რეგიონებში "ქართული ოცნების" გააქტიურებას დაშინების და ზეწოლის ახალი ტალღა მოჰყვა. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" აქციების შემდეგ დაშინებულთა და დაპატიმრებულთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა. ეს შემთხვევები კი განსაკუთრებით კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში და სამეგრელოშია გახშირებული.
ა/ო "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" წინა კვირას წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოააქვეყნა, სადაც მითითებულია, რომ 4 ივნისიდან 1 ივლისამდე საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 7, მუქარისა და ზეწოლის 17 (მათ შორის ბიზნესზე ზეწოლის 1, მოქალაქეებზე ზეწოლის 6 და პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის 10 შემთხვევა), პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების 4, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების 7, მოსყიდვის 5, სოციალური დახმარების შეწყვეტის 1 შემთხვევა.
"რეზონანსი" ეტაპობრივად შეეცდება გაარკვიოს, რა სახის ზეწოლა ხორციელდება რეგიონებში და ვინ ახორციელებს მას.
იმერეთი
"ქართული ოცნების" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ქუთაისში ზაზა მეთაფლიშვილი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ მოსახლეობაზე ზეწოლა ქუთაისში განსაკუთრებით "ქართული ოცნების" აქციის ჩატარების შემდეგ გახშირდა. ის რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი პიროვნებების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. მისივე თქმით, რამდენიმე მათგანი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
"მაგალითად, ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე, რომელიც სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს. მას საავადმყოფოდან სოლიდარობის ნიშნად თანამშრომლების ნაწილი გამოჰყვა. ასევე ზეწოლა იყო რამდენიმე მასწავლებელზეც. სახლებში აკითხავდნენ ხალხს და ვითომ "მეგობრულად" აფრთხილებდნენ, რომ ჩვენთან ურთიერთობა გაეწყვიტათ. ამ დაშინებების დასაწყისი კი აქციის წინა დღეებში ჩვენი აქტივისტების დაბარება და დაკითხვა გახდა. სამი მათგანი - მესხი, ამაშუკელი და ამბროლაძე - რაღაც სულელური ინტერვიუს გამო ახლაც დაპატიმრებულია.
"დაპატიმრებულების გარდა, ორ აქტივისტს 3-ათასლარიანი ჯარიმა გადაახდევინეს," - ამბობს მეთაფლიშვილი.
მისი თქმით, აქციამდე ზეწოლა შტაბის აქტივზე და ნაწილობრივ თანამდებობის პირებზე ხორცილდებოდა. აქციის შემდეგ კი რიგით ადამიანებზე და მათი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ.
"რეპრესია აქციების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. შეიცვალა ისიც, რომ ხალხი ამ საკითხზე საუბრისგან უკვე თავს იკავებს და ღიად არ აცხადებენ, რომ მათზე ან მათი ოჯახის წევრზე ზეწოლა განხორციელდა. თუმცა რამდენიმე მათგანმა ეს ჩვენთან საუბარში აღნიშნა.
"ასევე იყო სკოლის დირექტორისგან ზეწოლაც, როცა ფიზკულტურის მასწავლებელს, გიორგი სოხაძეს ემუქრებოდა სკოლიდან გაგიშვებო, მაგრამ რატომღაც დროებით შეჩერდა სკოლიდან მისი გაშვება. ეს დირექტორი ორი კვირის განმავლობაში ეუბნებოდა სოხაძეს, განცხადება დაეწერა და სკოლიდან წასულიყო.
"ასევე ქუთაისში რესპუბლიკური პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე საგამოცდო ცენტრიდან გაათავისუფლეს, სადაც ის რამდენიმე წელი მუშაობდა და პრობლემა აქამდე არასოდეს ჰქონია. საბოლოო ჯამში კი შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ფაქტები თანდათან ხშირდება და არჩევნებამდე ალბათ სხვა ზომებსაც მიიღებენ, საზოგადოებაზე ზეწოლა რომ მოახდინონ", - აცხადებს მეთაფლიშვილი.
"რეზონანსი" რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ნატო ქათამაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში თავისი გათავისუფლების გარდა, რიგით ქუთაისელებზე ზეწოლაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" აქციების შემდეგ საზოგადეობა ზეწოლაზე საუბრისგან თავს იკავებს.
"ჩემი გათავისუფლება საგამოცდო ცენტრიდან ნამდვილად პოლიტიკური მოტივით მოხდა, იქ წლების განმავლობაში ვმუშაობდი და პრობლემა აქამდე არ შემქმნია, თუმცა როგორც კი საშუალება მიეცათ, გამათავისუფლეს.
