"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი ფარესიშვილი დაახლოებით ორი კვირის წინ საქართველოდან გადაიხვეწა და ახლა თავს ბელორუსს აფარებს.
ახალგაზრდა ოპოზიციონერმა სამშობლოს დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა კუდის თანამშრომლები მის გადაბირებას შეეცადნენ...
- ქუთაისში კოალიცია "ქართული ოცნების" აქციის შემდეგ, 11 ივლისს, თბილისში, დიღომში, დამხვდნენ კუდის წარმომადგენლები, ვინმე გიორგი და ლადო, რომლებმაც შემომთავაზეს მათთან "თანამშრომლობა". ეს შეხვედრა ჩემთვის მოულოდნელი იყო, ეტყობა, იცოდნენ ჩემი გადაადგილების მარშრუტი. მათ მეგობრული და მშვიდი ტონით განმიცხადეს, "ქართულ ოცნებაში" პოზიციები უნდა გაიმყარო, უფრო წინ წაიწიო და რასაც დაგავალებთ, უნდა გააკეთო, სამაგიეროდ, გექნება დიდი ხელფასი და კარგ პირობებს შეგიქმნითო. მე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ვიყავი, ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე პარტიიდან შემომთავაზეს გადავსულიყავი პარტია "ქართულ ოცნებაში" და დიდუბის შტაბის უფროსის მოადგილედ მნიშნავდნენ, მაგრამ უარი ვთქვი გარკვეული მიზეზების გამო. გიორგი და ლადო პირველი შეხვედრის შემდეგ რეგულარულად მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, პარტიის ამ შემოთავაზებას დათანხმდიო, - მიდი პარტიაში და უთხარი, რომ შეიცვალე მოსაზრება და თანახმა ხარ დათანხმდე შემოთავაზებას, ხოლო თუ ამას არ გააკეთებ, ხომ იცი, რაც მოგივაო? მაინც არ დავთანხმდი მათ წინადადებას და ამის შემდეგ დაიწყო მუქარის ზარები და ზემოქმედება. ბოლოს მეტროპოლიტენის სადგურ "დელისთან" შევხვდით და საკმაოდ მწვავე საუბარი გვქონდა. მაშინ მივხვდი, რომ საქართველოდან უნდა წავსულიყავი. ადრე, როდესაც ორგანიზაცია "არასა" და "სახალხო კრებაში" ვიყავი, მაშინაც იყო ზეწოლა ჩემზე, - "მასტერა" მემუქრებოდა, მაგრამ იმხანად სხვა პოლიტიკური მდგომარეობა იყო და არსად გავქცეულვარ. დღეს კი ასე ჯობდა ჩემთვის და "ქართული ოცნებისთვის". ვიცი, ეგ კუდელები რისი გამკეთებლებიც არიან და ამიტომ დავტოვე საქართველო. ახლა ბელორუსში ვარ, მაგრამ უახლოეს დღეებში უნდა შევიცვალო ადგილსამყოფელი და სხვა ქვეყანაში წავიდე.
- როგორც თქვი, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გემუქრებოდნენ. რატომ არ მიმართე "ქართულ ოცნებას" რეაგირებისთვის?
- ჯერჯერობით არ მსურს, იმ ადამიანების გვარების დასახელება, ვისაც შევატყობინე ეს ამბავი, მაგრამ ყური არ შეუბერტყავთ. დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრი ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ქალბატონ მანანა კობახიძეს არაფრის საქმის კურსში არ აყენებს და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში, თორემ აუცილებლად მოჰყვებოდა ამას რეაგირება. უღრმესი მადლობა მამუკა არეშიძეს, გიორგი უძილაურსა და ირინა ფუტკარაძეს, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ.