უზარმაზარი სარეკლამო აბრები ახალი სლოგანით "მეტი სარგებელი ხალხს", გამვლელთა გაოცებას იწვევს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან უფლებამოსილების ამოწურვამდე 3 თვით ადრე, ამ მასშტაბის სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ასეთი პომპეზური ოფისის დაქირავება, ბევრი კითხვის ნიშანს აჩენს.
არჩილ გეგენავამ, მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოფისი შეიცვალა და რუსთაველის 30-ში მდებარე ყოფილი იუსტიციის სამინისტროს შენობის პირველი სართული დაიკავა.
აშკარაა, რომ გეგენავამ წინასწარ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი პარტია და მთაწმინდის ძველ ამომრჩეველს ახალი ოფისით, ახალი ავეჯითა და ახალი სლოგანით ხვდება.
დეპუტატის ოფისში დიდი ფუსფუსია. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, აქ ყველაფერი მზად აქვთ.
"გურია ნიუსმა" არჩილ გეგენავასთან დაკავშირება მის პირად მობილურზე სცადა, ჩვენს ზარს პრესსამსახურის უფროსმა ნუცი მალაშხიამ უპასუხა.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა, უკავშირდება თუ არა ოფისის შეცვლა მმართველი პარტიის მიერ გეგენავას მაჟორიტარად დასახელებას. პრესსამსახურის უფროსი აცხადებს, რომ გეგენავას საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა და დეპუტატი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
საოფისე ფართის დაქირავება რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 1500-3000 დოლარი ღირს . გეგენავას ახალი ოფისის მესაკუთრე შპს "რუსთაველი ფროფერთია", რომელიც შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს, მინდია გადაევს ეკუთვნის. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის ხარჯებს პარტია იხდის, შესაბამისად ახალი და კომფორტული ოფისი "ნაციონალურ მოძრაობის" ბიუჯეტს დააწვებოდა მხრებზე.
არჩილ გეგენავას პრესსამსახურმა "გურია ნიუსის" რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, თუმცა არ დაასახელა თანხა, რომელსაც პარტია ერთი კონკრეტული დეპუტატის ახალი ოფისის დაქირავებისთვის იხდის.
პრესსამსახურის უფროსის პასუხს უცვლელად გთავაზობთ: "2008 წლის შემდეგ, არჩილ გეგენავა მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია და ამ დროის განმავლობაში, მისი ოფისი ლეონიძის #2-ში მდებარეობდა. იმის გამო, რომ ლეონიძის #2-ში არსებული შენობა გაიყიდა, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ გადმოინაცვლა რუსთაველის #30-ში და ვადის ამოწურვამდე მდებარეობას არ შეიცვლის. ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, ბიურო მუშაობის უფრო აქტიურ ფაზაშია, ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, მათთვის ოთხი წლის მუშაობის ანგარიშის ჩაბარება და მათი განწყობის გაგება. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, გახდება თუ არა არჩილ გეგენავა მთაწმინდის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი.
ოფისის ქირას და სხვა ხარჯებს ნაციონალური მოძრაობა ფარავს. ამ საკითხზე დამატებითი დეტალები სწორედ მათგან შეგიძლიათ მიიღოთ.
დიდი მადლობა ინტერესისთვის,
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახური."