"რუსთაველის თეატრის სარემონტო სამუშაოებში ბევრი რამ არ იყო ბოლომდე გაკეთებული... კონდიცირების სისტემა არ მუშაობს და არც გახმოვანებისა და განათების სისტემა შეესაბამება დღევანდელ სტანდარტებს," - კულტურის მინისტრის მიერ ივანიშვილის სახელით ჩატარებულ "უხარისხო რემონტებზე" გაკეთებულ განცხადებას რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა ადასტურებს.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველი დავით საყვარელიძე კი მინისტრის მიერ გაცხადებული სამუშაოების შეჩერებას არ ადასტურებს, თუმცა მას ივანიშვილის მიერ დაარსებულ ფონდ "ქართუსთან" და ასოციაცია "ატუსთან" სხვა პრეტენზიები აქვს.
"ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გარემონტდა, თავიდან სარემონტოა... ივანიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება უსაფუძვლოდ შეწყვიტა," - კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ეს განცხადება ორი დღის წინ "რუსთავი 2"-თან საუბრისას გააკეთა.
მინისტრის განცხადებას ტყუილს უწოდებს ასოციაცია "ატუს" ხელმძღვანელი და პასუხად ამბობს, რომ მათ ერთი საათითაც არ შეუჩერებიათ სამუშაოები.
"არ ვიცი, რურუამ ეს განცხადება რატომ გააკეთა. ჩვენი კომპანიის მიმართ ასეთი უსაფუძვლო, გაუმართლებელი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, მაშინ როცა 100-ზე მეტ ობიექტი გვაქვს რესტავრირებულ-გარემონტებული და სახელმწიფოსთვის გადაცემული უსასყიდლოდ, დღევანდლამდე პრეტენია არავის გამოუთქვამს და წლების წინ დასრულებული რემონტის უვარგისობა ახლა გაახსენდათ?!" - კითხულობს "ატუ"-ს ხელმძღვანელ კარლო ლეკვეიშვილი.
"შეგიძლიათ უბრალოდ დაინტერესდეთ, მიხვიდეთ, დაათვალიეროთ და ნახავთ, რა დონეზეა შესრულებული სამუშაოები. არ ვიცი, ასეთი განცხადებების გაკეთება მინისტრს რისთვის სჭირდება."
ნიკოლოზ რურუა კი ამბობს, რომ ივანიშვილმა ფონდის მხრიდან სამუშაობის შეჩერების მიზეზად მისი კუთვნილი სამშენებლო კომპანიების დაყადაღება დაასახელა.
"ბალეტი და ოპერა ყოველთვის შორს უნდეს იდგა პოლიტიკისგან და თუ ივანიშვილისთვის ეს ასე არ არის, მისი ნებაა. დაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად, თეატრი დათქმულ ვადებში - 2013 წელს - მაინც გაიხსნება და მის რეაბილიტაციის უზრუნველყოფას სახელმწიფო იღებს თავის თავზე, როგორც ეს მოხდა ბათუმისა და ქუთაისის თეატრების შემთხვევაში... ყველა ის რემონტი, რომელიც, სამწუხაროდ, გააკეთა ამ ადამიანმა, თავიდან სარემონტოა. რუსთაველის თეატრშიც, რომელიც გარემონტებული იყო ერთ-ერთი მისი კომპანიის მიერ, დღეს გაირკვა, რომ მისი საძირკვლის ნახევარი არ გაამაგრეს აბსოლუტურად აუხსნელი მიზეზის გამო და, ფაქტობრივად, რუსთაველის თეატრი ავარიულ მდგომარეობაშია," - განაცხადა რურუამ.
ოპერისა და ბალეტის თეატრის მმართველი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ "სამუშაობი არ შეჩერებულა", "ოდნავ შენელებულია" და სხვადასხვა მიზეზების გამო არ სრულდება.
საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რაც ოპერის თეატრის რეკონსტრუქციის დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში წავიდა, თეატრის რემონტმა პოლიტიკური სპეკულირების სახე მიიღო და "ეს დასს არ აწყობს."
დავით საყვარელიძე: "ასოციაცია "ატუ" და ფონდი "ქართუ" არანაირ ფინანსურ გადმორიცხვას არასდროს აწარმოებდა. "ატუ" გვეხმარებოდა იმით, რომ თავისი სტრუქტურით შემოვიდა და თავისი ხელოსნები მოჰყავდა. ადგილზე რემონტს ვინც აკეთებს, ის 100-მდე ადამიანიც ძირითადად თეატრის ტექნიკური პერსონალია. აქ ერთი მომენტია საგულისხმო, ერთ წელიწადზე მეტია ამ საქმეში უცხოელების ჩართვა ჭიანურდება. ფონდ "ქართუს" რამდენიმე თვის წინ უნდა დაედო კონტრაქტი ავსტრიელ და გერმანელ პარტნიორებთან, რომლებიც სცენის მექანიზაციას, განათებას და აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიების ინსტალაციას გააკეთებდა, იმას, რაც ყველაზე ძვირადღირებულია და ეს პროცესი იწელება. ჩვენ კი გვეჩქარება, რადგან ფაქტობრივად, შენობის გარეშე ვართ დარჩენილები და წარმოდგენებს სხვადასხვა ადგილებში ვმართავთ.
"არ მინდა პოლიტიკის გამო ხელოვნურად გაჭიანურდეს თეატრის რეკონსტრუქციის დასრულება. ვიცი, რომ ოპერის თეატრის რემონტის დასრულებში მათ ხელს არავინ უშლის. "ატუს" დღესვე შეუძლია კონტრაქტს ხელი მოაწეროს და ამით სარემონტო სამუშაოებიც მოკლე ვადაში დასრულდება. ჩვენი თეატრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებრებაშია და შესაბამისად, მინისტრსაც აქვს მოთხოვნები. მას სურს სამუშაოები ხარისხიანად გაკეთდეს და მალე დასრულდეს. აქამდე ჩატარებული სამუშაოები ხარისხიანად არის შესრულებული. თეატრის სრულმასშტაბიანი რემონტი შარშან დაიწყო. ჯერჯერობით არ შეჩერებულა და არც შეჩერდება. შესაძლოა დაფინანსების წყარო შეიცვალოს, მაგრამ ის ადამიანები, ვინც დღეს არის დაკავებული რეკონსტრუქციით, ეს პროფესიონალები სამუშაოებს გააგრძელებენ... თუკი "ატუ" კონტრაქტის გაფორმებაზე უარს იტყვის, ამას სახელმწიფო მიხედავს. ოპერა ყველას ეკუთვნის და ვთვლი, რომ სახელმწიფომაც შეიძლება თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში."
მოზარდმაყურებლთა თეატრის ხელმძღვანელი მიხეილ ანთაძე უხარისხო რემონტებთან დაკავშირებით მინისტრის სიტყვებს ადასტურებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ "თანქვამია, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო".
მიხეილ ანთიძე: "ქართუ" ფონდის მიერ თეატრის სარემონტო სამუშაოები 2007 წელს დასრულდა. საბუთებში დამხვდა ფინური და შვედური საკეთები, მაგრამ თურქული იყო დაყენებული. რაც დაწებებული იყო, სახელურები და სხვა, ყველაფერი სწრაფად აძვრა. როგორც ჩანს, ამ სისტემაში ქვედა კორუფცია არსებობდა. რემონტს რაღაც ფირმები აკთებდნენ, თუმცა მე რომ დამნიშნეს, სამუშაოები თიქმის დასრულებული იყო. ხომ მოგეხსენებათ, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო და, მართალი გითხრათ, არ მქონდა უფლება ჩავრეულიყავი და არც გამოძიება დამიწყია. ისე, საბჭოთა პერიოდის რემონტს მაგონებდა, როცა ფურცელზე ერთი იწერებოდა და მეორე კეთდებოდა...
