რას სწერდნენ ერთმანეთს გოგა და მარიამი - ”მას ბოლო წუთს ხიდიდან გადახტომის შეეშინდა”

რას სწერდნენ ერთმანეთს გოგა და მარიამი - ”მას ბოლო წუთს ხიდიდან გადახტომის შეეშინდა”

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდზე ექსტრემალურ გართობას 2 ახალგაზრდის, 23 წლის მარიამ ყანდაშვილისა და 25 წლის გოგა გოლეთიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ, როცა ახალგაზრდები ხიდიდან თოკით გადმოხტნენ, უსაფრთხოების დამცავი ქამრის ჩამკეტი გაწყდა და მეგობრები ხევში ჩაცვივდნენ.

Rope-jumping-ი თოკით ხტომას ნიშნავს. ექსტრემალური სპორტის ეს სახეობა საქართველოში უკვე თითქმის 5 წელია, არსებობს. თავდაპირველად, ამით მხოლოდ 6 ადამიანი იყო დაინტერესებული, დროთა განმავლობაში კი ექსტრემალური გართობის მოყვარულთა რიცხვი გაიზარდა და მაღლივი კორპუსის ხიდს თითქმის ყოველკვირა სტუმრობდნენ.

ხიდიდან ხტომას Extreme team უწევდა ორგანიზებას. ორგანიზატორთა უმრავლესობა პროფესიონალი ალპინისტია.

ხიდიდან სამაშველო სამსახურში კვირას, საღამოს შვიდის ოცდახუთ წუთზე დარეკეს. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს გოგონა უკვე გარდაცვლილი დახვდათ; ვაჟი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაღუპული ახალგაზრდები - გოგა და მარიამი მეგობრები იყვნენ. გოგა გოლეთიანი იმ დღეს მაღლივის ხიდიდან მესამედ გადახტა. სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოზე, რომელზეც გოგას ერთ-ერთი ნახტომია აღბეჭდილი, მარიამ ყანდაშვილის კომენტარებია შემონახული, სადაც გოგონა გადმოხტომის სურვილს გამოთქვამს.

"ეე, რა მაგარია და როგორ მინდა მეეც..."
"წაგიყვან მერე და გადაგაგდებ, თუ არ დამავიწყდა".
"ააა, შენ მაქედან გადმოგაგდეს? მე კიდევ მგონია, რომ ხტებიან ხოლმე..."
"ეს შენ გითხარი, გადაგაგდებ-მეთქი, თორემ მე, თავისთავად, გადავხტი".
"რაღაც, არა მგონია, მეც ვინმეს დახმარება დამჭირდეს ხიდიდან გადმოხტომაში".
"ყოჩაღი გოგო ხარ"...

მარიამმა და გოგამ ეს ჩანაწერები ჯერ კიდევ 20 ივნისს გააკეთეს...

გარდაცვლილის მეგობრებს ახალგაზრდებზე წარსულში საუბარი უჭირთ; უჭირთ იმის დაჯერებაც, რომ ეს მშვენიერი ახალგაზრდები ცოცხლები აღარ არიან.

ლაშა, გოგა გოლეთიანის მეგობარი:
- არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. გოგა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი იყო. მთასავით ძმაკაცი მყავდა, ხანდახან დათვს ვეძახდით. რაგბის თამაშობდა. გუნდ "ხულიგანას" ბურჯი იყო. ძალიან თბილი და უზომოდ კეთილი მეგობარი დავკარგეთ. იცით, როგორი სათნო იყო?! სტიქაროსანი გახლდათ. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ გოგას ვეღარ ვნახავ. ბოდიში, მეტს ვეღარაფერს გეტყვით.
მარიამ ყანდაშვილის მშობლები სოფელში იყვნენ წასული, როცა საზარელი ამბავი შეიტყვეს. გოგონას მეგობრები ამბობდნენ, რომ მარიამს მაღლივის ხიდიდან გადმოხტომის სურვილი დიდი ხნის წინ გაუჩნდა და ბოლოს, მეგობართან ერთად გაბედა.

- მარიამს მეგობრებისთვის ყველაფრის გაკეთება შეეძლო. არ არსებობდა, რაიმე გეთხოვა და არ შეესრულებინა. ძალიან უყვარდა მოგზაურობა, თითქმის მთელი საქართველო ჰქონდა მოვლილი. ბოლო დროს ლორე-ტაშირი მოიარა. მაღლივის ხიდიდან გადმოხტომა ოცნებად ჰქონდა ქცეული. ბოლო დღეებში რამდენჯერმე გვითხრა, რომ კვირას ხიდზე წასვლას და გადმოხტომას აპირებდა. მასთან ერთად, ერთი მეგობარიც იყო წასული. გოგაც მარიამის დიდი ხნის მეგობარი გახლდათ.

