვითარება - ანქვაბი ცდილობს, ყურადღება შიდა პრობლემებიდან გარე ფაქტორებზე გადაიტანოს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანზორ წოწონავა.
"სპეციალური შტაბის შექმნაში იგულისხმება ის, რომ საქართველოში იგეგმება მორიგი საპარლამენტო არჩევნები. სამწუხაროდ, აფხაზებს მწარე გამოცდილება აქვთ - 2008 წლის არჩევნების დროს ხურჩაში ორი ავტობუსი დაიწვა და მთელი სახელისუფლებო ტელევიზიები გადასცემდნენ, რომ ეს ავტობუსები დაიწვა იმის გამო, რომ ქართველი ამომრჩეველი გალიდან ზუგდიდში გადმოდიოდა. შემდეგ მოეწყო ჟურნალისტური გამოძიება და მკაფიოდ დამტკიცდა, რომ დამწვარი იყო საქართველოს სპეცსამსახურის ავტობუსები, რათა ყურადღება გადაეტანათ. ანუ აფხაზურ მხარესა და ქართულ საზოგადოებას მწარე გამოცდილება აქვს და იციან, რამდენად ავანტიურისტი ხელისუფლება გვყავს სააკაშვილის სახით, ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ყურადღების გადატანის მიზნით, მსგავსი ქმედება კვლავ განხორციელდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
"გარდა ამისა, არის მეორე ფაქტორიც. 2008 წლის შემდეგ თითქმის ოთხი წელიწადი გავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში კრიმინოგენული ვითარება გალში საკმაოდ სტაბილური იყო. 2012 წელს ამ მხრივ ვითარება გალში საკმაოდ დაიძაბა, ნახევარ წელიწადში რვა მკვლელობა მოხდა და აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა, არჩევნების დროს ვითარება გაამკაცროს. ამას ემატება ოლიმპიადა, ანუ შესაძლოა ეს ოლიმპიადის გამართვის კონტექსტიც იყოს. ფიქრობენ, თუ ახლა გაამკაცრებენ, ასე გაგრძელდება ოლიმპიადამდე. რაც შეეხება იმას, რომ შტაბის შექმნა შესაძლოა შიდა პრობლემებს უკავშირდებოდეს, ანქვაბი სიტუაციას სრულად აკონტროლებს, მას არ ჰყავს ძლიერი ოპოზიცია. აშკარად პროცესებს მართავს ისე, როგორც სურს. დააპატიმრა ტერაქტების მომწყობები, შიდა პრობლემები ნაკლებად აქვს, უბრალოდ მას სურს შექმნას განწყობა, რომ საზოგადოება დაცულია ნებისმიერი საფრთხისგან", - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.