განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს ფიზიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი მეცნიერ-თანამშრომელი, "ქართული აკადემიის" წევრი გელა დოლიძე გამოხატავს.
- თქვენი აზრით, იქონიებს თუ არა გავლენას ეროვნული გამოცდების მიმდინარეობასა და შედეგებზე გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები? კულუარული ინფორმაციით, ტესტის გამსწორებლებს აჩქარებენ, უნდათ, წელს გამოცდების შედეგები შარშანდელზე ადრე გამოქვეყნდეს...
- გამოცდების მიმდინარეობა ტექნიკური პროცესია და არა მგონია, ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდეს. ცენტრი საგნობრივი ჯგუფების არაერთმა წარმომადგენელმა დატოვა და როცა ორგანიზაციიდან მაღალკვალიფიციური კადრები მიდიან, ცხადია, ეს მისი მუშაობის შედეგზე აისახება... რაც შეეხება ვადებს, წელს მეორადი ჩარიცხვები აღარ არის, ამიტომ აგვისტოს ბოლოს ისედაც ყველაფერი ცნობილი გახდება, რაც ცენტრის ახალი ხელმძღვანელობის დამსახურება ნამდვილად არ იქნება. ამასთანავე, გამოცდების ეროვნულ ცენტრს ადრე გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ერქვა, რაც საერთაშორისო შეფასებით სისტემაში მონაწილეობას გულისხმობდა. ამ სისტემით, 100-მდე ქვეყანაში მოსწავლეთა ცოდნას აფასებდნენ მშობლიურ ენასა და მათემატიკაში. მაგრამ სიტყვა "შეფასება" მას შემდეგ გააქრეს, რაც გამოაშკარავდა, რომ ამ მაჩვენებლებით საქართველოში სწავლა-სწავლების დონე უარესდებოდა.
- მისაღები გამოცდების ახალ, 8++1 სისტემაზე გადასვლა განათლების სფეროში შექმნილ ვითარებას შეცვლის?
- პრინციპულად გაუმართლებლად მიმაჩნია, სასკოლო გამოცდებმა მისაღები გამოცდის ფუნქცია შეითავსოს. საატესტატო გამოცდას სულ სხვა მიზანი აქვს - სიმწიფის ატესტატის აღება. სრულიად სხვაა სტუდენტის შერჩევა უმაღლესი სასწავლებლისთვის. ამიტომ საბოლოო ჯამში, რაც უნდა დაარქვან, ეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იქნება. კომპიუტერული სისტემით ჩატარებული გამოცდები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ "რეფორმის" შედეგად უმაღლესი სასწავლებლის კონტინგენტი კიდევ უფრო დაბალი კვალიფიკაციისა იქნება, ვიდრე დღეს არის.
- გავრცელებული ინფორმაციით, შეიცვლება გრანტების გაცემის პრინციპიც და ის ზოგად უნარებში მიღებული ქულით განისაზღვრება...
- ამგვარი სისტემა მთელი ხუთი წლის განმავლობაში მოქმედებდა, 2009 წლამდე, ასე რომ, აქ ახალი არაფერია, მთავარი ის არის, რომ კომპიუტერზე, "კატ"-ის სისტემით ჩატარებული გამოცდები მარტივია, თანაც, საკითხები მეორდება და სიის ბოლოში მყოფი მოსწავლეები სხვებზე უკეთეს მდგომარეობაში არიან, მათ უკვე ყველა კითხვაზე პასუხი იციან. ის კი არა, "ფეისბუქში" გახსნილია გვერდი "მე აბიტურიენტი ვარ", სადაც ამ ტესტების პასუხებია დადებული.. საერთოდ, ზოგადი უნარების გამოცდის პრინციპული წინააღმდეგი ვარ, ეს არაფრის მომცემი გამოცდაა. საგნობრივი მისაღები გამოცდები კი არ უნდა გაუქმდეს.
- პრეზიდენტმა მომავალი წლიდან სკოლაში უნარების სწავლებაზეც ისაუბრა, რადგან არ შეიძლება ბარდებოდეს გამოცდა საგანში, რაც სკოლაში არ ისწავლება...
