შეიძლება, ვინმემ არაობიექტურობა დამწამოს, მაგრამ ვთვლი, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ევროსასამართლოს ყოფილი იურისტი და ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი თეა წულუკიანი ქართულ პოლიტიკაში ჭეშმარიტად ახალი სახეა...
- თეა, ბრძოლისთვის მზად ხარ?
- დიახ.
- კოალიციას რა ბრძოლა ელის?
- ამ დღეებში კოალიციაში შემავალი პარტიების საქმიანობაზე საბოლოო იერიშს მიიტანენ.
- რას გულისხმობ?
- ჩვენს წინააღმდეგ იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს, ანუ ჯარიმის გადასახდელად 7-დღიანი ვადა იწურება...
- უკაცრავად, თუ ჯარიმას არ გადაიხიდით, დაყადაღებულ პარტიებს აუქციონზე გაიტანენ თუ რა მოხდება?
- (იღიმება) ალბათ, სამეტყველო აპარატს დაგვიყადაღებენ და ოპონირებს ვეღარ შევძლებთ! მოკლედ, ჩვენ ამ ჯარიმას არ და ვერ გადავიხდით, რასაც კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის საბანკო ანგარიშის დაყადაღება და მთელი ჩვენი ქონების აუქციონზე გაყიდვა მოჰყვება.
- ანუ, აქუციონზე ოფისები გაიყიდება?
- ოფისიც, თუკი საკუთრებაა, მაგრამ მხოლოდ ეს კი არა, ყველაფერი - კომპიუტერები, პრინტერები, სკამები...
- პარტიების ქონება ჯარიმის ადექვატურია?
- ზოგის შეიძლება, იყოს, ზოგის - არა, მაგრამ ჯარიმის ნაწილს მაინც ამოიღებენ. ამის შემდეგ კი, პარტია ვალაუვალად ჩაითვლება...
- მოკლედ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კოლაციამ და მასში შემავალმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ?
- მიზანი, ალბათ, ესაა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას მაინც მივიღებთ...
- ისე, ჩვენში დარჩეს და, არჩევნების მოსაგებად ოფისი მთავარი არაა და ამას 1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნებიც მოწმობს, როცა “მრგვალმა მაგიდამ” კომუნისტებს კუდით ქვა ასროლინა...
- ოფისი, შეიძლება, თბილისში არაა საჭირო, მაგრამ რაიონებში აუცილებელია, რადგან იქ ოფისი ერთადერთი ადგილია, სადაც ხალხი ინფორმაციას იღებს, ანუ ოფისებს რაიონებში უფრო მეტი დატვირთვა აქვს, თუმცა გეთანხმები, რომ ბრძოლის გაგრძელება ოფისების გარეშეც შეიძლება...
- თეა, შემახსენე, საერთო ჯამში, პარტიებმა რამდენი უნდა გადაიხადოთ?
- სამ მილიონამდე...
- ამ წუთას, მაგალითად, ალასანიას პარტიის ანგარიშზე რა რაოდენობის თანხაა?
- ბიუჯეტიდან თვეში 11 ათას ლარს ვიღებთ, რითიც ოფისის, სახელფასო და სხვა ხარჯებს ვფარავთ. ამ 11 ათასიდან ამ თვეში რამე დარჩა თუ არა, არ ვიცი...
- რამდენიმე თვის წინ, ბიძინა ივანიშვილმა “ოცნების” პარტიებს მილიონ-მილიონი ლარიც ხომ ჩაურიცხა?
- ის შარშანვე დაიხარჯა...
- ესე იგი, საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემდეგ, “ოცნება” რეგიონებში მოსახლეობას ვეღარ შეხვდება, რადგან სხვა თუ არაფერი, საწვავის საყიდელი ფულიც აღარ გექნებათ, არა?
- მიზანი ესაა, მაგრამ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ...
- და ეს გამოსავალი რა არის?
- ვფიქრობთ...
- თეა, ამასიწნათ, ივანიშვილმა განაცხადა, ყველაფერი გეგმის მხიედვით მიდისო, ანუ ეს გეგმა, მაგალითად, კარალეთის მსგავს ინციდენტებსაც, ასე ვთქვათ, მოიცავდა?
- ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ყველაფერი ისე მიდის, როგორც გავთვალეო, ანუ გათვლილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი ისტერიკაში “ჩავარდებოდა” და ასეც მოხდა - ივანიშვილს ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვა, მერე, სახელმწიფო აპარატი აამუშავა იმ მატერიალური რესურსის წინააღმდეგ, რომელ რესურსსაც წლების განმავლობაში თვითონ იყენებდა, ახლა კი, ეს რესურსი რუსული და ბინძური გახდა... ამასთან, შექმნა მონიტორინგის სამსახური...
- ახალ ქართულ წყევლას, ალბათ, ყური მოჰკარი - შენ დაგედოს ყადაღა და შენ მოგეწია მოგელაძეო...
- ეს ცუდი წყევლაა... სხვათა შორის, გუშინ ლევან ბეჟაშვილთან შეხვედრაზე ვიყავი, მაგრამ მოგელაძე დაიმალა.
- შეაშინე?
- ალბათ, მოგელაძეს ეშინია, რომ იმ ოპოზიციონერებს, ვისაც უკანონოდ აჯარიმებს, თვალებში ჩახედოს.
- ისე, თეა, ხმა დადის, 27 მაისისი “ოცნების” აქციაზე ნათია მოგელაძის ბიძაც იმყოფებოდა...
- ეს არ გამიგია, თუმცა ჩვენს აქციებზე ბევრი საჯარო მოხელის ოჯახის წევრი დადის...
- რა ამის პასუხია და, ვანო მერაბიშვილის აპრემიერებამ კოალიცია “ქართული ოცნების” გეგმებში რა შეცვალა?
- არაფერი და ზუსტად იმ გეგმით მივდივართ, რომელიც გვქონდა. ბაჩო ახალია, თურმე, ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილმა შეცდომა დაუშვა, როცა “ქართულ ოცნებას” აქციების გამართვის საშუალება მისცა. ბაჩო ახალაია “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაულის სავარაუდო ავტორი, ყველაფერზე წამსვლელია და შეუძლია, ქვეყანა ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიიყვანოს. ამიტომ, მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ...
- საერთოდ, არსებობს მოსაზრება, რომ მერაბიშვილი “ქართული ოცნების” მიმართ გამოჩენილ გარკვეულ ლოიალობას შეეწრია...
- ალბათ, ასეა. სააკაშვილისა და ახალიას დაჯგუფება მიხვდა, რომ მერაბიშვილი ის არაა, რომელიც ყველაფერზე წავა. ამიტომ, შს მინისტრად ის ადამიანი დანიშნეს, რომელიც ყველაფერზე წასულა, წავა და ამ მხრივ პრობლემას არ შექმნის.
- თეა, გულახდილად მითხარი: ივანიშვილსა და მერაბიშვილს შორის პოლიტიკური ფლირტი რეალურად არსებობს?
- არა!
- აბა, ერთმანეთის მიმართ საჯარო სიმპათიას რატომ გამოხატავენ? მაგალითად, ივანიშვილი მერაბიშვილს კარგ მენეჯერად მიიჩნევს, მერაბიშვილი ივანიშვილს კი, - კარგ ქველმოქმედად...
- მართალია, მერაბიშვილი სააკაშვილის მინისტრია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის, რაც ივანიშვილს მასში დადებითი მოეჩვენა, არ აღნიშნოს... მერაბიშვილის ნათქვამი კი, ფლირტს კი არა, მისი მხრიდან სიფრთხილეს ნიშნავს.
- ანუ?
- ვთვლი, რომ მას, მიშას სახით, პატრონი აღარ ჰყავს, ანუ მიშას ვანო აღარ აწყობდა და პრემეირად დააყენა, რა არის ამაში გაუგებარი?
- ესე იგი, მერაბიშვილი ქვეყნის ხერხემალი აღარაა?
- ჩემი აზრით, აღარაა.
- და ხერხემალი ახალაიაა?
- დიახ...
