ვინ უფრო მეტ

ვინ უფრო მეტ "მკვდარ სულს" იპოვის

ამომრჩეველთა სიების დაზუსტება დასასრულს უახლოვდება. "ამომრჩეველთა ლიგამ" ალტერნატიული კარდაკარის სამუშაოების 85% უკვე დაასრულა. რის შედეგადაც დაფიქსირდა, რომ თბილისში უზუსტობა 17-22%-ია, ზუგდიდში კი, 18-19%. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის პირველადი მონაცემბით კი, სიებში უზუსტობა 25-26%-ია, თუმცა დაზუსტებული სიების საბოლოო ვარიანტი 1 აგვისტოს გამოქვეყნდება.

"ამომრჩეველთა ლიგის" ხელმძღვანელის თქმით: თბილისში სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 782 181-ია. აქედან აღწერილია 616 906, აღწერილთაგან გარდაცვლილია - 4386, უცხოეთში იმყოფება - 34 499, დაუდგენელია - 85 445, მისამართი არ იძებნება - 17 909, სიაში არ არის - 7 906, სულ უზუსტობა თბილისში 132 236-ს შეადგენს, რომელიც 17%-დან 22%-მდე მერყეობს.

რაც შეეხება ზუგდიდს, სიაში ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობა 47 256-ს შეადგენს, აქედან აღწერილია - 42 380, გარდაცვლილია - 318, უცხოეთში იმყოფება - 1 046, დაუდგენელია - 6 311, მისამართი არ იძებნება - 1 446, სიაში არ არის - 704, სულ უზუსტობა - 8 442-ს შეადგენს, რომელიც 18%-დან 19%-მდე მერყობს".

მისივე თქმით, მათ მიერ გადამოწმებული სიების საბოლოო მონაცემებს 10 დღეში შემაჯამებელ ბრიფინგზე გამოაქვეყნებენ, ამის შემდეგ კი, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ კამპანიას დაიწყებენ.

"შესაბამისი ინიციატივებით გამოვალთ და კამპანიებს დავიწყებთ, რომლებიც არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული. არ ველოდებით, რომ ხელისუფლება რაიმე რადიკალურ ცვლილებებს შეიტანს ამომრჩეველთა სიაში, თუმცა ჩვენ შედეგებს ყველა შესაბამის ინსტანციას გადავუგზავნით, ვინც ვალდებულია აღნიშნულზე რეაგირება მოახდინოს", - აცხადებს გუნცაძე. როგორც მან "რეზონანსს" უთხრა, "ამომრჩეველთა ლიგის" სიებში იდენტიფიკაცია გვარობრივად მოხდა.

"ამის მიხედვით გადავამოწმეთ რამდენი დაუდგენელი პირია თბილისსა და ზუგდიდში, რამდენია უცხოეთში წასული და რამდენია გარდაცვლილი. ეს კატეგორიები ჯამში გაყალბების საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამას იყენებს ხელისუფლება კარუსელისთვის, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებისთვის და ა.შ. თუ სიებში არაფერი შეიცვალა, არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს", - აცხადებს გუნცაძე.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი უზუსტობა დაუდგენელი პირების კატეგორიაშია.

"ყველაზე მეტი უზუსტობა დაუდგენელი პირების ე.წ. მიწერილების კატეგორიაში ჭარბობს. მონაცემებში ყველაზე დაბალი კი, უცხოეთში გამგზავრებულების რაოდენობაა. ეს დაახლოებით 5-6%-ია. ესეც იმიტომ, რომ ოჯახების 20%-თან კონტაქტი არ მყარდება. როდესაც ამ მისამართებზე გადასამოწმებლად მიდიან, ადგილზე არავინ ხვდებათ, ასე ხდება მეორე შემთხვევაშიც. ამასთანავე, მეზობლებსაც არა აქვთ ამ ოჯახების შესახებ ინფორმაცია. ამიტომ მეორე ეტაპზე დაუდგენელი პირების საცხოვრებელი ადგილების დადგენას შესაბამისი ინსტანციისგან მოვითხოვთ", - ამბობს გუნცაძე.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია კი "ამომრჩეველთა ლიგას" მის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც მამუკა კაციტაძე ამბობს, "ეს ორგანიზაცია პროფესიონალ მატყუარად ჩამოყალიბდა".

"ამომრჩეველთა ლიგა" ძველი სიის უზუსტობებით მანიპულირებს, რომლის აღმოსაფხვრელადაც ჩვენი კომისია შეიქმნა. ჩვენ პირველადი მონაცემებით ვამბობთ, რომ ცდომილება არა 17-22%, არამედ 25-26%-ია. აქედან გამომდინარე, "ამომრჩეველთა ლიგის" ცდომილების ჩარჩო არასწორია.