- სკოლა, სასწავლო დაწესებულება ამდენ რყევას ვერ იტანს. სწავლის ხარისხს აუარესებს ისიც, რომ მასწავლებელი სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას; პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, ვერ გამოდგება მათი კვალიფიკაციის შესამოწმებლად, უნდა შეიქმნას მეთოდოლოგიური კაბინეტები და არა მასწავლებლის სახლი ქვეყნის დასალიერში. დღევანდელ სკოლაში ყველაზე დაბალი ღობე მასწავლებელია, დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მას შრომითი ხელშეკრულება, ანუ გაათავისუფლოს. პედაგოგი დაუცველია მანდატურისა და მოსწავლის წინაშეც კი... არადა, განათლების სისტემაში სწორედ მასწავლებელია საკვანძო ფიგურა. რაზე შეიძლება ლაპარაკი ქვეყანაში, სადაც ნაგვის მანქანის მძღოლის ხელფასი 600 ლარია, პედაგოგის საშუალო ხელფასი კი - 300 ლარი! სამინისტროს მიზანი პედაგოგისთვის გაუგებარი "კომფორტის" შექმნა კი არ უნდა იყოს, რომელზეც განათლების მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საუბრობდა, არამედ მისი როლის ამაღლება, მან მოსწავლისთვის ცოდნის გადაცემა რომ შეძლოს.. დღეს კი სავალალო მდგომარეობაა, განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო საგნებში; მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის საატესტატო გამოცდა ქიმიაში ყველამ ჩააბარა, მოსწავლეთა 60-70%-მა არ იცის, რა არის ვალენტობა. ამასთანავე, რეფორმის საწყის ეტაპზე, ეროვნული სასწავლო გეგმით, კლასში 20 მოსწავლე უნდა ყოფილიყო, გამონაკლის შემთხვევაში 25 ბავშვი იყო დასაშვები, მერე ეს რიცხვი თანდათან გაიზარდა და დღეს ერთ კლასში 30 ბავშვამდე ნორმაა და 35 კი - დასაშვები, ანუ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, განათლებაზე რაც შეიძლება ნაკლები ფული დახარჯოს.
- თუმცა, განათლების სამინისტროს თავკაცები აცხადებენ, რომ გამოცდების ახალი სისტემა სწორედ სწავლა-სწავლების დონეს აამაღლებს...
- წლების წინ, მოსწავლეს, რომელმაც წლიური სასწავლო პროგრამა ვერ აითვისა, კლასში ტოვებდნენ, ახლა კი ამგვარი რამ არ ხდება. ზოგიერთი უფროსკლასელი დამარცვლით კითხულობს და გამრავლების ტაბულა, მესამე კლასის პროგრამა არ იცის?!
- განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ წელს კიდევ უფრო გაიზარდა კონკურსი საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ მიმართულებებზე, ფაკულტეტებზე...
- სამწუხაროდ, აბიტურიენტების უმრავლესობა ამ ფაკულტეტებს უპირატესობას მეტი საგრანტო დაფინანსების გამო ანიჭებს და არა საბუნებისმეტყველო მეცნიერებისაკენ მიდრეკილების გამო. განა რაიმე შეიცვალა ქვეყანაში ტექნიკური, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თვალსაზრისით? უკეთესი სახელმძღვანელოები გამოვიდა თუ მეტი საათი ეთმობა ამ საგნებს? მაგალითად, სკოლაში მათემატიკისთვის გამოყოფილი სასწავლო საათების რაოდენობა 20 პროცენტით შემცირდა, ფიზიკისა - თითქმის განახევრდა, ქიმიისა და ბიოლოგიის გაკვეთილების რაოდენობაც 40-40 პროცენტით შემცირდა..
- რამდენიმე დღეს წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა: მინისტრის, ხატია დეკანოიძის პირველ მოადგილედ შოთა ნიჟარაძე დაინიშნა, მოადგილეებად - გიორგი ჩახნაშვილი, ირინა ქურდაძე...
- შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. თვითონ ხატია დეკანოიძე ახალგაზრდა პოლიციელია, თუმცა, არა მგონია, პოლიციის აკადემიის საუკეთესო ხელმძღვანელი ყოფილიყო, ვიცი, როგორ პოლიციელებსა და მანდატურებს უშვებს ის აკადემია... რა იცის იურისტმა ხატია დეკანოიძემ განათლების სისტემაზე, თავისი წინამორბედის, შაშკინის მსგავსად, დაზუთხული რამდენიმე ფრაზის გარდა? ამათ ფრაზები მაინც ისწავლეს, სეფერთელაძე კი, რომელიც ახლა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დააწინაურეს, მხოლოდ ერთი სიტყვის "კომფორტის" გარშემო ტრიალებდა. არადა, განათლების რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სოციალური რეფორმაა. განათლების რეფორმის მე-7 წელს მრავლისმეტყველია თუნდაც ერთი ფაქტი: 2005 წელს საქართველოს სასკოლო ნაკრებმა საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე მეორე ადგილი აიღო, წლევანდელ ნაკრებს კი შესარჩევი ეტაპის გადალახვა გაუჭირდა. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ განათლების თუ სხვა სამინისტროების პირველი პირები პროფესიონალები არ არიან...
- თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების აზრით, ისინი წარმატებული მენეჯერები არიან და რომ დასავლეთში კადრებისადმი სწორედ ამგვარი მიდგომაა...
- მათ მთავარი ავიწყდებათ - ევროპაში იცვლებიან მხოლოდ პოლიტიკოსები, სამინისტროს პირველი პირები, მთელი შტატი კი უცვლელი რჩება, იქ თავის გუნდთან (თითქოს, ფეხბურთის გუნდი იყოს) ერთად სამინისტროდან სამინისტროში არავინ დახეტიალობს. ამის დასტურია თუნდაც შაშკინის მიერ საკუთარი გუნდის წევრების ახლა თავდაცვის სამინისტროში "გადამისამართება", მის ერთ-ერთ მოადგილედ კი დათა ახალაიას დანიშვნა. ქვეყნის მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ახალგაზრობის დიდი ნაწილი, უპერსპექტივობის გამო უცხოეთში მიდის სწავლის გასაგრძელელად თუ სამუშაოს საძებნელად, რაში იხარჯება სახელმწიფოს ფული? ვფიქრობ, მომავალი განათლების სისტემის მთავარი სლოგანი, ანუ დედააზრი გიორგი ჭალადიდელის ცნობილი სტრიქონები უნდა იყოს: "მუდამ გახსოვდეს, რომ შენი ცოდნა, შენსა ქვეყანას გამოადგება". საქართველოში ორი წლის წინ მასწავლებელთა რიცხვი 96 ათასი იყო, თანდათან კი 60 ათასამდე დაიყვანეს... ახლა ჯერჯერობით თავს იკავებენ, არჩევნების შემდეგ კი, გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგების, სულ ცოტა, 20 პროცენტის დაითხოვნას გეგმავენ.
- პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბათუმში უახლოეს მომავალში ამოქმედდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რაც ქვეყნის ეკონომიკას ააღორძინებს...
- ეს განცხადება სააკაშვილმა კიდევ უფრო ხმამაღლა გაიმეორა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის მიტინგზე ამ ქალაქში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების პერსპექტივაზე ისაუბრა. საერთოდ კი, ტექნიკურ უნივერსიტეტს ძვირად ღირებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სჭირდება, რაც, მეტ-ნაკლებად თბილისში უკვე არსებობს, ხოლო ახალი უნივერსიტეტის მშენებლობის ფუფუნება საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანას ჯერჯერობით არა აქვს. ასე რომ, სწავლების ამერიკული სისტემისადმი ბრმა მიმბაძველობამ კატასტროფული შედეგი გამოიღო - დღეს ქართული სკოლა ამერიკის საჯარო სკოლის, ე.წ. "ფაბლიქ სქულის" დონეზეც არ არის - განათლების რეფორმის მეშვიდე წელს მისი სრული კრახი დადასტურდა.