- ...”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ მხოლოდ ცალკეული თანამდებობის პირები გაასამართლა, უფრო სწორად, ექსჩინოვნიკებს ბიუჯეტის სასარგებლოდ მილიონობით ლარი გადაახდევინა. იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვა, ანალოგიურად მოიქცევა და სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს არ დააყენებს, თუ ყველას ყველაფერი მიეტევება?
- ყველაფერი ყველას ვერ მიეტევება და იმ დანაშაულის გამო, რაც ჩადენილი აქვს, პასუხი ყველამ უნდა აგოს!
- თეა, როგორც იურისტს, ისე გეკითხები: რა ბრალდებით შეიძლება გასამართლდეს სააკაშვილი?
- მას შეიძლება, ბევრი პატარა და დიდი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. მართალია, ჯერჯერობით უდანაშაულობის პრეზუმფციით სარგებლობს, მაგრამ შეიძლება, ბრალდება წაეყენოს გულგრილობიდან დაწყებული, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფით დამთავრებული... თუ დადგინდა, რომ სააკაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი, ცხადია, უნდა დაისაჯოს!
- და ეს ხომ საერთაშორისო სკანდალი იქნება, მით უმეტეს, რომ მსოფლიო მას “დემოკრატიის ბურჯის” სტატუსით იცნობს...
- სააკაშვილი დემოკრატიის ბურჯი არაა. ეს, უბრალოდ, მითია, რომლის დამსხვრევაც დანაშაული არაა...
- თეა, რა ამის პასუხია და, მეჩვენება, რომ რაღაც უღიმღამოდ მელაპარაკები...
- იმიტომ, რომ ეს მოძველებული შეკითხვებია...
- რომელი შეკითხვაა მოძველებული?
- მაგალითად, დასჯით თუ არა მიშასო...
- კარგი, რახან ასეა, ახალ შეკითხვებს დაგისვამ, თუმცა ეს ადრეც მიკითხავს: თუნდაც კარალეთის ინციდენტი მოწმობს, რომ ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს...
- კარალეთი აგონიის გამოხატულება არ იყო?
- “მეოცნებეები” კარალეთში “ქვის წვიმაში” მოჰყვნენ და ესაა უკან დახევა?
- ბასიშვილის ორი “ზონდერი” - მაისურაძე და გოჩაშვილი დაიჭირეს. გოჩაშვილი ამ “ზონდერების” უფროსია, ანუ ხელისუფლება მიხვდა, რომ კარალეთს ასე ვერ ჩაატარებდა და ვიღაც უნდა გაეწირა, რაც “ზონდერების” ჯგუფისთვის ძალიან დიდი დარტყმაა. სხვათა შორის, მერეთის ინციდენტმა საერთაშორისო დონეზე იმუშავა...
- დასავლეთი შეშფოთდა და აღშფოთდა, არა?
- დიახ და, აბა, მეტს რას ელი?
- და ხალხს ეს “შეშფოთება-აღშფოთება” უშველის?
- ამ ხალხს ჩვენ უნდა ვუშველოთ! ჩვენ რაღაცას მუდმივად გარედან ველით, არადა, ასე არ უნდა იყოს! ისე, ამ შეშფოთებითაც კმაყოფილი ვარ, რადგან მეგობარს, თუნდაც სტრატეგიულს, მეტი არაფერი ევალება და ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. ეს ქვეყანა “შეშფოთების ავტორების” კი არა, ჩვენია. ყველამ იმის მაქსიმუმი გავაკეთოთ, რაც გვევალება. მე პირადად, ასე ვარ...
- მგონი, მეც მაქსიმუმს ვაკეთებ...
- კი ბატონო, მაგრამ მუდმივ კრიტიკაში ხარ...
- თეა, ფილმ “ჭრიჭინასი” არ იყოს, კრიტიკა ეხმარება ადამიანს...
- ვანო, იცი, როგორ პოზიციაში დარჩი? - ოპოზიციამ იმ უბედურებას, რომელიც ქვეყანას მიშა სააკაშვილი სახით ჭირს, უცბად უნდა მოუაროს...