- მშობლებმა თუ იცოდნენ, ხიდიდან გადმოხტომას რომ აპირებდა?
- მშობლები სოფელში იყვნენ. მარიამს ბოლო წუთს მარტო გადმოხტომის შეეშინდა და გადაწყვიტა, გოგასთან ერთად გადმომხტარიყო... ჯერ აზრზე ვერ მოვსულვართ; მასზე ვსაუბრობთ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გვჯერა, რომ მარი ჩვენ გვერდით აღარ იქნება.

მაღლივის ხიდის ქვეშ, ლითონის კონსტრუქციაში სპეციალურად ამ ექსტრემალური სპორტისთვის მომზადებული მოწყობილობა ექსპერტიზაზეა წაღებული.

თემურ გიორგაძე, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი:
- რამდენიმე წლის განმავლობაში ფირმა -Extreme team მსურველებს 50 ლარის საფასურად, მაღლივის ხიდიდან ექსტრემალურ გადახტომებს ასრულებინებდა. პოლიცია უკვე იძიებს ამ შემთხვევას და მალე ნათელი მოეფინება, ეს უბედურება რისი ბრალი იყო. სავარაუდოდ, დაუდევრობის გამო მოხდა. როგორც ვიცი, 2 ადამიანის ერთად გადახტომა დაუშვებელია. არასოდეს მსმენია, რომელიმე ქვეყანაში 2 ადამიანი ერთად გადმომხტარიყო. როგორც ჩანს, საქართველოში დაუშვეს და უბედური შემთხვევაც ამას მოჰყვა. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა; სავარაუდოდ, გაწყდა დამჭერი რეზინა და დამცავი საშუალების ბაწარი, რომელსაც ე.წ. "სტრახოვკას" ეძახიან. რეზინის გაწყვეტის შემდეგ ეს ახალგაზრდები სათადარიგო ბაწარს უნდა დაეჭირა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერც ერთმა დამცავმა საშუალებამ ვერ იმუშავა. გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა, ბიჭს სიცოცხლის ნიშნები ჰქონდა, მაგრამ "სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა. ორივეს მრავალი ტრავმა ჰქონდა.

- ბატონო თემურ, რამდენი მეტრია ხიდიდან ხევამდე?
- დაახლოებით 50 მეტრი. ის თოკი, რომლითაც გადმოხტნენ, არ დამითვალიერებია. სათანადო სამსახურები ექსპერტიზას ჩაატარებენ და შემდეგ დასკვნასაც გვეტყვიან. აშკარაა, რომ უსაფრთხოების ზომები ბოლომდე არ იყო დაცული. ჩვენი მაშველები არანაკლები სირთულის დაშვებებს ასრულებენ და 2 თვეში ერთხელ, სპეციალური კომისია ჩვენს ყველა თოკსა და დამცავ საშუალებას ექსპერტიზას უტარებს, რაიმე გაუთვალისწინებელი რომ არ მოხდეს. კომპანიას ყველა უსაფრთხოების ზომა უნდა ჰქონოდა დაცული. როცა ადამიანის სიცოცხლე გაბარია, თოკი კი არა, რკინის ხიდიც და თითოეული კენჭიც კი ბოლომდე უნდა გქონდეს შესწავლილი.

კარგი იქნებოდა, ეს ხტომები ისეთი ხიდიდან შეესრულებინათ, რომლის ქვეშაც წყალი მოედინება.
კვირა დღეს გამართულ ექსტრემალურ გართობას საქველმოქმედო დანიშნულება ჰქონდა. თავისუფალი ვარდნის მოყვარული ექსტრემალები შემოსული თანხით, ახალგაზრდა მთამსვლელთა დახმარებას აპირებდნენ, რომლებსაც რამდენიმე ახალბედა ალპინისტთან ერთად, ჭიუხის დალაშქვრა ჰქონდათ დაგეგმილი. ამის შესახებ სოციალურ ქსელზეც განთავსდა განცხადება. კვირა დღეს კი რამდენიმე საათის განმავლობაში, ოცდაათამდე ხტომა განხორციელდა.

