"სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა" - ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 20 ივლისს გამოაქვეყნა და სადაც ასახულია სავარაუდოდ საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის კონკრეტული შემთხვევები.
"საერთაშორისო გამჭვირავლობა - საქართველო" საჯარო ფინანსების ხარჯვის ტენდენციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ტენდენციები საარჩევნო წლებში განსხვავებულ სახეს იძენს, რის შედეგადაც ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი პოპულისტური პროექტების განხორციელებაზე იხარჯება. საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვა, ასე უწოდებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები იმ პროგრამებს, რომელთაც ხელისუფლება უკანასკნელი თვეებია ახორციელებს. ისინი ფიქრობენ, რომ პროგრამების 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწყება სახელმწიფო ფინანსური რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებაა. ბიუჯეტის ამ მიზნით გამოყენება კი საფრთხის ქვეშ აყენებს სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნას, ამბობს ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელი, და იქვე მიუთითებს, რომ უკანასკნელ თვეებში ხელისუფლების მიერ წამოყენებული ინიციატივები, რომლებიც უფრო მეტად სოციალურ და მოკლევადიან დასაქმების პროექტებს გულისხმობს, პირდაპირ შეიძლება დაუკავშირდეს მმართველი გუნდის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. ნინა ხატისკაცი გამოკვლევის მიერ გამოვლენილ საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის კონკრეტულ შემთხვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა შორისაა სტუდენტთა დასაქმების პროგრამა, ხანდაზმულობის პენსიის 25%-იანი ზრდა, დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 100 %-ით გაფართოება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2012 წლის ზაფხულში დაწყებული პროექტი - „ლიდერი 2012“ და სხვა:
”იმისათვის, რომ ჩვენი ანგარიში იყოს არგუმენტირებული, ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ წლევანდელი მონაცემები, ჩვენ წლევანდელ მონაცემებს წინა წლის მონაცემებს ვადარებთ. აი, მაგალითად, მევენახეობა: 2011 წელს ”მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების” დაფინანსების პროგრამა 10 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს კი 30 მილიონზე მეტია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სპორტის განვითარების ხელშეწყობაზე. ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი ამგვარი ღონისძიებების დაფინანსების გაზრდა მაინცდამაინც 2012 წლის მაისში და რატომ იმავე წლის დასაწყისში, ბიუჯეტის დაგეგმვისას, მათ არ იცოდნენ, რომ სპორტის ხელშეწყობა ასეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა?“, - კითხულობს ნინა ხატისკაცი.
სავარაუდოდ წინასაარჩევნოდ გათვლილ პროექტს უწოდებს ნინა ხატისკაცი დასაქმების სახელმწიფო აპარატის შექმნასაც:
”შუა წელში ამგვარი მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს, რომ უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, უფრო ამომრჩევლის გულის მოგებაზე გაკეთებულ ნაბიჯს ჰგავს”, - ამბობს ნინა ხატისკაცი.
ანგარიშს, რომლის სახელწოდებაცაა ”სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა”, გარკვეული ოპონირება გაუწია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, უწყებათაშორისი კომისიის წევრმა თამარ კინწურაშვილმა. როგორც ის ამბობს, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” მიერ ჩამოთვლილი პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი არა წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ გაცილებით ადრე დაიწყო. სწორედ ამიტომ ის მიიჩნევს, რომ ანგარიშში გარკვეული დაზუსტებებია შესატანი:
”თუნდაც, მაგალითად, პენსიების ზრდა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტენდენცია გაცილებით ადრეც არსებობდა. სახელმწიფო ვერ შეწყვეტს ფუნქციონირებას იმის გამო, რომ ყოველწლიურად არის საარჩევნო ციკლი”, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.
როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიუთითებს, სახელმწიფო ხარჯების საარჩევნო მიზნით ხარჯვას ხელს უწყობს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც საკმარისად არ არის დეტალიზებული, რის გამოც, მათი თქმით, ხანდახან გაუგებარია, როგორ იხარჯება გარკვეული თანხები. ამ მოსაზრებას არაერთხელ დაუპირისპირდა რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ბიუჯეტის პროგრამული დაგეგმვა, რომელიც წელს პირველად განხორციელდა, სრულად უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების გამჭვირვალობას და იმას, თუ რისკენ არის მიმართული ესა თუ ის პროგრამა. სრულიად საპირისპირო მოსაზრება აქვს საქართველოს ბიუჯეტის პროგრამულობასთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს თამარ ჩუგოშვილს:
”ფაქტია, რომ ჩვენ ვერ გადავედით პროგრამულ ბიუჯეტზე, რომელიც ასეთ პრობლემებს თავიდან აგვაცილებდა, რადგან წლებით ადრე მოხდებოდა შორსმიმავალ გეგმებზე და შორსმიმავალ ეფექტზე გათვლილი პროგრამების განხორციელება. ჩვენ ეს, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ და, შესაბამისად, ასეთი სპონტანური ცვლილებები ბიუჯეტში ჩვეულებრივი ამბავია და ეს ყველაფერი ჩანს ისე, რომ ცვლილებები დაკავშირებულია კონკრეტული პარტიების ინტერესებთან”, - მიაჩნია თამარ ჩუგოშვილს.
ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” ხელისუფლებას აძლევს, სწორედ რეალურ პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლაა, რომელიც, მათი თქმით, მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიუჯეტის საარჩევნო მიზნით ხარჯვას და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლიან და თანასწორ წინასაარჩევნო გარემოს შექმნას.