10 ივლისს დაფუძნებული არასამთავრობო "საქართველო არ იყიდება" "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" პრინციპით ამოქმედდა. იდეის სულისჩამდგმელი შოუმენი, სცენარისტი და ვირტუალური წამყვანი გიგა ნასარიძე "იმედსა" და "რუსთავი 2"-ზე რამდენიმე დღეა, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებით აწყობილ სარეკლამო, უფრო სწორად, ანტისარეკლამო ვიდეორგოლს ატრიალებს და მიზნად მილიარდერის ნამდვილი სახის გამოაშკარავება აქვს დასახული. როგორც ირკვევა, მხოლოდ ამ რგოლის განთავსება მხოლოდ 40 000 დოლარი ჯდება, მაგრამ როცა "შემომწირველებს" შორის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი და დღეს მოქმედი ბიზნესმენი გია გეწაძე გყავს, ასეთი რეკლამის უფლებასაც მისცემ თავს და რუსთაველის გამზირზე მოზრდილ ოფისსაც აიღებ. ვინ და რატომ აფინანსებს რეალურად, რა პოსტს უმიზნებს "ნაციონალებისთვის" გაწეული მომსახურების სანაცვლოდ და რა იქნება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი ეტაპი - "ვერსიის" რესპოდენტი გიგა ნასარიძეა:
- თქვენი მისამართით დღეს ამ კითხვას სვამენ - ვისზე გაიყიდა "საქართველო არ იყიდება" და ვისი გააქტიურებულია გიგა ნასარიძე?
- არავინაც არ გამააქტიურა. მე და ჩემი მეგობრები თვითონ გავაქტიურდით მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. ეს არაა ვინმეს მხარდამჭერი ორგანიზაცია, ჩვენ იმისთვის გავერთიანდით, რომ ივანიშვილმა, რაც შეიძლება, ნაკლები ხმა მოიპოვოს ამ არჩევნებში. უბრალოდ, ბრძოლას უფრო ოფიციალური სახე მივეცით, რათა უფრო კოორდინირებული გახდეს და საქმიანობაც უფრო გაგვიადვილდეს.
- რატომ ასეთი განსაკუთრებული კოორდინაცია კონკრეტულად ივანიშვილის წინააღმდეგ, არის ისეთი მოტივი, რაც საზოგადოებამ არ იცის?
- ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობდი, მგონი, არც არავინ იცნობდა. ამ ყველაფერს ძალიან გართულება არ სჭირდება, მარტივია - ბატონმა ბიძინამ მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ტელევიზიებისა და ჟურნალისტების ყიდვას აპირებს და ერთი საფრთხე უკვე დავინახეთ. რამდენიმე საქმეც აღძრულია ხალხის მოსყიდვასთან დაკავშირებით. მეორე საფრთხეცაა - ივანიშვილმა რამდენჯერმე თავად თქვა, საბჭოთა საქართველო უნდა დავიბრუნოთო. კაცი აპირებს ყველას ყიდვას, ხელისუფლებაში ასე მოსვლას და მერე საბჭოეთის დაბრუნებას. სხვა არანაირი ქვეტექსტი და პირადი წყენა არაა საძებნელი. ღიად ვამბობ - ვებრძვი ბიძინა ივანიშვილს და ვარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, რაც გაცხადებული მაქვს ჩემი მოქმედების ყველა ეტაპზე. რადიკალიზმი და სიტუაციის დაძაბვა კი ძალიან ცუდია, განსაკუთრებით, ემოციებით აღსავსე ისეთ სამხრეთულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. აუცილებლად უნდა არსებობდნენ ე.წ. ნეიტრალები და მათი საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, ესეც ბატონ ივანიშვილს აქვს. მე კი "შუა" ნამდვილად არ ვარ.
- "შუა" არც შონზო იყო და დღეს თბილისის საკრებულოს დეპუტატია. ლეგიტიმური კითხვაა, რას უმიზნებს გიგა ნასარიზე, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, "ნაციონალების" შტაბის წევრია?