ტატო ნადირაძე, მთამსვლელი; ორგანიზატორთა ჯგუფის - Extreme team ერთ-ერთი წევრი:
- მე უკვე 2 წელია, მაღლივის ხიდიდან ვხტები. აქედან ათასობით ადამიანია გადამხტარი, მათ შორის - უამრავი წყვილიც. მხოლოდ მე შვიდჯერ მაინც გადავმხტარვარ ხან ძმასთან, ხანაც - მეუღლესთან ერთად. რაც შეეხება აღჭურვილობას, თითოეული თოკი 5 ტონამდე სიმძიმეს უძლებს. ეს თოკები "საბუქსირედ" ყოველთვის მანქანაში მიდევს და ხშირად, ერთი ასეთი თოკით თოვლში ჩარჩენილი ჯიპი გამომიყვანია. ეს ბავშვები 4 თოკით იყვნენ დამაგრებულები!.. გადახტომის მსურველები ხშირად კითხულობდნენ, - საშიშია თუ არაო?! ირაკლი გუჯაბიძე კი პასუხობდა, - ამდენ ნაცნობსა თუ უცნობს უფასოდ ვახტუნებ და გიჟი ხომ არ ვარ, თავი საფრთხეში ჩავიგდო?.. ვინმეს რამე რომ მოუვიდეს, თავს ვიღუპავო!..

- ამ დღეს შენც იყავი ხიდზე?
- უბედური შემთხვევის დროს - არა, მაგრამ იმ დღეს 18 ადამიანის გადახტომას შევესწარი და მეც ორჯერ გადავხტი: ერთხელ - მარტო და მეორედ - გოგონასთან ერთად, რომელსაც მარტო გადახტომის ეშინოდა. ხშირად პირველი ვხტებოდი, რომ თოკის უსაფრთხოება სხვებისთვის მეჩვენებინა; შეიძლება ითქვას, ერთგვარი "მტესტავი" ვიყავი. ამ შემთხვევის გამო ელდა მეცა, ჯერ შოკიდან ვერ გამოვსულვარ...

- მაინც რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა? უსაფრთხოების თოკი გაწყდა?
- არა, თოკი არ გაწყვეტილა... უსაფრთხოების სისტემა ოთხმაგ დაცვაზეა აწყობილი. გადახტომისას პირველი დარტყმა ავტომანქანისნაირ ღვედზე მოდის, რომელიც სპეციალური ჩამკეტით იკეტება; ეს ღვედი მხტომელებს ტანზე აქვთ დამაგრებული. მეორე დაცვა - ალპინისტურ სისტემა "რვიანებზე" მოდის, რომელსაც თავისი დამუხრუჭების მექანიზმი აქვს. 2-3 თვეში ერთხელ ამ ღვედებსაც ვცვლიდით. როგორც ირაკლიმ მითხრა, ღვედების ჩამკეტში კბილანები გატყდა; "რვიანის" სამუხრუჭეებმაც ვერ დაიჭირა - მათზე გადახვეული თოკი გასრიალდა... რამდენჯერმე მოვისმინე, ამბობდნენ, - თოკი გაწყვეტილა და ამიტომ დაღუპულანო; მსგავსი რამ არ მომხდარა - ასეთი თოკის გაწყვეტა თითქმის შეუძლებელია.

ამ ბავშვებმა გადახტომისას რამდენიმე მეტრი თავისუფალი ვარდნით იფრინეს, მერე დარტყმის ძალამ ღვედების ჩამკეტი გატეხა, სამუხრუჭე თოკიც გასრიალდა და დაბლა ჩაცვივდნენ. იმასაც ამბობენ, 120 კილოგრამზე მეტს ვერ უძლებს ეს თოკები და ბავშვები იმიტომ დაიღუპნენო. ესეც სიცრუეა. საზოგადოება ინტერნეტში იძიებს ინფორმაციას ბანჯით გადმოხტომის შესახებ, რომელიც რეზინის თოკით სრულდება და მასზე მართლაც არ შეიძლება 120 კილოგრამზე მეტის დაკიდება. ამასთან ერთად, ბანჯით 2 ადამიანის გადმოხტომაც დაუშვებელია. ბანჯი და "როუფ ჯამპინგი" ერთი და იგივე არ არის.

- სპორტის ეს სახეობა ოფიციალურად თუ იყო დარეგისტრირებული?
- არა. როცა ბიჭებმა სპორტის ოფიციალურად დარეგისტრირების შესახებ მერიას მიმართეს, მათ უთხრეს, - ჩვენ არც ნებას დაგრთავთ და არც აგიკრძალავთო. ამ წლების განმავლობაში 1200-მდე ნახტომი განხორციელდა. ხშირად ხტებოდნენ უცხოელები, მინისტრები და პარლამენტარებიც კი. იცოდნენ, რომ უსაფრთხოების ზომებს ვიცავდით და გვენდობოდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ექსტრემალური სპორტის ორგანიზატორმა, ირაკლი გუჯაბიძემ აიღო, რომელიც პოლიციამ უკვე დაკითხა. გამოძიების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება, 2 ახალგაზრდის სიცოცხლე უბრალო შემთხვევითობამ იმსხვერპლა თუ - უსაფრთხოების ზომების დარღვევამ.