- თეა, ნება მომეცი, არ დაგეთანხმო, მით უმეტეს, რომ მსგავსი კინო მრავალჯერ მინახავს: ყოველ შემთხვევაში, ადამინათა ნაწილი, რომელიც ახლა “მეოცნებეა”, თავის დროზე სააკაშვილის კარზე იყო აღზევებული, მერე, მიშას ზურგი აქცია და ხან ლევან გაჩეჩილაძეს მიეკედლა, ხან - ნინო ბურჯანაძეს... მოკლედ, ხომ მაქვს უფლება, რომ ამ ადამიანების არ მჯეროდეს?
- ვანო, ხომ მეთანხმები, რომ ერთ ადგილას დგომის უფლება არ გვაქვს?
- დიახ, გეთანხმები...
- კი ბატონო, ოპოზიცია ცოდვებით დამძიმებულია, მაგრამ ამის გამო წინ აღარ წავიდეთ?
- “ქართული ოცნების” წინგადადგმულ ნაბიჯად რას თვლი?
- იმას, რომ ხალხში ნიჰილიზმი გაქრა. იმ პოლიტიკური პარტიის წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში, მართლაც, ახალი ძალა და კოალიციის ერთ-ერთი სუბიექტია...
- მაპატიე და, ალასანიას გუნდი რაღაც აღარ აქტიურობს...
- როგორ არ ვაქტიურობთ, უბრალოდ, ახლა კოალიციაში ვართ...
- თეა, ნიჰილიზმი კოალიციამ კი არა, მე თუ მკითხავ, პიროვნულად ივანიშვილმა გააქრო...
- მეკითხები, კოალიციამ რა გააკეთაო და გპასუხობ, ხალხში ნიჰილიზმი გააქრო-მეთქი, ანუ მაგალითად, ჩვენი პარტია, რომელიც კარგი კადრებითაა დაკომპლექტებული, კოალიციამდე ის ძალა არ იყო, რომელიც ხალხში ნიჰილიზმს გააქრობდა. მაშინ ამომრჩეველს რომ ველაპარალკებოდით, მიმღეობა არ ჰქონდა, რადგან ოპოზიციამ იმედი რამდენჯერმე გაუცრუა და ყველაფრის უარყოფაში იყო, ანუ არაფრის სჯეროდა. დღეს კი, მდგომარეობა შეცვლილია და ამის არდანახვა არ შეიძლება.
- კეთილი, შენი პასუხი მისაღებია, მაგრამ გამორიცხავ, რომ მოვლენები იმ სცენარით განვითარდეს, რაც ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა?
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ ერთ დღეს სპეცდანიშნულების რაზმი, ან კრიმინალური პოლიცია “ოცნების” ოფისში შემოვარდეს, კოალიციის ლიდერები დაიჭიროს და სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, რასაც არჩევნების ჩაშლა მოჰყვება?
- ამას გამოვრიცხავ... უკვე 2012 წელია და ეს ვერ მოხდება.
- რატომ ვერ მოხდება?
- იმიტომ, რომ სხვა მოცემულობააა...
- თეა, ქვები 2003 წლის არჩევნების წინაც ვნახეთ - ბოლნისში ჩასულ სააკაშვილსა და მის მომხრეებს ადგილობრივებმა ქვები დაუშინეს. ამ ამბებიდან ლამის ათი წელი გავიდა და ქართულ პოლიტიკაში ქვები ისევ აქტუალურია, ანუ ესაა სხვა მოცემულობა?
- ანალოგიური მოვლენები იმას არ ნიშნავს, რომ იგივე სცენარი განმეორდება. ოქრუაშვილი ის ძალა არ იყო, რა ძალაც დღეს “ქართული ოცნებაა”.
- რა მოხდება არჩევნების მეორე დღეს?
- არჩევნების მეორე დღეს მოვლენები იმ სცენარით განვითაერდება, რომელ სცენარსაც ხელისუფლება აირჩევს.
- სცენარი ორნაირია: სამართლიანი არჩევნები, ან არჩევნების გაყალბება... სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, გასაგებია, რაც მოხდება...
- სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში შესაძლოა, დამარცხდეს როგორც ერთი, ასევე, მეორე მხარე. უსამართლო არჩევნების შემთხვევაში კი, მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნება” დამარცხდება.
- რა კრიტერიუმით განისაზვრება არჩევნების სამართლიანობა?
- ეს მარტივი შეკითხვაა - სამართლიანი არჩევნები იმით განისაზღვრება, თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის პროცესი. ჩვენ უკვე წინასაარჩევნო პროცესში ვართ, რომელიც უსამართლოა და ლევან ბეჟაშვილსაც ვუთხარი, კონტროლის პალატა, კუდ-თან ერთად, საარჩევნო გარემოს სამართლიანობას ხელს უშლის - სასამართლოში თქვენგან დაჯარიმებული 13 ოპოზიციონერი რომ მიდის და უკან ერთი კინკილა “ნაციონალი” მიჰყვება, ეს უცხოელებისთვის გჭირდებათ-მეთქი.
- და რა გიპასუხა?
- არაფერი. უბრალოდ, დამპირდა, რომ მომაწვდის მასალებს, რომლებითაც ჩანს, რომ კონტროლის პალატა “ნაციონალებსაც” სჯის... მოკლედ, დღევანდელი საარჩევნო გარემო აბსოლუტურად უსამართლოა და მთელი სახელმწიფო მანქანა “ქართული ოცნების” წინაღმდეგაა მიმართული, თუმცა არაა გამორიცხული, ეს გარემო გაუმჯობესდეს, რისთვისაც ძალიან ბევრს ვმუშაობთ. სხვათა შორის, კარალეთის შემდეგ, “ოცნების” წარმომადგენლებს შეხვედრები 20-მდე სოფელში ჰქონდათ, მაგრამ ინციდენტი აღარ მომხდარა, რადგან ამ შეხვედრების შესახებ უწყებათშორის კომისიას წინასწარ შევატყობინეთ, რომ ამ სოფლებიდან “ბასიშვილის ზონდერები” მოეცილებინა...
- თეა, მერე მეტყვი, სულ კრიტიკული ხარო, მაგრამ მერეთის მაგალითიდან გამომდინარე, ხომ შეეძლო კოალიციას, რომ კარალეთის შეხვედრის შესახებ უწყებათშორის კომისიისთვის წინასწარ ეცნობებინა?
- კარალეთის შეხვედრაზე იმიტომ არ შევატყობინეთ, რომ იქ დაძაბულობას არ ველოდით... მოკლედ, დღეს საარჩევნო გარემო სამართლიანი არაა და აქედან გამომდინარე, ძნელია, ვივარაუდოთ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, თუმცა იმასაც ვამბობ, რომ ეს გარემო შეიძლება, გამოსწორდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, არჩევნების დღეს მოხდება თუ არა გაყალბება. არსებობს ე.წ. საარჩევნო სკოლა, სადაც დამკვირვებლების ტრეინინგი იქნება.
- კოალიციას სულ რამდენი დამკვირვებელი ეყოლება?
- ყველა უბანზე, მინიმუმ, ორი დამკვირვებელი გვეყოლება.
- ეს სკოლა უკვე მუშაობს?
- როგორც ვიცი, დიახ... თუკი ჩვენი და უცხოელი დამკვირვებლებისგან შემოგვივა ინფორმაცია, რომ რომელიმე უბანზე არჩევნები სერიოზულად გაყალბდა, ამაზე პოლიტიკური და სამართლებრივი რეაქცია გქვექნება.
- სამართლებრივ რეაქციაში რას გულისხმობ?
- საჩივრებს...
- თეა, “ვარდების რევოლუციის” წინ, თუ არ ვცდები, კობა დავითაშვილი, რომელიც იმხანად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძმადნაფიცი იყო, ედუარდ შევარდნაძეს დაემუქრა, თუ რევოლუცია უნდა, მიიღებს რევოლუციასო. მიიღებს თუ არა სააკაშვილი რევოლუციას არჩევნების მეორე დღეს?
