„მარიხუანას კულტივაცია თუ ლეგალური იქნება, ყველასთვის ლეგალური უნდა იყოს და ვინმეს სახელმწიფოსგან ამაზე ექსკლუზივი არ უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. მისი თქმით, ისე გამოდის, რომ სახელმწიფოს შეეძლება მოყვანა, სხვას კი დაიჭერენ.
„ლეგალიზება არის უკეთესი გზა იმისთვის, რომ ორგანიზებულ დანაშაულს ან კრიმინალს ებრძოლო. ანუ, ფაქტობრივად ასეთი რამ ხდება, რომ თვითონ უნდა შეეძლოთ მოყვანა და სხვები დაიჭირონ? ეს აბსურდია. მე ვარ ლეგალიზაციის მომხრე, რადგან როდესაც არ არის ლეგალიზებული, ეს იწვევს ორგანიზებული დანაშაულის გაფართოებას და უფრო ბევრი პრობლემის შექმნას. თუკი ფული ტრიალებს და ეს ფული არალეგალურია, ვიღაცა ცდილობს ამ ფულის გაკონტროლებას. მარიხუანას ლეგალიზება და მკაფიო რეგულაციებში მოქცევა აბსოლუტურად ლოგიკურია. თუ ისინი გულისხმობენ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ექსკლუზივი ამის გაყიდვაზე, ხოლო სხვებს დაიჭერენ, მინიმუმ არათანმიმდევრული მიდგომაა. თუ ლეგალური იქნება, ყველასთვის უნდა იყოს“,- განაცხადა ბოკერიამ.
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.