- არც არაფერს ვუმიზნებ. ჩემი გეგმაა, ჩემი ახლანდელი საქმიანობის რაც შეიძლება ფართოდ გაშლა. არც შტაბის წევრი ვარ, შეხებაც კი არ მაქვს "ნაციონალების" შტაბთან, მერე ვნახოთ. გამორიცხული არაფერია. იმედს ვიქონიებ, რომ გავხდები. თუ შტაბში მამუშავებენ, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმიანობა იქნება. საკრებულოს დეპუტატობა ნაკლებად მხიბლავს, მაგრამ 2012 წლისთვის შეიძლება მომხიბლოს. ერთადერთი, რასაც მართლა ვუმიზნებ ისაა, ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხმები აიღოს.
- ივანიშვილის მიზნების მხილებასაც უმიზნებთ. ეს ის გამონათქვამებია, რაც რეკლამაში ტრიალებს, თუ უფრო "ღრმად წვდომაც" მოახერხეთ?
- ესაა, უბრალოდ, საზოგადოებას კონცენტრირებულად ვაწვდით მის ფარულ ან არცთუ ფარულ მესიჯებს, რაც შეიძლება, რიგითმა ამომრჩეველმა ვერც ამოიკითხოს. ან რატომ უნდა იჯდეს ხალხი და ეძებოს ქვეტექსტები ივანიშვილის განცხადებებში, ამიტომ ამას ჩვენ ვაკეთებთ - ვცდილობთ, ყველას ბატონი ბიძინას ის ფრაზები მივაწოდოთ, რაშიც მისი იდეები გამოსჭვივის. სრული ინფორმაციის ქონის შემდეგ კი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.
- ამ დროს, კარგად იცით, რომ ანტირეკლამა ყველაზე დიდი რეკლამაა. საინტერესოა, რატომ უკეთებთ რეკლამას ივანიშვილს, შიფრავთ მის მიზნებს და ეწევით მათ პოპულარიზაციას?
- შევეცდები ავხსნა: ჯერ ერთი, არ ვფიქრობ, რომ ანტირეკლამა არის რეკლამა. ანტირეკლამა არის ანტირეკლამა, რეკლამა - რეკლამა. როცა ადამიანებს სიმართლეს ეუბნები ვიღაცაზე, ე.ი. მის ცუდ მხარეს აჩვენებ და ამას ისე ხედავენ, როგორც ამბობ. მეორე - ძვირფას დროს ამ კამპანიას იმიტომ ვუძღვნი, რომ მგონია, ჩემი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს მეგობრებთან ერთად მცირე აგურს დავდებ იმ დიდ კედელზე, რასაც არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ჰქვია.
- სახელი "საქართველო არ იყიდებაც" ივანიშვილს ეძღვნება, მაგრამ გულწრფელად მითხარით, ეს დღეს და ახლა ჩათვალეთ, რომ საქართველოს გაყიდვის საფრთხე დაუდგა?
- არა, მანამდეც იდგა ეს საფრთხე, როგორ არ იდგა. ბადრი პატარკაციშვილიც ცდილობდა საქართველოს ყიდვას. ორივე პოსტსაბჭოთა რუსეთში დამკვიდრებული მეთოდებით ცდილობდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. მათ შორის დიდი განსხვავებაც არ არის. დიახ, მაშინაც იგივე საფრთხეები იყო.
- მერე თქვენ სად იყავით?
- ორგანიზებული სახე არ გვქონდა, თორემ ინტერნეტსივრცეში მაშინაც ვაქტიურობდით. უბრალოდ, ასეთი არასამთავრობოს დაფუძნება თავში აზრად არ მოგვსვლია.
- მხოლოდ "ფეისბუქზე" დადებული სტატუსებით ბევრს მაინც ვერაფერს შეცვლით, ცოტა თქვენ სტრატეგიაზეც მიამბეთ?
