მერაბ თავაძე: მეუფე იობის გამოსვლა სწორი და ჭეშმარიტია

მერაბ თავაძე: მეუფე იობის გამოსვლა სწორი და ჭეშმარიტია

საქართველოს სახალხო არტისტი, სამეფო უბნის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მერაბ თავაძე ქართულ ხელოვნებასა და პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე გამოხატავს თვალსაზრისს.

- ბატონო მერაბ, რას ფიქრობთ, კანონზომიერია, რომ დღეს ქართული თეატრი (ცალკეული წარმატებული სპექტაკლების მიუხედავად) შორს არის თუნდაც გასული საუკუნის 70-80-იანი წლების "ოქროს ხანისგან"...
- არაერთი საინტერესო სპექტაკლი დაიდგა და იდგმება, მაგრამ წარმატება უფრო დიდი იქნებოდა, თეატრალურ დასებს ხელშეწყობა რომ ჰქონდეთ. დანაშაულია, როცა ისეთ დიდ რეჟისორს, როგორიც არის რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან დაითხოვ, ხოლო თემურ ჩხეიძის დონის რეჟისორს ხელს არ შეუწყობ პეტერბურგიდან ჩამოსვლასა და მუშაობაში, ვიცი, რომ მას ამის სურვილი ჰქონდა და აქვს. როცა ხელისუფლებას მაღალი ხელოვნება კი არა, მდარე სანახაობა აინტერესებს, იქ შემოქმედს, ცხადია, უჭირს. რაზეა ლაპარაკი, როცა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი მეორე ფილარმონიად, შოუს მოედნად აქციეს?

- თუმცა 21-ე საუკუნეში კომერციულ მხარეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება...
- კომერცია და შემოქმედება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, კომერციას თავისი ადგილი აქვს და თეატრის შემოქმედებით წინსვლას ხელი არ უნდა შეუშალოს. სამეფო უბნის თეატრში ვრცელი რეპერტუარი გვაქვს, მაგრამ მაყურებლის მოსაზიდად, ნებისმიერი ხერხის გამოყენება ჩვენთვის მიუღებელია... მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრი შესანიშნავად მუშაობს, რასაც ვერ ვიტყვი რუსთაველის თეატრზე, რომელმაც სტურუას წასვლის შემდეგ სახე იცვალა. არ შეიძლება ახალგაზრდა რეჟისორმა, რაც თავში მოუვა, ყველაფერი სცენაზე გადაიტანოს, ან რაც ენაზე მოგადგება, მაყურებელს სცენიდან უთხრა... დღეს სცენაზე ისე უწმაწურად იგინებიან, როგორც ქუჩაში და ჰგონიათ, ეს არის სინამდვილესთან მიახლოება.

- ხელოვანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ის საკუთარი შემოქმედებით ამბობს სათქმელს და არ არის აუცილებელი, საზოგადოებრივი პოზიცია გამოხატოს..
- ხელოვანმა, მსახიობი იქნება თუ მხატვარი, უპირველესად, თავისი საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ დგება ქვეყნის ცხოვრებაში დრო, როცა მას პოზიციის გამოხატვა თავისი მოღვაწეობის სფეროს გარეთ უწევს, ის ხომ საზოგადოების წევრია და ვალდებულიც არის, უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამოიღოს. ისტორიულად, არაერთი ქართველი მსახიობი თუ მწერალი იბრძოდა იარაღით ხელში ქვეყნის დასაცავად. რა, მსახიობ დავით მაჩაბელს კრწანისის ბრძოლაზე უარი უნდა ეთქვა - ჯერ სცენიდან ვიტყვი სათქმელსო? როცა ქვეყანას უჭირს, მის რიგით ჯარისკაცად უნდა იქცე და ასე ვიქცევით კიდეც დღეს არაერთი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი. ჩვენ ისეთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, რომელიც ღირსი იქნება ერქვას "საქართველო"... 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი ოჯახი ამ ქვეყნის სატკივარით ცხოვრობდა, ჩემი მეუღლისთვის, იზა გიგოშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა 9 აპრილს მხუთავი აირით მოწამვლა. დღეს რომ იზა ცოცხალი ყოფილიყო, "ქართულ ოცნებაში" ერთად ვიქნებოდით... არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, დღეს კი "ქართულ ოცნებაში" გავწევრდი. ბოლო ორ თვეში "ქართულ ოცნებასთან" ერთად ნახევარი საქართველო მოვიარე - იმერეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, ბოლოს - გორის რაიონი, რაც გრანდიოზული მიტინგებით დაგვირგვინდა.