"რაც შეეხება დაშინებას და ზეწოლას ეს ქუთაისში აქციამდე დაიწყო. ძალიან ცდილობდნენ, ხალხი არ მოსულიყო, თუმცა აქციის შემდეგაც იყო ასეთი ზეწოლა, მაგრამ ადამიანები ღიად ვეღარ საუბრობენ.
"როდესაც ვთხოვე, რომ მედიის საშუალებით გაგვეხმაურებინა ზეწოლის ფაქტები და ფართო საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია, თავი შეიკავეს - ისევ და ისევ ოჯახების უსაფრთხოების გამო. როგორც პირად საუბარში მითხრეს, დაემუქრნენ, თუკი ეს გაჟღერდებოდა რომელიმე მედიასაშუალებით, ვინც სოციალურ დახმარებას იღებდა, მოუხსნიდნენ, თუ ოჯახის რომელიმე წევრი მუშაობდა, სამსახურიდან გამოუშვებდნენ, თუ ვინმეს შვილი ან ოჯახის წევრი წინასწარ პატიმრობში იყო, პრობლემები შეექმნებოდათ. ყველანაირი ბერკეტი გამოიყენეს, ძალიან კარგად ჰყავდათ შესწავლილი თითოეული მათგანი და დაშინების და მუქარის მაქსიმალურ ზომებს იყენებდნენ."
ქათამაძის თქმით, ზეწოლას არა მარტო "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელები, არამედ უბრალო კოორდინატორებიც კი ახორციელებენ.
"მაჟორიტარები და საკრებულოს დეპუტატები თავიანთ ოლქებში ეუბნებიან მოქალაქეებს ინდივიდუალურ რეჟიმში ან გამოსვლების დროს, რომ ჩვენთან ხართ და ბოლომდე ჩვენთან იქნებით, არ გაბედოთ სხვებს დაუჯეროთო. ეს ადამიანები მოქმედებენ პრინციპით - ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. საკრებულოს ყველა დეპუტატი, მერიის თანამშრომელი, ჩართულია ამ პროცესში და განსაკუთრებით ვერცერთს ვერ გამოვყოფ. ისინი სწორედ ამ ნიშნით არიან შერჩეულები, რომ ზეგავლენა იქონიონ მოსახლეობაზე და ის ელექტორატი ძალით მაინც შეინარჩუნონ, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩათ," - ამბობს ქათამაძე.
"გლობალის" ანტენები და გაფუჭებული ტექნიკა
როგორც "რეზონანსთან" საუბარში ნატო ქათამაძემ აღნიშნა, მუქარა არა მარტო აქციებზე ყოფნის გამო განხორციელდა.
"მათ "ქართულ ოცნებასთან" ყველანაირ კავშირს უკრძალავენ. ამის დადასტურება კი ქუთაისში "გლობალ კონსალტინგის" ანტენების დამონტაჟება გახდა," - აღნიშნავს ქათამაძე.
"დაახლოებით ორი კვირის წინ ქუთაისში, ახალგაზრდობის მე-6 შესახვევში, სადგურ "რიონის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალხმა "გლობალის" თეფშები დაიდგა. მუხნარის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ვიოლა (ირმა) ერისთავი მანამდე მათ ემუქრებოდა, რომ ეს თეფშები არ დაედგათ - ვისაც დახმარებები გაქვთ მოგიხსნით, თუ არა დაგიმახსოვრებთ და პრობლემებს შეგიქმნითო. ხალხმა არ დაუჯერა და მაინც დაამონტაჟეს. იმ დღესვე განმეორდა მუქარა ამ ქალბატონისგან, რომელმაც მოსახლეობას უთხრა: აბა, ნახავთ თქვენ მანდედან რაიმე ინფორმაციას თუ მიიღებთო.
"არ ვიცი, ეს დამთხვევაა თუ არა, მაგრამ რამდენიმე დღეში მაღალი ძაბვის გამო თეფშებზე რესივერები დაიწვა. ძაბვის გამო ხალხს ასევე დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა - ტელევიზორები, მაცივრები და ერთ ადამიანს სახლიც კი დაეწვა. გამოიძახეს საპატრული პოლიცია და ოქმიც შეადგინეს.
"მოსახლეობის 95% დაზარალებული იყო და მუნიციპალიტეტში განცხადებაც შეიტანეს. თუმცა ენერგოკომპანიამ უარი განაცხადა, რომ ამ ადამიანებისთვის ზარალი აენაზღაურებინა.
"ამის შემდეგ მოსახლეობამ ჩვენ მოგვმართა და მათთან შეხვედრაც გვქონდა. შევთავაზეთ კიდეც, რომ ერთად შეგვეტანა სარჩელი და დაგვევალდებულებინა ენერგოკომპანია ზარალი აენაზღაურებინა.