"ის სია, რომელიც გუნცაძის ორგანიზაციას გადავეცით, პირველადი იყო და ჩვენ მიერ არ იყო გადამოწმებული. ამაშია სწორედ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. გუნცაძეს უნდა ეს ინფორმაცია გაყიდოს, თითქოს მათთვის გადაცემული სია ჩვენგან უკვე შემოწმებული იყო და მასში აღმოაჩინეს 17-22%-მდე უზუსტობა, რაც ტყუილია.

"ვფიქრობ, უნდა ხვდებოდეთ, სად მალავს "ლიგა" ძაღლის თავს, მაგრამ ეს თავი უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი", - ამბობს კაციტაძე.

კაციტაძის პასუხად გუნცაძე აცხადებს, რომ "ის ციფრები, რომელიც ამომრჩეველთა სიების უზრუნველყოფის კომისიამ დაასახელა - 25-26% - იმ ციფრებს არ შეესაბამება, რომელიც 3 თვის წინ გამოაქვეყნეს.

"კაციტაძე თავისივე გამოქვეყნებულ სიებს ეწინააღმდეგება, ამ ციფრებში აქვს უზუსტობები, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. მის საბოლოო მონაცემებს დაველოდებით. საინტერესოა, როგორ ეყოლება გვარობრივად იდენტიფიცირებული კატეგორიები, რამდენად ჩაასწორებენ მონაცემებს და ა.შ. ამის შემდეგ გამოვაცხადებთ მათი სიის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას, თუმცა ამ სიის მიმართ ჯერჯერობით ნდობა არა გვაქვს", - აცხადებს გუნცაძე.

მამუკა კაციტაძის კომისიის პირველადი მონაცემებით კი, უზუსტობა სამ ძირითად კატეგორიაში გამოვლინდა.

"გარდაცვლილები, რომლებიც ჩარჩენილები იყვნენ ძველ სიაში, არის დაახლოებით 17 ათასის ფარგლებში, უცხოეთში გასულები - 300 ათასზე მეტი და დაუდგენელი პიროვნებები - ე.წ. მიწერილები, რომლებიც ასევე ჩვენ აღვნიშნეთ და გამოვაცალკევეთ ამომრჩეველთა სიიდან - არის 135 ათასის ფარგლებში. უფრო ზუსტ მონაცემებს კი 1 აგვისტოსთვის დავდებთ", - უთხრა "რეზონანსს" კაციტაძემ.

ამასთან კაციტაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომისია დამატებით უზუსტობებს აღმოაჩენს, ისინი მზად არიან მონაცემები გადაამოწმონ.

"თუ დამატებით უზუსტობებს აღმოაჩენენ ჩვენ მიერ დადებულ სიაში, მაშინ, რა თქმა უნდა, შევამოწმებთ მათ ახალ გარემოებებს, ციფრებს, მათი აზრით ახალ უზუსტობებს და შესაბამისი საფუძვლების გადამოწმების შემთხვევაში, ვდებ პირობას, რომ ამას ამომრჩეველთა სიაში ავსახავთ.

"100%-ინი სიზუსტის ილუზია არასდროს გვქონია. ბუნებრივია, მათი ძალისხმევა დაემატება ჩვენი კომისიის ძალისხმევას და საერთო შედეგს გამოადგება. ხოლო თუ მათ მიერ გადამოწმებულ მონაცემებს არ მოგვაწოდებენ, ბუნებრივია, კითხვის ნიშანები გაჩნდება - მაშინ რისთვის შრომობდა ეს კომისია? რისთვის ატარებდა ე.წ. პარალელურ "კარდაკარებს", თუ მათ მიერ აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა არ ჰქონდათ მიზნად დასახული?

"სავარაუდო პასუხი მხოლოდ ერთია - შესაძლოა, მათი ეს ძალისხმევა მიზნად ისახავდა ჩვენი კომისიის დისკრედიტაციას და მისი შედეგების გაკრიტიკებას და შემდგომ ამ პროცესების ესკალირებას", - გვითხრა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიების უზრუნველყოფის კომისია საბოლოო მონაცემებს 1 აგვისტოს გამოაქვეყნებს, დაახლოებით ამ დროისთვის გახდება ცნობილი "ამომრჩეველთა ლიგის" მიერ გადამოწმებული სიების საბოლოო მონაცემებიც.