- ვიცით, რომ ასეა და ამაზე გაჩერებას არც ვაპირებთ. შევეცდებით, რაც შეიძლება ფართო საინფორმაციო ველი დავფაროთ და არა მხოლოდ ინტერნეტსივრცე, ტელევიზიაც მოვიცვათ. ჩვენი სარეკლამო რგოლი უკვე ტრიალებს, რამდენიმე დღის წინ დაფუძნებული ორგანიზაციისთვის ეს ცუდი არაა. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, არაფერს გამოვრიცხავთ, ძალიან ბევრი იდეა არსებობს და მინდა, სიურპრიზად შევინახო, თორემ მოულოდნელობის ეფექტს ვკარგავთ, რაც ბრძოლაში, ხშირად, უმთავრესია. ეს დიდი პოლიტიკური ბრძოლაა, რომელშიც ჩავერთვე. ვისაც რა იარლიყი უნდა, ის მომაწებოს. აპოლიტიკური ადამიანი რომ ვიყო, ჩემთან ხელისუფლების წარმომადგენელი მოვიდეს და მითხრას, ბიძინა ცუდია და მოდი, ეს გავაკეთოთო, თავს იარაღად მაშინ ვიგრძნობ. როცა წავიკითხე ბატონი ბიძინას წერილი და ყველაფერს მივხვდი, სრულიად დამოუკიდებლად გადავწყვიტე მის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს ორგანიზაციაც დავაფუძნე. დღეს თავი რიგით მებრძოლად მიმაჩნია. შესაძლოა, "ქართული ოცნება" პარლამენტში სოლიდურადაც შევიდეს, მაგრამ მთავარია, გადაწყვეტილებების ერთმნიშვნელოვნად მიღების უფლება არ ჰქონდეს. თუ ეს მაინც მოხდა, რასაც გამოვრიცხავ, მაშინ ეჭვი მაქვს, ჩვენი ორგანიზაცია არ შეწყვეტს ფუნქციონირებას და რამე ახალს მოვიგონებ.
- გია გეწაძეზე მოვიგონოთ რამე ახალი - თქვენ დამფინანსებელთა სიაში ყოფილა "ნაციონალების" ექსმაღალჩინოსანი. მაინც რამდენით დაგაფინანსათ და კიდევ ვინაა ამ სიაში?
- გია ერთადერთი ნამდვილად არ არის, ერთ-ერთი ბევრთაგანია, ვინც ჩვენი შემომწირველია. ამ სიის სრულად ნახვის საშუალებას, ალბათ, კონტროლის პალატა მოგცემთ, ზუსტად არ ვიცი, ეს როგორ ხდება. გეწაძეს რაც შეეხება, ეს მეგობრობა არაა, თანამოაზრეობაა, სხვა არანაირი ურთიერთობა არ არსებობს. დიახ, გეწაძე მაღალჩინოსანი იყო და ახლა აღარ არის, საკუთარი ბიზნესი აქვს, საკმაოდ წარმატებული და ძალიანაც კარგი, რომ ჩვენ მიზნებსა და ამოცანებს იზიარებს და გვაფინანსებს. საკმაო თანხები გვაქვს იმისთვის, რომ რეკლამა "იმედსა" და "რუსთავზე" გავუშვათ ისევე, როგორც "მაესტროსა" და "კავკასიაზე". "მეცხრე არხმა" ცოტა უცნაური წერილი მოგვწერა, თვით გენერალური დირექტორის სახელზე დაწერეთ განცხადება, რომ რეკლამა გაუშვათო, ოღონდ რატომ გენდირექტორის, ეგ არ მესმის. ეტყობა, სარეკლამო მენეჯერი არ ჰყავთ, რადგან გათვლილი არ ჰქონდათ, თუ ოდესმე ამ არხზე რეკლამა შევიდოდა. რა თანხებიც გვაქვს, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სერიოზული კამპანია ვაწარმოოთ. ჩვენ არაფერს ვმალავთ, "ოცნება" კი ხშირად უსაფუძვლო პანიკას ტეხს. არც არაფერი დაგვირღვევია, ერთი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემოგვედავა.
