სკანდალური ფაქტები დათა ახალაიას შესახებ.

სკანდალური ფაქტები დათა ახალაიას შესახებ.

"თავდაცვის მინისტრი შაშკინი არის ბუტაფორია. ამ სამინისტროს რეალურად დათა ახალაია და მეგის ქარდავა მართავენ. სააკაშვილმა გაკეთა ის, რომ ყველა ძალოვანი უწყება და თავდაცვა უკვე ეკუთვნის ახალაიების კლანს. ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი კლანი საქართველოში. მიშამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ სჭირდებოდა ადამიანები, რომლებიც ისეთივე ჯალათები არიან, რომლებზეც ისტორიულ წყაროებში წაგვიკითხავს - დაუნდობლად რომ ხოცავდნენ, ადამიანებს, ბავშვებს, ქალებს. ამის გაკეთება ძალიან ძნელია ისე, რომ წარბი არ აგიტოკდეს. ახალაიებს ამის უნარი ნამდვილად აქვთ. სააკაშვილს ასეთი ხალხი ვერც უღალატებს, დიდი სურვილიც რომ ჰქონდეთ, რადგან ისინი მიუღებელი არიან როგორც საზოგადოებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის და ვერც ერთ "ნავში" ვერ იპოვიან ადგილს, სააკაშვილის "ნავის" გარდა", - აცხადებს მოძრაობა "არას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჩიტაძე გაზეთ გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სკანდალური ფაქტები დათა ახალაიას შესახებ.

"სააკაშვილი, ეტყობა, ვანო მერაბიშვილს ისე არ ენდობოდა, როგორც ახალაიებს და ეს გადაადგილებები სწორედ ამისკენ მიგვანიშნებს. დათა ახალაიას განსაზღვრული "საქმეების" შესახებ საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად იცის - იმავე ფარული ჩანაწერების, პოლიტიკური დევნის სკითხები და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფრის სცენარისტი და რეჟისორი, დონაძესთან ერთად, სწორედ დათა იყო. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კი არა, პოლიტიკური პარტიებისთვისაც დათა ახალაია ჩრდილში რჩებოდა. როცა დათას უწყება - კუდ-ი ავრცელებდა რაღაც ჩანაწერს, რა თქმა უნდა, ამას თავად კი არა, შსს აქვეყნებდა, ანუ ვანო მერაბიშვილი ჩანდა და ეს სიბინძურეებიც მას ეწერებოდა. ეს მაშინ, როცა ძალიან ბევრი ოპერაცია პირადად დათა ახალაიას ინიციატივითა და შესრულებით ეწყობოდა. კუდ-ი არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ორგანო, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი რესურსები, ინფორმაცია და მძიმე საქმეები აქვს ჩადენილი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ჩიტაძე.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც კი ბევრ საქმეზე დავალებას სწორედ მათგან იღებდნენ. დამუშავებულ სიას უგზავნიდა კუდ-ი საპატრულოსა და პოლიციის განყოფილებებს და მერე უკვე ისინი რთავდნენ რეპრესიულ მანქანას. ყველა ჯალათური გეგმა თუ მიზანი დათა ახალაიას შექმნილ-ჩამოყალიბებული სტრუქტურიდან მოდიოდა და დღესაც მოდის. კუდ-ში არის რამდენიმე დეპარტამენტი, მათ შორის პოლიტიკური პარტიების განხრით, რომელიც მუშაობს, რომ პარტიებში შეაგზავნოს ე.წ. ოდეერები და იქიდან ზუსტი ინფორმაცია გამოიტანოს. 2009 წელს, როცა სალომე ზურაბიშვილისა და კახა კუკავას კაბინეტებში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს, ჩანერგილი ადამიანის გაკეთებული იყო ეს ყველაფერი. ამის შემდეგ ეკა ზღულაძემ განაცხადა, მსგავსი აპარატურა ხმარებიდან ექვსი წელიწადია ამოღებული გვაქვს და ჩვენი არ არისო - ეს არის სრული აბსურდი. ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ ეს კამერები ვანო მერაბიშვილმა დააყენა. სინამდვილეში ეს არის დათა ახალაიას მიერ დაგეგმილი საქმე, რომელიც კუდ-ის პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტმა შეასრულა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"არის დეპარტამენტი, რომელიც ოდეერებს აგზავნის სხვადასხვა კორპორაციებში, სამინისტროებში, დაწესებულებებში. ოდეერები არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ოფისიალური სტატუსი, არსად არ იმალებიან და ინფორმაციას აწვდიან ამ უწყებას. სპეციფიკა ასეთია - ადამიანი ან იყო ანდაც შემდგომ ხდება კუდ-ის აგენტი. ოფიციალური საბუთიც აქვს და ხელფასსაც იღებს, მაგრამ პარალელლურად ჩანერგილ დაწესებულებაშიც აქვს სამსახური - შეიძლება იყოს კორპორაციის უფროსის მოადგილე, ბუღალტერი და იქ არავინ იცოდეს, რომ პარალელურად კუდ-შიც მუშაობს. ყველა ინფორმაცია, რომელი ამ უწყებას შეეხება და რაზეც ხელი მიუწვდება, კოპირდება და კუდ-ში იგზავნება, მერე ყველაფერი იქ მუშავდება. ასეთი ადამიანებია არიან ყველგან. კუდ-ს რამხელა დაფინანსება აქვს, რამდენი ადამიანია იქ დასაქმებული, ზუსტად ამის ნახვა შეუძლებელია", - განმარტავს ლევან ჩიტაძე.