- არ ვიცი, ეს თავად უნდა გადაწყვიტოს. სიმართლე გითხრა, კოალიციაში რევოლუციის სცენარი არ განიხილება, რადგან გვჯერა, არჩევნებზე ამომრჩეველთა ისეთი ტალღა მოვა, რომ რევოლუცია არ დაგვჭირდება!
- არ გეხამუშება, “ნაციონალები” “ოცნებელებს” “პუტინისტებს” რომ გეძახიან?
- (იღიმება) არ მეხამუშება, რადგან თავს ასეთად არ ვთვლი.
- კარალეთისა თუ “ქართუ-ჯგუფის” გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ბიძინა ივანიშვილი როგორ გუნებაზეა?
- ძალიან მშვიდადაა და გადაწყვეტილებებს აბსოლუტურად ცივი გონებით იღებს.
- თეა, ამის გამო მოგელაძემ შეიძლება, ტყავი გამაძროს, მაგრამ არ ვმალავ, რომ მეგობრები ვართ. ჰოდა, რითი დაგეხმარო?
- კრიტიკით... საერთოდ, მთელი ქართული მოსახლეობისთვის...
- საქართველოს მოსახლეობისთვის...
- რატომ გამისწორე?
- იმიტომ, რომ “ნაციონალები” ამბობენ, თუ ეს კოალიცია შოვინისტური არაა, რატომ ქართული და არა - საქართველოს ოცნება, საქართველოში ხომ ეთნიკური არაქართველებიც ცხოვრობენო...
- ვანო, საქართველოში ცხოვრობენ ქართველები, რომლებიც ეთნიკურად არაქართველები არიან.
- ეს როგორ?
- ჩემთვის ყველა, ვისაც საქართველოს პასპორტი აქვს, ქართველია! საქართველოში მცხოვრებ სომეხსა თუ აზერბაიჯანელს საქართველო ისევე აქვს გათავისებული, როგორც მე მაქვს. ისინი გულმხურვალე პატრიოტები არიან!..
- ...”ნაციონალების” ერთ-ერთი მთავარი საარჩევნიო დასაყრდენი, თურმე, პრობაციონერები არიან, ანუ მათ დაჰპირდნენ, თუკი არჩევნებზე მმართველ გუნდს გარანტირებულ ათ ხმას მიუტანენ, პრობაციონერის სტატუსს მოუხსნიან...
- ხელისუფლება პრობაციონერებს, რა თქმა უნდა, იყენებს და მათ ემუქრება, რომ ისევ ციხეში შეაბრუნებს, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ხელისუფლების ამ მახეში ყველა პრობაციონერი ებმევა...
- თეა, რაღაც უცნაურად მიყურებ, გაგაბრაზე?
- არა, მაგრამ რაღაც ძველებურ შეკითხვებს სვამ...
- ახლებურ შეკითხვებს მაშინ დაგისვამ, როცა მაგალითად, იუსტიციის მინისტრი გახდები...
- (იღიმება) შენთან საუბრისას კისერში მჭვალი გამიჩნდა...
- ასე ვეღარ მიტან?
- (გულიანად იცინის) შეიძლება, ერთი შეკითხვა დაგისვა?
- დამისვი...
- შენ, როგორც ჟურნალისტი კოალიციას რას გვთავაზობ?
- არაფერს...
- ესე იგი, ჩემი მუშაობით კმაყოფილი არ ხარ, მაგრამ არაფერს გვთავაზობ...
- თეა, მე შენზე კი არა, ზოგადად, კოალიციაზე გელაპარაკები...
- მე ხომ კოალიციის ნაწილი ვარ...
- კარგი, რახან ასეა, მითხარი, რა არის კოალიციის სუსტი წერტილი?
- ხანდახან მოუქნელია, თუმცა არჩევნებამდე დაიხვეწება, მაგფრამ იდეალურ ფორმას ვერ მიაღწევს, რადგან კოალიცია სხვადასხვა პარტიითაა დაკომპლექტებული, ერთ პარტიად ვერ იქცევა და ეს, პირიქით, კარგია...
- მოკლედ, თეა, წარმატებებს გისურვებ!