შსს საქართველოში მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხზე კომენტარს აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მთავრობა მარიხუანასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგულაციებზე მუშაობს, მათ შორის მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვაზე. ამასთან, უწყებაში ადასტურებენ, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს.
„მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას. გარდა ამისა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით“, - განაცხადეს შსს-ში.
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.