"ვერის უბნის მელოდიები" - "სოფო ნიჟარაძის მორიგი ახირება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილებს..."

რამდენიმე კვირაა, ინტერნეტსივრცეში საკმაოდ უცნაური ვიდეოები ჩნდება. ამ ვიდეოებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9" ავრცელებს. მათ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "რეალ ტივის" მიკროფონიანი გოგონები დასდევენ და გარდა იმისა, რომ მუშაობაში ხელს უშლიან, საკმაოდ უცნაურ შეკითხვებს უსვამენ. მაგალითად, რა არის დედუქციის მეთოდი, "უეტერგეიტი" (იგულისხმება და სწორი ვარიანტია უოტერგეიტი) იციან თუ არა, ვინ არის ჯეკ ლონდონი და ა.შ. ზოგი თავს თავისუფალ ჟურნალისტს უწოდებს და მათი მიკროფონიც ლოგოს გარეშეა. იყო შემთხვევაც, როდესაც ერთ ჟურნალისტ გოგონას ხუთი ახალგაზრდა ბიჭი დასდევდა და უხერხულ შეკითხვებს უსვამდა. "ინფო 9" "მეცხრე არხის" ბაზაზე შექმნილი საინფორმაციო სააგენტოა. ეს ტელევიზია კი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ამ უცნაური "ჟურნალისტების" ჯგუფის შესახებ ჩვენს კოლეგა ალეკო ელისაშვილს ვესაუბრეთ.

- შეიძლება განაწყენდნენ "მეცხრე არხის" ჟურნალისტები, მაგრამ ჯერჯერობით ეს ტელევიზია ვერ გაიმართა. სულითა და გულით ვუსურვებ წარმატებებს, მაგრამ გაცილებით ეფექტური პროექტია "ინფო 9". სულ ვამბობდი, რომ ხელისუფლება გაცილებით კარგად გრძნობდა თავს რეგიონებში. იქაური ჩინოვნიკები იყვნენ აღვირახსნილები, მეფე-მონები. რეგიონის დარდი "კავკასიის" ეკრანზეც არ ჩანდა, რადგან იქ ვერ გვიყურებენ და ვერ ვაჩვენებდით რეგიონების მოხელეების თავაშვებულობას, რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევის გარდა. "ინფო 9"-მ ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაადგა ფეხი ხელისუფლებას და მათი რეალური სახის წარმოჩენა დაიწყო, ადგილობრივი ხელისუფლების ყეყეჩი წარმომადგენლების, რომლებიც პირდაპირ გადადიან ჟურნალისტების შეურაცხყოფაზე. მათ არ იციან, რა არის თმენის ვალდებულება და არც ის, რომ ჟურნალისტს მუშაობაში ხელი არ უნდა შეუშალო.

- და მათ დაემატათ ეს უცნაური "ჟურნალისტთა" კორპუსი?
- არა, ჩინოვნიკები რეალურად უტვინოები აღმოჩნდნენ, რადგან არც ინტელექტუალური შესაძლებლობა აქვთ პასუხის გასაცემად, არც კაცობა და არც სახელმწიფოებრივი ცნობიერება. ხელისუფლება მიხვდა, რომ "ინფო 9"-ის სახით დიდი ზვავი დაატყდათ თავს. ადგნენ და ვიღაც ქალები და კაცები მოძებნეს. თავიდან ბიჭები დასდევდნენ ჟურნალისტებს, მერე მიხვდნენ, რომ უხერხულია, ერთ გოგონას ხუთი კაცი მისდევდეს და ამჯერად ნაპატივები იდიოტები მიუქსიეს, ეს ტუტუცი გოგონები, ვითომ ძალიან ინტელექტუალები რომ არიან. ჯეკ ლონდონი კი არა, "თხა და გიგო" არ ექნება იმ ტილიან გოგოს წაკითხული. სამტრედიაში დედულეთი მაქვს და შევუთვალე კიდეც იმ ღაბაბიან ბიჭებს, რომლებიც თავიდან ამ საქმეზე მუშაობდნენ, თუ იცნობთ, გადაეცით, რომ სადაც ვნახავ, იმ ღაბაბებს დავუწელავ-მეთქი. რომელიმეს სამტრედიაში თუ შევხვდები და ვიცნობ, აუცილებლად ვცემ.