"ის, რომ თეატრი გარემონტდა და აღიჭურვა, ამის გამო მადლობას ვუხდი ივანიშვილს, მაგრამ იმ ფაქტს ვერ დავმალავ, რომ გახმოვანების მაკინტოშის ყუთებში მაკინტოშის აპარტურა არ იდო. ასეთი ბევრი რაღაც იყო."
გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ავთო ვარსიმაშვილმა კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ისურვა. უფრო მეტიც, როგორც კი შეკითხვა მოისმინა, ტელეფონი საერთოდ გამორთო.
სოხუმის თეატრის ყოფილი მმართველი დიმა ჯაიანი ამბობს, რომ "იმას ხომ ვერ უარყოფდნენ, რომ ივანიშვილმა გაარემონტა თეატრები და ახლა იმ მიზეზს ეძებენ, უხარისხო იყოო".
დიმა ჯაიანი: "მარჯანიშვილის თეატრში ვდგამდით სპექტაკლებს, რუსთაველში 9 წელი ვიყავით, ასევე ვთამაშობდით ახმეტელის, გრიბოედოვის და სამეფო უბნის თეატრებში. უმაღლეს დონეზე იყო ყველა გარემონტებული. მსოფლიო დონის სცენები გაკეთდა, შექსპირის თეატრიც რომ ჩამოვიდეს, უმაღლესი დონის ტექნიკა მოემსახურება. ამათ შეუძლიათ ადამიანს ყველაფერი უსირცხვილოდ დააბრალონ. ყველა თეატრი მადლიერი იყო ივანიშვილით. ძალიან დიდი უნამუსობაა ახლა ამის თქმა. განათება, გახმოვანების აპარატურა, ავეჯი - ყველაფერი გააკეთა "ქართუმ". ამაზე კომენტარის გაკეთება როგორ შეიძლება?! ამ კაცს იმდენი ამაგი აქვს ქართული თეატრისა და საერთოდ კულტურისთვის, რომ ხელისუფლებას ყველაფრის თქმის უფლება არ აქვს. ამათ თეატრი არ იციან. ეს ის ხალხია, ვინც სტურუა გაუშვა თეატრიდან."
რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავას განცხადებით, თეატრში სარემონტო სამუშაოები 2006 წელს დასრულდა და ბევრი ხარვეზია. ახლა გაკეთდა ექსპერტიზა და დასკვნის მიხედვით საძირკველი ნაწილობრივ და შენობის მარჯვენა ფასადი გასამაგრებელია.
"არ ვიცი, მაშინ ვინ იღებდა სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობას და რა და როგორ კეთდებოდა," - უთხრა ჩიქობავამ "რეზონანსს". " - ასევე არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ბოლომდე მიყვანილი არ ყოფილა. ეს "ქართუ" ჯგუფის დამსახურებაა თუ ადამიანების, ვინც უშუალოდ ამ სარემონტო სამუშაოებს ატრებდა, ვერ გეტყვით. თეატრში რომ კონდინცირების სისტემა არ ფუნქციობს და სარემონტო სამუშაოებში ბევრი სხვა რამეც არ არის ბოლომდე გაკეთებული, ეს შემიძლია გითხრათ. არც გახმოვანებისა და განათების სისტემა შეესაბამება დღევანდელ სტანდარტებს. არის სცენის სეიფი, რომლის მუშაობა თეატრისათვის აუცილებელია და რომელიც უნდა გაკეთებულიყო, ასევე წყობიდან გამოსულია სახანძრო უსაფრთხოების ფარდა და ის სარემონტო სამუშაოების დროს არ გამოცვალეს."
