ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებად ცნობილი პოლიტიკოსები დაასახელა. ხუთ საარჩევნო ოლქში კი კანდიდატები ისევ უცნობია და როგორც "ქართული ოცნების" ლიდერი აცხადებს, მათი ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აირჩეს 73 მაჟორიტარი, აქედან 10 თბილისში. შესაბამისად თბილისში კანდიდატები ასე გადანაწილდა: მთაწმინდის რაიონში "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს მსახიობი ზაზა პაპუაშვილი იყრის; ვაკის რაიონში ადვოკატი შალვა შავგულიძე; საბურთალოს რაიონში "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი, კრწანისში ცნობილი სპორტმენი, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში და ამავე სახეობაშო ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი შოთა ხაბარელი; ისანში "ქართული აკადემიის" ერთ-ერთი დამაარსებელი, რეჟისორი და პროფესორი ნუკრი ქანთარია, სამგორში ზურაბ აბაშიძე, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი; ჩუღურეთში ვიქტორ დოლიძე, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი; დიდუბეში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, "რესპუბლიკური" პარტიის წევრი; ნაძალადევში თეა წულუკიანი, სამართალმცოდნე, წლების განმავლობაში მუშაობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში იურისტად, ამჟამად "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი; გლდანში მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი.
რაც შეეხება რეგიონებს, ამბროლაურის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია ეკონომისტი და იურისტი დავით დარახველიძე, წალენჯიხის რაიონში ინჟინერი და იურისტი გიორგი ნაჭყებია, მარტვილის რაიონში ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა, ხონის რაიონში ინჟინერი და იურისტი ნიკა სანოძე, ჭიათურის რაიონში ექიმი მალხაზ წერეთელი, ხოლო საგარეჯოს რაიონში თინა ხიდაშელი, ცნობილი იურისტი და პოლიტიკოსი, "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.
ამჟამად დასახელებულია 68 კანდიდატი. რაც შეეხება დარჩენილ რაიონებს ახალქალაქს, ცაგერს, ნინოწმიდას, ზუგდიდს და მარნეულს, მათ მაჟორიტარობის კანდიდატებს ივანიშვილი უახლოეს დღეებში დაასახელებს.
ამასთან, ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი მაჟორიტარ კანდიდატად არ დასახელებულა და ისინი საქმიანობას კოალიციის შტაბში გააგრძელებენ.
ესენი არიან: დავით საგანელიძე, ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში მათ პოლიტიკურ შეხედულებებს აღარ იზიარებდა და პარტიიდან წასვლას ხშირად გეგმავდა. საბოლოო გადაწყვეტილბა კი "ქართული ოცნების" შექმნის შემდეგ მიიღო.
"რესპუბლიკელების" საკმაოდ ცნობილი სახეები: დავით და ლევან ბერძენიშვილები, ასევე "რესპუბლიკელების" წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი, "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა და ამ პარტიის წარმომადგენელი რევაზ შავიშვილი, "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე, სოზარ სუბარი და "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე.
მისი თქმით, შტაბს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბევრი საერთო პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, რის გამოც, ცნობილი პოლიტიკოსები, რომლებსაც სერიოზული პერსპექტივა ჰქონდათ მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენისას, მისი თხოვნით და მათი პოზიციითაც შტაბში დარჩებიან.
"ეს ხალხი შეიძლება განსაკუთრებულად დასაფასებლებიც კი იყვნენ, რადგან პოლიტიკოსს ძალიან ხშირად აქვს ამბიცია მაჟორიტარობის, მაგრამ მათ გვერდზე გადადეს ეს ამბიცია, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ამ ადამიანების გამოცდილება საერთო საქმეებს მოხმარდება", - განაცხადა ივანიშვილმა.