"ჩვენი წამოსვლის შემდეგ მუხნარის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ვიოლა ერისთავი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ისევ შეხვდნენ ამ ხალხს და უთხრეს, რომ არც ერთს არ გაებედა სასამართლოში წასვლა და სარჩელის შეტანა. მიუხედავად სახლში მიკითხვისა და გაფრთხილებისა, რამდენიმე ოჯახმა გაბედა და ჩვენამდე განცხადებები მოიტანა, რომ საქმე სასამართლოში აღვძრათ.
"ამას ხელისუფლება უნდა აკეთებდეს და იცავდეს მოსახლეობას, მაგრამ როცა ჩვენ გადავწყვიტეთ მათი დაცვა, ჩვენს წინააღმდეგაც გაილაშქრეს. ეს არის ამ ხელისუფლების სახე, არც თვითონ ეხმარებიან და სხვასაც ხელს უშლიან ამ დახმარებაში.
"ფაქტია, რომ ენერგოკომპანიის მფარველად მუნიციპალიტეტი და მერია მოგვევლინა. ამ ხალხმა ქუთაისის მაჟორიტარიც შეხვდა, მაგრამ არანაირი დახმარება ამ დრომდე არ მიუღიათ. მუნიციპალიტეტში უთხრეს, რომ ენერგოკომპანიასთან ხელშეკრულება არა გვაქვს და ჩვენს კომპეტენციაში არ არის თქვენი დახმარეობაო."
არათანაბარი მიდგომა
"სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, წინა თვეებთან შედარებით, ზეწოლისა და დაპატიმრებების რიცხვმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად მართლაც იმატა. ის "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ზეწოლები განსაკუთრებით ივნისის თვეშია მომატებული.
"ჩვენი ბოლო ანგარიში 2 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. თუმცა ანგარიშის შემდეგაც გვაქვს მსგავსი ზეწოლისა და დაპატიმრებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც გადამუშავების რეჟიმშია.
"თუ წინა თვეებს შევადარებთ, ბოლო პერიოდში ზეწოლამ იმატა. განსაკუთრებით ეს ივნისში გამოიკვეთა. გვქონდა დაშინებების, დაპატიმრებების, პატრულის მიერ გაურკვეველი მიზეზით ჯარიმების გამოწერის შემთხვევები.
"ეს ზეწოლები კი რეგიონებში უფროა, ვიდრე დედაქალაქში, განსაკუთრებით კახეთს, შიდა ქართლს, იმერეთს და სამეგრელოს გამოვყოფდი," - ამბობს ლომჯარია.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დაკავების გახშირებას, ლომჯარია ამბობს, რომ მიდგომა არათანაბარია.
"თუ შევხედავთ, ვის რა სანქცია შეეფარდება, ვფიქრობთ, რომ ეს შერჩევით ხდება. მაგალითად, პირველი დაპატიმრებები რაც იყო ქუთაისში, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ მოსახლეობის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები და გადაუმოწმებელი ფაქტები იყო. მიუხედავად ამისა, ამას მკაცრი სასჯელი მოჰყვა.
"თუ შევადარებთ ამას სხვა ფაქტებს, დავინახავთ, რომ შერჩევით მიდგომა ნამდვილად არის. იგივე სანქციების შეფარდების თვალსაზრისით. იგივეა ადმინისტრაციულ პატიმრობებზე და ჯარიმებზეც. უფრო მკაცრ სასჯელს, განსაკუთრებით პატიმრობას, ოპოზიციური პარტიების აქტივისტების და მხარდამჭერების მიმართ გამოიყენებენ. ადგილი აქვს 35-45-დღიან პატიმრობებს, მაშინ, როდესაც გარემოებები არ იძლევა ამის საშუალებას. ხოლო როცა ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, იქ გამოიყენებენ 10-15 დღიან პატიმრობებს.
"ამ მიმართულებით, ჩვენ არ ვამბობთ, რომ თითოეულ შემთხვევაში ეს ზომები არ უნდა გამოყენებულიყო. ამასთანავე, ადმინისტრაციულ პატიმრობას, როგორც არადემოკრატიულ ინსტიტუტს, ჩვენი ორგანიზაცია საერთოდ ეწინააღმდეგება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სასამართლომ "ქართული ოცნების" დაკავებულ წევრებს ბრალი თვალთმაქცური გარიგების დადების მუხლით წაუყენა და პატიმრობა შეუფარდა.
მერაბ კაჭახიძის, ტარიელ ქარდავასა და თეიმურაზ შეყლაშვილის დაკავება ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი გამოვლინებად შეაფასა.