- ამის გამო დაგიჭერენ.
- დამიჭირონ, მერე რა მოხდა. დასაჭერები ისინი არიან, ერთ გოგოს რომ ხუთი თავგასიებული დასდევს. საჯარო მოხელე რომ კამერით მიჰყვება და ჟურნალისტს ხელს უშლის, რატომ მათ არ იჭერენ, ეგ არ არის კანონის დარღვევა? ვაი, იმ ხუთი ტიპის პატრონს, თავი რომ კაცები ჰგონიათ. დასხდებიან მერე სუფრასთან და სადღეგრძელოებს წარმოთქვამენ. აი, ის გოგონები ამეკიდონ და დედუქციასაც ვასწავლი და ისეთს ვუზამ, რომ დონაძის კანტორამდე ვარბენინებ ორთაჭალაში. ერთ-ერთ ვიდეოში "ინტელექტუალური" ოროსანი გოგონა რომ იყო, მიკროფონისთვის "რეალ ტვ"-ის ლოგო მოეხსნა. ვაი, მაგის პატრონს, დაჯდეს სოფლის ბიბლიოთეკაში და სამი წიგნი წაიკითხოს. ცუდად მოიქცა "ინფო 9"-ის რამდენიმე ჟურნალისტიც, ავარდნენ ფინთი გოიმებივით. ერთი გოგონა მომეწონა, რომელსაც "ციცინათელას" ეზოში დასდევდნენ, მშვიდად და აუღელვებლად შეხვდა მათ პროვოკაციას. ხელისუფლების სახეა გურამ დონაძე და მისი ტელევიზიაა "რეალ ტვ". წარმოიდგინეთ, ამ გარეწრულ ტელევიზიას ჩვენ ვაფინანსებთ. აბა, ვის უნდა მაგ ტელევიზიაში რეკლამის მიტანა და მერე უჩნდებათ ეს ძონძი იდეები. ან ერთი ვითომ "ჟურნალისტი" რომ ამბობდა, აქ წყლები გამოჰყავთო, წადი გოგო, ლობიო ჩაადგი. ყანაში რომ დადიან ქუსლიანი ფეხსაცმელებით, მაგათ პატრონს.

- მსგავსი რამ არ გვახსოვს არც "კავკასიის" და არც "მაესტროს" ჟურნალისტების შემთხვევაში, ამათ არავინ დასდევნებიათ.
- ასეთ რამეს "კავკასიის" ჟურნალისტებს ვერ გაუბედავენ. მოვიდნენ აქ და ვანახვებ მერე, "უტერგეიტს" და დედუქციას, ქაჩალი რომ წავა აქედან. ვოცნებობ, რომ ეს ქეციანები მეც დამხვდნენ.

- გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა, "ფეისბუქზე" დაწერა, რომ "რეალ ტვ" ზუსტად ისე ექცევა "ინფო 9"-ს, როგორც ისინი სოფლის მოხელეებს.
- ძალიან სამარცხვინო ნათქვამი იყო. კარგი იქნება, თუ უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი უფრო მორიდებული, მოკრძალებული იქნება და ასეთ აზრებს ნაკლებად გადმოაფრქვევს. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული რჩევა, რასაც "ფეისბუქზეც" ვურჩევ ხოლმე, მაგრამ არ იღებს რჩევებს, მერე უარესს ამბობს. არადა, ამიხსენით, როგორ ექცევიან "ინფო 9"-ის ჟურნალისტები საჯარო მოხელეებს, შეკითხვებს უსვამენ და ის თავგასიებულები კი დედას აგინებენ, წიხლებს ურტყამენ. ჟურნალისტები პრობლემებზე უსვამენ კითხვებს, ამას კი აქამდე შეჩვეული არ იყვნენ.