- როგორი განწყობაა არჩევნების წინ მოსახლეობაში, განსაკუთრებით, გორის რაიონში, რომელიც, სამწუხაროდ, საზღვრისპირა რეგიონად იქცა?
- გახლდით შიდა ქართლში კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებში - ნიქოზში, შინდისში, აგრეთვე, ხაშურის რაიონში. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია იყო. ვიცოდი, რომ ეკა ბესელია შესანიშნავი ადვოკატი, მებრძოლი ქალბატონია, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთი პოპულარული თუ იყო მოსახლეობაში... ძალზე სასიხარულოა, რომ ხალხს მსახიობები ვახსოვართ, ყველა სოფელში გულღიად გვხვდებოდნენ, თუმცა, გარკვეული ჯგუფები აგრესიულად იქცეოდნენ და რაც მთავარია - მათ თვალებში იყო შიში, რადგან ჩვენს მოსვლამდე მათთან გამგებელი ან პოლიციის უფროსი მიდიოდა და აფრთხილებდა, გარეთ არ გამოხვიდეთო. სოფელ შინდისში აგვისტოს ომის დროს დიდი ტრაგედია დატრიალდა... მტრის უზარმაზარი შენაერთის პირისპირ მხოლოდ 17 ახალგაზრდა ქართველი მეომარი დარჩა, ისინი ბოლომდე თავგანწირვით იბრძოდნენ, მათი საფლავები დღეს ამ ბრძოლის ველზეა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, მათ შორის, სახელოვანმა სპორტსმენებმა: კახა კალაძემ, დავით კვაჭაძემ, შოთა ხაბარელმა, თემურ ხუბულურმა ამ გმირების ხსოვნას პატივი მივაგეთ, მაგრამ პროვოკატორთა ჯგუფი იქაც გამოგვყვა და ვითარების არევას შეეცადა, თუმცა, პროვოკაციის თავიდან აცილება შევძელით, სოფელ შინდისის მცხოვრებლებმა ისიც გვითხრეს, რომ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა ამ გმირების საფლავზე. ხოლო ის, რაც სოფელ კარალეთში მოხდა, მართლაც შემზარავია. იქ 10-15 კაცს დავალებული ჰქონდა ვითარების დაძაბვა. იმას კი, რაც კახა კალაძეს უთხრეს, უზნეობა და არაკაცობა ჰქვია, მეტი არაფერი. ხომ არ შეიძლება ნებისმიერი დავალება ბრმად შეასრულო?! ქალები და კაცები ლურსმნიანი ჯოხებით დაერივნენ საქვეყნოდ ცნობილ სპორტსმენებს... თუმცა, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეხვედრებისას ნამდვილი საქართველოც ვნახე - ღირსეული ხალხით, ულამაზესი ბუნებით.

გორში მიტინგზე ბიძინა ივანიშვილს უკვე მეხუთე საჯარო გამოსვლა ჰქონდა და თვალში საცემია მისი, როგორც ორატორისა და პოლიტიკოსის ზრდა. ამ გამოსვლისას მან ნათლად და, რაც მთავარია, ხალხისთვის გასაგებ (და არა ზოგიერთივით ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით) ენაზე თქვა "ქართული ოცნების" სათქმელი.

- ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ახლახან გამოქვეყნებული რეიტინგით, პარტიებს შორის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს, თუმცა მისმა რეიტინგმა 11 პროცენტით იკლო...
- სოციოლოგიური კვლევების სპეციფიკას კარგად არ ვიცნობ. ჩემთვის ყველაზე სანდო მაჩვენებელი უბრალო ადამიანებთან შეხვედრა, ხალხმრავალი შეკრებებია. ან როგორ შეიძლება მმართველ პარტიას ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეს ქვეყანაში, რომლის სოფლებსა თუ ქალაქებში ენით აუწერელი სიღატაკეა?! 21-ე საუკუნეში, როცა პრეზიდენტი ჰოლანდიის მსგავს სკოლებზე ლაპარაკობს, ადამიანებს ქართულ სოფელში სასმელი (სარწყავზე აღარაფერს ვამბობ) წყალი აქვთ სანატრელი. ან სად არის პროგრამა "ღიმილიანი საქართველო", სოციალურად დაუცველებს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას რომ ჰპირდებოდა, როცა შუახნის ქართველ ქალბატონებსაც კი არც ერთი კბილი აღარ აქვთ? ასეთი სიღატაკე, როგორიც ქართულ სოფლებში ვნახე, მხოლოდ ტელეკადრებში მინახავს აფრიკის უღარიბეს ქვეყნებში.

- რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგების შემდეგ აქტუალური გახდა ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების საკითხი.
- საუკუნეების განმავლობაში, როცა ქვეყანას უჭირდა, სასულიერო პირი (თუნდაც თორნიკე ერისთავის მაგალითიც კმარა) ანაფორას იხდიდა და ხმალს იჭერდა ხელში.. მივიჩნევ, რომ მეუფე იობის გამოსვლა სწორი და ჭეშმარიტია, რადგან როცა ქვეყანა უფსკრულის პირას არის, ერი და ბერი ერთად უნდა დავდგეთ... როცა ქვეყანას უჭირს, არ არის დაყოფის დრო, ყველა - საეკლესიო პირი, მეცნიერი თუ კულტურის მოღვაწე - რიგით ჯარისკაცებად უნდა ვიქცეთ და სამშობლოს გადასარჩენად ვიღვაწოთ და ეს არ არის ბრტყელ-ბრტელი სიტყვები ქვეყანაში, რომელიც მართლაც ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.