გია ბარამიძეს კვლავ რუსეთის იმედი აქვს

გია ბარამიძეს კვლავ რუსეთის იმედი აქვს

რუსეთ-საქართველოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დადების საკითხი ქართველ პოლიტიკოსებში დიდი ხნის მანძილზე იყო მსჯელობის და კამათის საგანი.

როგორც მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციის წევრებმა, ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს, ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირი“ თანახმაა ხელშეკრულების რატიფიცირებაზე და პარლამენტზე აღნიშნული საკითხის გატანას აპირებენ.

ფრაქციის თავმჯდომარის, ქალბატონ ლანა ღოღობერიძის განცხადებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ აძლევს შანს რუსეთს იმ იმედით, რომ ისიც სამეგობრო ნაბიჯებით გვიპასუხებს და ჩვენი პოლიტიკური პრობლემების გადაჭრაში დაფვეხმარება.

მისი აზრით, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის საკანონმდებლო ბაზის შექმნა. როგორც პრეს-კონფერენციაზე ითქვა, ქართული მხარე საქვეყნოდ აცხადებს თავის კეთილ ნებას და 19 იანვარს დსთ-ს ქვეყნების მეთაურთა შეხვედრამდე, რუსეთის მიმართ საქართველოს ერთგულების დამადასტურებელ კიდევ ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ ხელშეკრულება მხოლოდ ორივე ქვეყნის მხრიდან რატიფიკაციის შემთხვევაში შედის ძალაში, რისთვისაც რუსეთის სათათბიროს თანხმობაც იქნება საჭირო.

ბატონმა გიორგი ბარამიძემ მათი ფრაქციის გადაწყვეტილებას, მომგებიანი და დიპლომატიური ნაბიჯი უწოდა.

პრეს-კონფერენციაზე გია ბარამიძემ გამოთქვა რწმენა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი  დაგვეხმარება ქართული ჯარის მშენებლობაში, აღვიდგენს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და გადმოგვცემს საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტს იგორ გიორგაძეს.

გია ბარამიძის მტკიცებით, რატიფიკაციის შემდეგ, ჩვენ ყოველგვარი მორალური და იურიდიული უფლება გვექნება, რუსეთს მოვთხოვოთ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. როგორც სჩანს ამჟამად ნაკლებად გვქონია ამის უფლება. რაც შეეხება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რუსეთი არც ადრე იკლავდა თავს მაინცდამაინც მათი შესრულებით.

პრეს-კონფერენციაზე გამოითქვა იმედი გაეროს მიმართ, ვინაიდან ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნება ამ ორგანიზაციაში, რის შემდეგაც გაერო გააკონტროლებს მხარეების მიერ აღებული მოვალეობების შესრულებას.

შეხვედრაზე გია ბარამიძეს მხრიდან კიდევ ერთხელ გამყარდა არაერთხელ ნათქვამი ფრაზები რუსეთში რეაქციული და დემოკრატიული ძალების არსებობის შესახებ, სადაც სიტუაცია უმართავია და საქართველოს მოწინააღმდეგე ძალებს სრულიად ვერ აკონტროლებენ. რუსეთს უნდა გავუგოთ და მის მდგომარეობაში შევიდეთ.

საქართველოს პარლამენტი ალბათ მოახდენს აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირებას იმ დროს, როდესაც აფხაზეთის და შიდა ქართლის საკითხები გაურკვეველია.

მომავალში თუ კვლავ იმედების გაცრუება მოგვიწევს, ალბათ, ვიტყვით რომ ამ საქმეში რეაქციონერთა ხელი ურევია და რუსეთის ხელისუფლება არაფერ შუაშია.

შემდეგ ხელმეორედ ვენდობით რუსეთს, გარკვეული ხნით ისევ თავს მოვიტყუებთ და ასე, დაუსრულებლად.