"ადამიანები, რომლებიც აქციის მონაწილეებს კამერებით ირებენ, ისინიც კუდ-ის სპეციალური თანამშრომლები არიან. ეს ფოტოები იდება ადამიანის ე.წ. "გვერდზე", სადაც კიდევ უამრავი მასალაა განთავსებული. ყველამ იცის, რომ პატრულს აქვს განსაზღვრული მონაცემთა ბაზა, სადაც სახელისა და გვარის შეყვანის შემდეგ ამოაგდებს ბევრ ინფორმაციას - სად მუშაობდა, ოჯახური მდგომარეობა და ა.შ. მაგრამ არის სხვა დონის ინფორმაციებიც. ყველაზე მაღალი გახლავთ კუდ-ის ინფორმაციულობის დონე - მაგალითად, თუ ეს ადამიანი აქციებზე ოდესმე იმყოფებოდა, როგორ იქცეოდა, პირადი ინფორმაციები - ვისთან როდის ჰქონდა ურთიერთობა, რაზე ელაპარაკებოდა. როცა ნებისმიერ ჩვენგანს ტელეფონზე გვისმენენ, ეს ჩანაწერიც ხარისხდება და კუდ-ის პირად ინფორმაციას ეკვრება. ამ ბაზით შესაძლებელია ადამიანზე აბსოლუტურად ყველაფრის გაგება", - ამბობს მოძრაობა "არას" ერთ-ერთი ლიდერი.

"კუდში 2007-2008 წლებში შექმნილია სტუდენტური დეპარტამენტიც, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები ჰყავთ გაწევრებული. ისინი ინფორმაციას აგროვებენ. ასევე შექმნილია რელიგიური უმცირესობების დეპარტამენტი. მათ ჰყავთ ჩანერგილი ადამიანები რელიგიურ უმცირესობებში, საიდანაც ყველა იქ მყოფზე გამოაქვთ ინფორმაცია... იმდენად დიდი ბაზები აქვთ, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს. ასევე არის სოციალური ქსელებისა და მედიის სამსახურებიც... ტელეკომპანია "რეალტივი" კუდ-სა და უშიშროებასთან ერთად შეიქმნა და და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ იქ მომუშავე ადამიანების უმრავლესობა უშუალოდ უშიშროების წარმომადგენელია. ვინც პირდაპირ არ არის, რა თქმა უნდა, მათ ინტერესებს ასრულებს. ბევრი ჟურნალისტი ვიცი, ვინც მანამდე ნორმალური პროფესიონალი იყო, მაგრამ რაც იქ გადავიდნენ, აზროვნებაც შეევცვალათ და იერიც", - დასძენს ლევან ჩიტაძე.