- ალეკო, რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ჟურნალისტების დევნა, ამით ხომ უფრო სასაცილო სიტუაციაში იგდებენ თავს?
- ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მიშა მაგარი არ იყო, უბრალოდ, მანამდე მისი მოწინააღმდეგეები ყველა გაცილებით "დურაკი" იყო ლევან გაჩეჩილაძით დაწყებული. თუნდაც ზურაბ ნოღაიდელი. დღეს სააკაშვილი პიარში თავის ძირითად ოპონენტთან, ბიძინა ივანიშვილთან ძალიან აგებს. აიღეთ ჟურნალისტების დევნა, რომელიც რეალურად არარსებული თემა იყო და ბოლოს სალაპარაკოდ იქცა. აცალე რა, მიდის და გადაიღოს მასალა. ჩასვლა უნდა კახი კალაძეს რომელიღაც სოფელში, ჩავიდეს. ეს წინასაარჩევნო შეხვედრები პიარის კუთხით ყველაზე უღიმღამოა, მაგრამ ამათი დავალებით მთვრალები მიდიან, ვითომ შეხვედრის ჩასაშლელად, რაც ამ ამბავს უკვე საინტერესოს ხდის, ეშხს მატებენ. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო სოფელ ნიქოზში, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ადგილობრივი გამგებელი, მისი ცოლი, სიდედრი, ჯანმრთელი ქალები დახვდნენ და ყვიროდნენ, გადით აქედანა... ამდენად "მიშა მაგარიას" პიარი ჩვენ თვალწინ იმსხვრევა ამ ყვირილითა და "ინფო 9"-სთვის ასეთი ფორმით ხელის შეშლით.

- არ გიფიქრიათ, რომ ამ თემაზე ჟურნალისტებს ერთიანი განცხადება გაგეკეთებინათ, ან სახალხო დამცველისთვის მიგემართათ, ფაქტია, რომ ამ ჟურნალისტებს სოლიდარობა სჭირდებათ...
- სიმართლე გითხრათ, ვერ ჩამოვყალიბდით, რა ფენომენთან გვაქვს საქმე. ისე მშურს მათი, იმდენად კარგად აკეთებენ საქმეს, რომ ხელისუფლებამ მათთან საბრძოლველად ასეთ ხერხს მიმართა. მე თავად არ მაქვს იდეა, როგორ დავუჭირო მხარი, მაგრამ მზად ვარ, ვისაც რამე წინადადება ექნება, შევუერთდე. ერთია, რომ ჟურნალისტი ჟურნალისტს ასე ექცევა, მაგრამ ხომ დადასტურდა, რომ მათ შორის რამდენიმე საჯარო მოხელე გახლდათ. ეს ტიპები რეალურად კრიმინალს სჩადიან. ერთს ვურჩევ ამ ჟურნალისტებს, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციას და არ შეჰყვნენ მათ "ინტელექტუალურ" დებატებს. მაგ "ჟურნალისტ" გოგონას კი გადაეცით, რომ ეზო დაგავოს, დედუქციაზე ამდენს ნუ ფიქრობს - მავნებელია.

- ალეკო, მართალია თქვით, რომ ხელისუფლებას პიარში პრობლემები აქვს, მაგრამ ისინი ჩვეულებრივად აგრძელებენ სახელისუფლებო პიარს, ახლა მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები" იდგმება.
- ეტყობა, სოფო ნიჟარაძეს საქმე მოაკლდა და მორიგი უნიჭობა უნდა მოგვასმენინონ. "ქეთო და კოტე" ხომ იყო საშინელება, რა უქნეს ამ შესანიშნავ მიუზიკლს. სოფო შესახედავად მშვენიერი გოგონაა, მაგრამ ხმა იმას არ აქვს და სმენა. ძალით აყვირებენ, სადღაც დაატარებენ და ფულსაც ფლანგავენ. ჩვენ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, პენსია 3000 ევროა, გაჭირვებული ადამიანები არ არიან და მილიონები უნდა ვყაროთ მორიგ დებილობებში.

- ეს რა მიზანს შეიძლება ისახავდეს?
- სოფო ნიჟარაძის ახალი კაპრიზია, რომ აქტუალური გახდეს და ხელისუფლება ამას უსრულებს. ჩვენი გულმოწყალე იმპერატორი სააკაშვილი ამ ახალ ახირებას უკმაყოფილებს. წყალში ყრის მილიონებს და ამ დროს დღეს რამდენიმე ადამიანს ველოდები, რომლებსაც ლუკმაპური არ აქვთ. ერთი ინვალიდი ქალია, ძალიან უჭირს, შვილი ჰყავს, მეორეს მერია ქონებას ართმევს, ხალხია, რომელთაც ქონება ეკუთვნით, მაგრამ შენობაში ვერ შედიან. მთელი დღე ასე ვარ, ზოგს აქციის დაგეგმვაში ვეხმარები, რომ ვიღაცას ხმა მიაწვდინონ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, არ ვიცი.

