ღია წერ(ტ)ილი სააკაშვილისთვის

ღია წერ(ტ)ილი სააკაშვილისთვის

„ქათამმა თხარა, თხარა და თავის დასაკლავი დანა გამოთხარაო“

ნაწყვეტი ჯონ ბასის შეფასებიდან

„ჩაუტარა!“
„გოლი გაუტანა!“
„პადლეცი აარტყა!“
„შალაბანდი ჩაარტყა!“
„პანღური ამოარტყა!“
„სუპერსვლა გააკეთა!“
„მაგარი გაუჩალიჩა!“

ვერსიები ბევრი იყო.

ეს ყველაფერი უკავშირდებოდა ივანიშვილის ღია წერილს პრეზიდენტისადმი.

არადა, კაცმა რომ თქვას, ამაში განსაკუთრებული არც არაფერი ყოფილა: ბიძინა მოიქცა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ნორმალური ქვეყნის ნორმალური პოლიტიკოსი - უარი თქვა კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებაზე.

მიშასა და ბიძინას შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაც ეგაა - მიშა აკეთებს, რაც მოესურვება, აკეთებს ამას ძალიან გამომწვევად და გამაღიზიანებლად და რაც მთავარია, აკეთებს ნებისმიერ ფასად. არასდროს ითვალისწინებს, რა შეიძლება, მოჰყვეს ამას და მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს „საზოგადო საქმედ“ ნიღბავს, სინამდვილეში არასდროს ითვალისწინებს სახელმწიფოს ინტერესებს.

ბიძინა ჯერ არ მოსულა ხელისუფლებაში, მაგრამ იქცევა ისე, როგორც შეეფერება ღირსეულ, გამოცდილ და ძლიერ მოთამაშეს - წესების დარღვევაზე თავიდანვე უარს ამბობს და მიშას სთავაზობს, არ მოაწეროს ხელი დანაშაულებრივ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ერთი ადამიანის ხუშტურის გამო კეთდება.

მთავარი ცვლილებაც ამაში მდგომარეობს - ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის გამარჯვების შემდეგ შეიცვლება არა მხოლოდ სახელები და გვარები, არამედ შეიცვლება მიდგომა, დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი და საზოგადოებისადმი.

ოპოზიციის ლიდერისთვის მოქალაქეობის მინიჭება-არმინიჭება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მოქმედი ხელისუფლება კონსტიტუციას უშვრება. სწორი პოზიცია აქ შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი - კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო, არის ბევრად მაღალი ღირებულება, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსი ან პარტია, ამიტომ ის არ უნდა იცვლებოდეს ერთი რომელიმე პიროვნების, თუნდაც პრეზიდენტის, პრემიერის, ან პარლამენტის თავმჯდომარის ნების შესაბამისად და არ უნდა იყოს მორგებული მიშას, ან ბიძინას, ან კიდევ ვინმეს გუნება-განწყობილებაზე.

ამ ღია წერილის შემდეგ რა დღეში აღმოჩნდა სააკაშვილი, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ჯერ ერთი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენც და ჩვენზე დაკვირვებული მსოფლიოს ნაწილიც, რომ აქ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი კაცი იღებს. შესაბამისად, „წარმატებული გუნდისა“ და „არჩამოშლილი ხელისუფლების“ მითი გაცამტვერდა.

მეორეც - საინტერესოა მიზეზი, რატომაც მიშამ ასე გაიპამპულა თავი.

ხელისუფლების დაკარგვისა და შესაძლო გასამართლების შიში, უკანდახევაზე კატეგორიული უარი, რეალურ ოპოზიციასთან ურთიერთობის გამოცდილების არქონა, საკუთარი ძალების გადაჭარბებული შეფასება, დაუსჯელობის სინდრომი და ბიძინას გადაწყვეტილებით გამოწვეული მოულოდნელობის ეფექტი - ეს ყველაფერი გახდა მიზეზი, რომ მიშამ არჩევნები არჩევნებამდე წააგო: ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვა ივანიშვილს, შემდეგ კი, როცა მიხვდა, რომ დაბრუნება მოუწევდა, აღარ „დაზადნა“ და კონსტიტუცია კიდევ ერთხელ გადააბრუნა.

როგორც ჩანს, არ ელოდა, რომ ბიძინა უარს იტყოდა ამ ფორმით არჩევნებში მონაწილეობაზე და საბოლოო წერტილს დაუსვამდა მის მცდელობას, რომ თამაშის წესების კარნახის უფლება დაებრუნებინა.

ასე იცის რეალობის შეგრძნების დაკარგვამ. :)

რეალობა კი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ივანიშვილი - დეპუტატის მანდატით.

ეგ მიშაა, თანამდებობის გარეშე არაფერს რომ წარმოადგენს, თორემ ბიძინასთვის სტატუსი გადამწყვეტი არაა.

ივანიშვილმა მოახდინა გადატრიალება ქართულ პოლიტიკაში და საკუთარ მაგალითზე აჩვენა, რომ იწყება სხვა რეალობა, პოლიტიკა, სადაც მთავარი წარმმართველი იქნება არა პრეზიდენტის კეთილი ან ბოროტი ნება, არამედ სამართალი და კონსტიტუცია.

დროებით!

P. S. „არსებობს ქალაქები, რომელთაც ვერ დაიპყრობ! არსებობს ომები, რომელსაც ვერ მოიგებ! არსებობენ გენერლები, რომელთაც ვერ დაამარცხებ!“
სუნ-ძი, „ომის ხელოვნება“