ჩიქობავა ამბობს, რომ ის თეატრის მმართველი 2007 წლიდანაა და ამის შემდეგ რამდენჯერმე დეფექტების გამოსწორების თხოვნით მიმართა "ქართუ" ფონდს, თუმცა სიტუაცია არ გამოსწორებულა.
"გათბობა-კონდიცირების სისტემასთან დაკავშირებით იყო მცდელობა, თუმცა ძალიან ძვირადღირებული აპარატი, რომელიც თეატრში დგას, ვერ აამუშავეს," - დასძენს ჩიქობავა.
ამბობს, რომ ბზარები მატულობს, ქიმერიონში ნესტი ფრესკებს აფუჭებს, ეს საგანგაშოა, მიმართვა "ზემდგომ ორგანოებს" გაუგზავნეს და იმედი აქვს, რომ თანხებს მალე გამოყოფენ.
ასოციაცია "ატუს" ხელმძღვანელი კარლო ლეკვეიშვილი ყველა ბრალდების პასუხად ამბობს, რომ ეს პრეტენზიები უსაფუძვლოა.
"ყოველდღე რაღაც ახალი ბრალდება ჩნდება. ჩვენ ყველაფერს გეგმის მიხედვით ვაკეთებთ," - უთხრა ლეკვეიშვილმა "რეზონანსს". " - ვეცდები ბრალდებებზე გიპასუხოთ. მაგალითად, რუსთაველის თეატრის ფუნდამენტის გამაგრება ძალიან ადრე, 1996 წელს მოხდა. 2005 წელს მუშაობდა შპს "ბურჯი". ჩვენ 2006 წლიდან დავიწყეთ ობიექტების რეკონსტრუქცია. ჩვენი გაკეთებულია გრიბოედოვის თეატრი, ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი, საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული კორპუსი, კახიძის მუსიკალური ცენტრი, უნივერსიტტის პირველი კორპუსი, ავჭალის სტადიონი და ა.შ. არასდროს მათგან არ გვსმენია, რომ რაღაც უხარისხო იყო. რასაც მოზარდმაყურებელთა თეატრის ხელძღვანელობა ამბობს, რომ ავსტრიული იყო გაფორმებული და თურქული შემოგვაპარესო, აბსურდია. ძალიან კარგი ურიერთობა გვაქვს ყველასთან და როცა რაიმეს შეცვლა უნდათ, ამას ყველაფერს ყოველთვის ვითვალისწინებთ.
"რაც შეეხება ოპერის თეატრის მმართველის ბრალდებას. ვიცი, რომ არსებობს უცხოური კომპანია, რომლისგანაც ძვირადღირებული აპარატურა უნდა შემოვიტანოთ, მაგრამ ყველაფერს აწონ-დაწონვა სჭირდება. სწრაფად საქმე არ კეთდება, იმათ კი ეჩქარებათ. დღეს რომ აპარატურა შევიძინო და აღმოჩნდეს, რომ თურმე მოძველებულია და სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ისევ ჩვენ ხომ დაგვბრალდება?! ამიტომაც მიმდინარეობს ანალიზი. ჩვენ რა ვალდებულებაც გვაქვს, ყველაფერს ვასრულებთ და ზედმეტად ჩვენს ფუნქციებში ნუ ჩაერევიან.
"რურუამ ბრძანა, სამუშაოები შეაჩერესო, არაფერი შგვიჩერებია. ოპერის დირექტორი კი რომ ბრძანებს, ჩვენი მუშაკები მუშაობენო. ჩვენ პატივი ვეცით და მათი პერსონალიდან, უმუშევარი რომ არ დარჩენილიყო, სამუშაოზე რამდენიმე ადამიანი ავიყვანეთ, უმეტესობა კი იქ ჩვენი მუშაა. დღეში 100 კაცზე მეტი მუშაობს და ერთი საათიც კი არ გაგვიჩერებია ეს ობიექტი. პირობას ვდებთ, რომ გაისად რემონტი დასრულდება."