- ალეკო, რეგიონებშიც უჭირს მოსახლეობას, მაგრამ ისინი ხშირ შემთხვევაში ძალიან თბილად ხვდებიან პრეზიდენტს. განსაკუთრებით ასაკოვან ქალბატონებს უყვართ, რა ფენომენია ეს?
- ერთ მაგალითს მოგიყვანთ, გაიხსენეთ ბიძინა ივანიშვილის სტუმრობა სოფელ მერეთში, იქ ერთი საწყალი ქალბატონი იყო, ყვიროდა, ჩემთვის სააკაშვილი პრეზიდენტი კი არა, ღმერთიაო. მერე ერთ-ერთი საიტის ჟურნალისტმა გაარკვია, რომ ეს ქალბატონი გორში უფასო სასადილოში დადის და ამით არსებობს. ეტყოდნენ, აქ ხომ იღებ უფასოდ საჭმელს, წადი ახლა მერეთში და იყვირე, რომ მიშა გიყვარსო. ჯერ იქ წასასვლელი ფული სად ექნებოდა ქალს, რომელიც გორში უფასო სასადილოში დადის. გორიდან მერეთამდე ათი კილომეტრი მაინც იქნება. ფეხით ხომ არ ჩავიდოდა, გამოდის, რომ თავად ჩაიყვანეს. აი, ასეთი ქალბატონები დადიან, უფასო სასადილოს რომ სტუმრობენ ან ისინი, რომელთა ოჯახებსაც ძალიან უჭირთ. ხელისუფლება ასეთი გაჭირვებული ხალხის შანტაჟზე დგას, უფასო სასადილოში აღარ გაჭმევთ, ტრაქტორი არ მოვა და არ მოგიხნავთ, სოციალურ დახმარებას შეგიწყვეტენო და თუ გახსოვთ, მართლაც შეუწყვიტეს რამდენიმეს დახმარება. ეს ხომ მათხოვრობაა?

- ბოლოს გკითხავთ, თქვენი აზრით, რატომ გადაიყვანეს ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
- მიხვდნენ, რომ პიარს აგებდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან აკრიფა რეიტინგი. ობიექტურად რომ შევაფასოთ, მთავარი "ნიუსმეიკერი" იყო ივანიშვილი. მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა შეეცვალათ და ერთი კვირის განმავლობაში "ნიუსმეიკერი" გახდა ხელისუფლება, ვანო მერაბიშვილის პრემიერის პოსტზე გადაყვანით, მაგრამ ახლა ისევ უკან ხომ არ გადმოიყვანენ? ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ პირველად მოხდა მთავრობაში რეალური საკადრო ცვლილება და არ ჰქონია ამას სასაცილო კარუსელის სახე, ყველას რომ ყველა პოსტი აქვს ჩამოვლილი. ერთი კვირა ეს იყო სალაპარაკო თემა, მაგრამ ბევრს ვერაფერს შეცვლიან. ვანო მერაბიშვილი არ არის საჯარო ფიგურა. ახლა დადის, ვიღაცებს ეხუმრება, ძალიან სასაცილოდ წარმოაჩენს თავს. არც აქეთ არის ივანიშვილი ციცერონი, დიდი მჭევრმეტყველი, მაგრამ უფრო ბუნებრივია. ივანიშვილს ის ბექგრაუნდი არ აქვს, რაც მერაბიშვილს. ნაციონალებმა ფალავანი გამოიყვანეს ასპარეზზე.

- რეალურად ივანიშვილი-მერაბიშვილის დაპირისპირება ორი ფალავნის შერკინებაა?
- დიახ... ნინო ჯანგირაშვილმა თქვა იმ დღეს და ვეთანხმები, მიშამ მედვედევი გამოიყვანა. მერაბიშვილი არის სააკაშვილის ყურმოჭრილი ყმა. როგორც პუტინს ჰყავდა მედვედევი სკამზე მიბმული, პოსტი შეუნახა და მერე მოვიდა პრემიერად, ასე ჰყავს მიბმული ვანო მერაბიშვილი იმ სკამზე, რომ მერე სააკაშვილი გახდეს პრემიერ-მინისტრი. ვანო კი დაბრუნდება სადმე ისე პატიოსნად, როგორც მოიყვანა.