"ხელისუფლება უარს ეტყვის თუ დათანხმდება ივანიშვილის ამ შეთავაზებას, მაინც წამგებიან პოზიციაში იქნება, რადგან თამაშის ის წესები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, თავად ხელისუფლების შექმნილია", - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ივანიშვილის იმ შეთავაზების კომენტარისას, რომლის თანახმად ის ხელისუფლებას სთავაზობს, რომ 10 მილიონ ლარს გადარიცხავს სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად. ხელისუფლება კი ჯერჯერობით კონკრეტულ პასუხს ვერ ამბობს და ცდილობს, რომ ეს შეთავაზება "პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობად" შეაფასოს.
სტიქიით დაზარალებულების დახმარების შესახებ განცხადება პირველად "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ხუთშაბათს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და განაცხადა, რომ ივანიშვილი მზად არის, ჩაერთოს სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრაში.
ამ შეთავაზებას ხელისუფლების მხრიდან არანაირი პასუხი არ მოჰყოლია. მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ "რეზონანსის" შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ამ თემაზე პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებდა და ივანიშვილს ურჩია, მერაბიშვილისთვის მიემართა.
"მე ამაზე პოლიტიკურ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია ბატონი ივანიშვილისგან შეფასება, რომ ვანო მერაბიშვილი კარგი მენეჯერია, შეუძლია დაუკავშირდეს ბატონ მერაბიშვილს და თვითონ შეთანხმდებიან, თუ არსებობს რაიმე ფორმა, რა ფორმითაც ბატონი ივანიშვილი მონაწილეობას მიიღებს შტაბის მუშაობაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ "ისე, შტაბი, ზოგადად იქმნება მთავრობის და მინისტრების მონაწილეობით. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ვანო იმდენად კარგი მენეჯერია, რომ სურვილის შემთხვევაში რაღაცაზე მოლაპარაკებას შეძლებენ. პოლიტიკურ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ."
გუშინ კი მაია ფანჯიკიძემ ივანიშვილის სახელით საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც უკვე კონკრეტულ ქმედებაზეა საუბარი.
"ძალიან განვიცდი იმ უბედურებას, რომელიც სტიქიის შედეგად თავს დაატყდა ჩვენს თანამოქალაქეებს კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და სხვა რეგიონებში. ასეთ დროს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ვალია თანადგომის და სოლიდარობის ხელი გავუწოდოთ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს.
"პრეზიდენტი და მთავრობა, რომლებმაც უაზროდ გაფლანგეს ამგვარი ვითარებისთვის შექმნილი 100 მილიონიანი სარეზერვო ფონდები, გეგმავენ მიყენებული ზარალის მხოლოდ ნაწილობრივ კომპენსაციას და სრულად დაკარგული მოსავლისათვის მაქსიმუმ 1 500 ლარის გამოყოფას. ეს მაშინ, როდესაც ყოველი ოჯახისათვის სტიქიით მიყენებული ზარალი ხშირად რამდენჯერმე აღემატება ამ თანხას.
"ყველასთვის კარგად ცნობილი გარემოებების გამო მე არ მაქვს შესაძლებლობა პირადად დავეხმარო სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ათასობით ადამიანს - ხელისუფლება მედიკამენტების მიწოდებასაც კი ამომრჩევლის მოსყიდვად ჩამითვლის. ამასთანავე, ხელისუფლებამ მე სრულიად უკანონოდ დამაკისრა ათეულობით მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ და ასევე უკანონო გზებით ცდილობს სხვისი ქონების ხარჯზე ამ თანხების ამოღებას.
"შექმნილ ვითარებაში მე მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება.
"შედეგად, მთავრობას უჩნდება ბიუჯეტით დაუგეგმავი დამატებითი სახსრები, რომლითაც მას შეუძლია ყოველ ოჯახს სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი, იქნება ეს დაკარგული მოსავალი, დახოცილი პირუტყვი, თუ დაზიანებული კარ-მიდამო.
"იმისათვის, რომ მთავრობამ საბიუჯეტო სახსრებით დროული, სამართლიანი და ეფექტური დახმარება აღმოუჩინოს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, საჭირო იქნება საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესება თითოეული ოჯახისთვის მიყენებული ზარალის ობიექტურ შეფასებასა და მის დროულ და სრულ ანაზღაურებაზე", - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში. ხელისუფლების მხრიდან კი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ კეთდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მას ივანიშვილის გულწრფელ სურვილებში ეჭვი ეპარება.
მისი შეფასებით, თუ ივანიშვილის შეთავაზება მისი პოლიტიკური სპეკულაციისა და კანონის დარღვევის გზით ქულების დაწერის საქმეა, კარგი არ არის.
"ასეთ თემაზე საუბარი, როდესაც სტიქიით ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა, საარჩევნო პერიოდში შეიძლება იყოს მთავრობასთან თანამშრომლობაზე და ამ კუთხით მონაწილეობაზე. მაგრამ ეს რამდენად ხელეწიფება ივანიშვილს, არ ვიცი და რამდენად არის ეს მისი სურვილი. თუ ეს ყველაფერი მისი პოლიტიკური სპეკულაციისა და კანონის დარღვევის გზით ქულების დაწერის საქმეა, კარგი არ არის და უკანონოა", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, სტიქიის დროს, ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის მილიარდელებსაც შეიძლება გაუჩნდეს უანგარო სურვილები.
"არსებობს სამთავრობო შტაბი, რომელიც შექმნილია სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციაზე და მას დაელაპარაკოს. მაგრამ ამის ირგვლივ, რაღაც განცხადებები, აჟიოტაჟები და ქალბატონ მაია ფანჯიკიძის გამოსვლები, რაღაც სხვას მაფიქრებინებს", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ფანჯიკიძის განსასაზღვრელი არ არის, როგორ მოქმედებს საბიუჯეტო კანონი საქართველოში, სასამართლო როგორ იღებს გადაწყვეტილებებს და ჯარიმები სად და როგორ მიემართება.
"ანუ, ჯარიმების თემით სპეკულირება არც თუ მაინცდამაინც სუფთა პოლიტიკური თამაშია, ჯარიმები ჯარიმებია და ქველმოქმედება - ქველმოქმედებაა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას.
პრემიერ-მინისტრის აპარატში კი ამ თემაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ვაჭრობად შეფასება ღიმილის მომგვრელია.
"დარჩიაშვილმა უკეთესად იცის, რა არის პოლიტიკური ვაჭრობა, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც მან ანალოგიური ნაბიჯები გადადგა, წააწყდა ხელისუფლების მხრიდან სადამსჯელო ქმედებებს. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამ ინიციატივაზე ხელისუფლებასთან უნდა დაიწყოს დიალოგი. რაც შეეხება იმას, ეს მოსყიდვა არის თუ არა, ეს ღიმილის მომგვრელია იმიტომ, რომ ადამიანს ერთ მილიარდზე მეტი აქვს უკვე დახარჯული და ახლა ამ ნაბიჯის მოსყიდვად შეფასება უფრო დაწვრილმანებული მოვლენაა," - ამბობს საყვარელიძე და აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილმა სააკაშვილს უკან დასახევი გზა არ დაუტოვა.
"ხელისუფლება უარს ეტყვის თუ დათანხმდება, ცხადია, ორივე შემთხვევაში წამგებიან პოზიციაში იქნება. ამიტომ ხელისუფლებამ არ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ თავად აღმოჩნდეს ხოლმე წამგებიან პოზიციაში. თამაშის ეს წესი ხელისუფლებამ შექმნა და ამის შედეგია ეს მდგომარეობა," - ამბობს საყვარელიძე.