- სრულიად არგუმენტირებულად: არასამთავრობო, გაცხადებული პოლიტიკური მიზნით, ასოცირებული კონკრეტულ პარტიასთან, მას უფასო კამპანიურ მომსახურებას უწევს. ზუსტად ამისთვის არ ჯარიმდება დღეში 2-ჯერ "ოცნებასთან არსებული" უამრავი იურიდიული პირი, თუ ეს კანონი მარტო მათთვისაა და თქვენზე არ ვრცელდება?
- არასამთავრობო და სხვა იურიდიული პირები იმიტომ ჯარიმდებიან, რომ თავიანთ მიზნებს კანონის გვერდისავლით ახორციელებენ. არ მესმის, ჩვენ რატომ ვუწევთ უფასო დახმარებას "ნაციონალებს", ეს ქრისტიან-დემოკრატებს არ ეხებათ? ივანიშვილი მარტო "ნაციონალების" კი არა, ყველა პარტიისა და თუ ძალიან პათეტიკურად არ გამომივა, მთელი ქვეყნის მეტოქეა! ჩემთვის მთავარია, რაც შეიძლება ნაკლები ხმა აიღოს და გვერდითი მოვლენები რა იქნება, ეს უკვე აღარ გვაინტერესებს.
- "ნაციონალების" გამარჯვება თუ "გვერდითი მოვლენაა", მაშინ შტაბში ვერ მოხვდებით! არ სჯობდა, საკუთარი აზრის გამოთქმის უფრო კორექტული ფორმა მოგენახათ, როგორც ადრე, როცა "ნაციონალურ ვირს" ალაპარაკებდით?
- სხვა მიზნები არ მაქვს, ვისაც სჯერა, სჯეროდეს, ვისაც არა, თუნდაც, უმრავლესობა იყოს, ნუ სჯერა. მთავარია, საქმის კეთებაში ხელი არ შემეშალოს. კარგი იყო ის ვირი, მაშინაც კი მაბრალებდნენ რაღაცეებს, მაგრამ, ფორმა მართლა კარგი იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა მაინც არ მოვიდოდა სტუმრად ბატონ ვირთან. სხვათა შორის, მახსოვს, ბატონი შალვა ნათელაშვილიც არ მოსულა ჩემთან. ვერ ვხვდები, სად ჩანს აქ ჩემი აგრესია. ან რატომ უნდა დავმალო ჩემი მიზანი. ვინმემ ამიხსნას, რა არის გამჭირვალობაში საეჭვო. მეტსაც გეტყვით, თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს ჩვენთან ერთად კოორდინირებულ მოქმედებას, მობრძანდეს. დავსხდებით, დავილაპარაკებთ, იდეებს გავუზიარებთ ერთმანეთს.
- აგრესიაზე რეაქცია არ გაქვთ, მაგრამ საზოგადოების ნაწილის თვალში გამარგინალების არ გეშინიათ?
- ცოტა უხეში შედარება თუ არ გამომივა, ასე ვიტყვი: შეუძლებელია, ნაგავი ისე გადაყარო, ცოტათი თავადაც არ დაისვარო.
- მეც უხეშად გამომივა, მაგრამ ნაგავს რომ გადაყვეთ?
- არ გადავყვები. არ არსებობს ბრძოლა, როცა ერთ მხარეს მოწინააღმდეგეები არ ჰყავს. რაც უფრო მკვეთრია მოწინააღმდეგეების მიერ შენი შეფასება, ე.ი. მით უფრო სწორი გზით მიდიხარ, ეს აქსიომაა. მე ვიცი ერთი რამ - ბატონი ბიძინა არის საფრთხე და რამენაირად, ამ საფრთხის განეიტრალება მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტსივრცეში შეურაცხყოფა და ჩემი ოჯახის წევრებზე თავდასხმის მუქარა უკვე გაჩნდა, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ და არც არანაირი პროვოკაციების მოწყობას ვაპირებ.