ნატო ოქტომბერსა და ნოემბერში გამართავს სამხედრო წვრთნებს სახელწოდებით „ერთობლივი სამკაპი 2018“. ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლის ოანა ლუნგესკუს ცნობით, წვრთნების მიზანია შემოწმება, არის თუ არა სამხედრო ალიანსი მზად ახალი ტიპის საფრთხეებზე, მათ შორის „ჰიბრიდული ომისა და პროპაგანდის დახვეწილ მეთოდებზე“ პასუხის გასაცემად.
წვრთნები ორ ეტაპად ჩატარდება: 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრემდე და 14-დან 23 ნოემბრამდე. მასში მონაწილეობას მიიღებს 30 ქვეყნის (ნატოს წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების) 40 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. მათ განკარგულებაში იქნება 130 თვითმფრინავი, 70 ხომალდი და 10 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება.
წვრთნების მიზანია მომზადება ნორვეგიის სანაპიროზე თავდასხმის მოსაგერიებლად. მანევრების გეოგრაფია ასევე მოიცავს ატლანტის ოკეანისა და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთსა და ფინეთისა და შვედეთის საჰაერო სივრცეს.
აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში, სამშაბათს რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთში დაიწყო რუსეთის ისტორიაში უდიდესი სამხედრო წვრთნები „აღმოსავლეთი-2018“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრის მონაცემებით, სწავლებაში მონაწილეობს 300 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. „აღმოსავლეთი-2018“ 17 სექტემბრამდე გასტანს.