პარლამენტის შენობა ბიზნესმენმა ბუბა ქებურიამ იყიდა?!

პარლამენტის შენობა ბიზნესმენმა ბუბა ქებურიამ იყიდა?!

"პარლამენტში სამი დღეა ერთადერთი საზრუნავი ნივთების ჩალაგება და იმაზე ფიქრია, თუ "რა ეშველებათ". ამით არიან დაკავებულლი აპარატის თანამშრომლებიცა და დეპუტატებიც. პარლამენტის აპარატის უფროსი კი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ატყდა ეს აურზაური. ყველაფერი ორშაბათს იმით დაიწყო, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს უთხრეს, რომ ნივთები ჩაელაგებინათ, რადგან თვის ბოლოდან შვებულებაში წავიდოდნენ. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი ვის რა ელოდება, არავინ იცის - სწორედ ამან შექმნა ის პანიკა, რაც დღეს პარლამენტშია ატეხილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პარლამენტიდან ნივთები დეპუტატებსაც გააქვთ.

"ამას დაემატა ის, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პარლამენტის შენობა უკვე გაყიდულია და ინვესტორმა მოითხოვა შენობა დაუყოვნებლივ დაეცალათ, კარ-ფანჯარა ჩამოეღოთ და სველი წერტილები დაენგრიათ. თუმცა ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს და დღემდე აცხადებენ, რომ შენობა გაყიდული არ არის. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ისე გაბრაზდა გორში "ქართული ოცნების" მიერ გამართული აქციის ნახვისას, რომ მოითხოვა პარლამენტი აგურ-აგურ დაეშალათ - ძნელი სათქმელია, გორის აქცია და პარლამენტის შენობა ერთმანეთთან რა კავშირშია, მაგრამ, როგორც ამბობენ, პარლამენტის სასწრაფოდ დაცლის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სწორედ ამ აქციის შემდეგ მიიღო და ახლა პარლამენტიც იძულებულია, კვირის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამიტომაც ამ დღეებში პარლამენტში ქაღალდების გადარჩევის, ნივთების ყუთებსა და ჩანთებში ჩალაგების, პარლამენტის აპარატის უფროსის სახელზე განცხადების დაწერის - თუ ვისი პირადი რა არის და რის გატანას აპირებს, ჩუმად ვიშვიშის - თუ რა ეშველებათ, მეტი არაფერი ხდება. დეპუტატთა ნაწილი იმასაც კი ამბობს, რომ პარლამენტში სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს და ამიტომაც არის საჭირო ოთახების დაცლა. თუმცა რემონტი აქამდეც გაკეთებულა და ოთახები არასოდეს დაუცლიათ. ამის მიუხედავად, საკუთარ ნივთებს დეპუტატებიც ალაგებენ. მათმა ნაწილმა პირადი ნივთები უკვე წაიღო. მთელი პარლამენტი ჩალაგებით არის დაკავებული, გარდა ფრაქციისა "ერთობა სამართლიანობისთვის". როგორც ფრაქციის თავმჯდომარე კარლო კოპალიანი აცხადებს, მისი ფრაქცია ოთახების დაცლას არ აპირებს, რადგან პარლამენტის უფლებამოსილება არ ამოწურულა და გაუგებარია, როგორ შეიძლება დეპუტატს პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვონ", - დასძენს გამოცემა.

"ფრაქციის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე შენობის დაცლის პროცესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისგან განმარტებებს ითხოვს. მისი თქმით, დავით ბაქრაძემ უნდა განმარტოს, თუ რას უკავშირდება შენობის ასე სწრაფად დაცლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და სად შეეძლებათ დეპუტატებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება. დეპუტატი ასევე ამბობს, რომ კაბინეტების დაცლის თაობაზე დავალება მას ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ დაუდასტურა და ასევე მისი ფრაქციის წევრებმაც მიიღეს შესბამისი გაფრთხილება", წერს სტატიის ავტორი.

"პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი პარლამენტის შენობის დაცლასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადების არსებობას უარყოფს და ამბობს, რომ ახალ მიმდინარეობს "მხოლოდ ნივთების ჩალაგება", რათა საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი ქუთაისში გადასასვლელად მზად იყოს. მისი განმარტებით საგაზაფხულო სესიას გარანტირებულად დამთავრდა და რადგან არც საკომიტეტო მოსმენებია და დეპუტატებიც წინასაარჩევნო რეჟიმზე არიან გადასულები, აპარატის თანამშრომლებმა პირადი და სამსახურებრივი ნივთების შეკვრის და დასაწყობების დავალება მიიღეს. დეპუტატებისთვის კი არავის უთქვამს, რომ ნივთები ჩაალაგონ. მისი თქმით, ქუთაისში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და სრულიად გასაგებია, რომ იქ გადასვლას გარკვეული პერიოდი დასჭირდება და უმჯობესი იქნება მზადყოფნა თავიდანვე იყოს, რადგან შენობა სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. მისივე აზრით, აპარატის თანამშრომლების მზადყოფნა გადასვლისთვის საშAემოდგომო სესიის გახსნას ხელს არ შეუშლის", - დასძენს სტატიის ავტორი.

"მართალია ეკონომიკის სამინისტრი დაჟინებით უარყოფს, საქართველოს პარლამენტის შენობა არ გაყიდულაო, მაგრამ ამ უზარმაზარი კომპლექსის დაცლა უკვე დაიწყო. აპარატის თანამშრომლებს მიღებული აქვთ დავალება, რომ სამუშაო ოთახები 1 კვირის განმავლობაში გაათავისუფლონ. ბრძანება მოულოდნელი იყო როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის წევრებისთვის. საკუთარი კაბინეტები უკვე დაცალეს ზაზა გამცემლიძემ, კობა ხაბაზმა, ოთარ თოიძემ, პავლე კუბლაშვილმა და სხვა დეპუტატებმა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით პარლამენტის შენობა ბიზნესმენმა ბუბა ქებურიამ იყიდა?!

"როგორც მოძრაობა "საქართველოს გზის" ლიდერი და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ბალიაშვილი ამბობს, სავარაუდოდ, პარლამენტის შენობა რუსეთსა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ბუბა ქებურიამ იყიდა. ამჟამად გადახდილია 25 მილიონი, ანუ ნახევარი, ხოლო მეორე ნაწილის გადახდა არჩევნებამდე მოხდება. თურმე ქებურიას დავალება მიუღია - მაქსიმუმ ერთ თვეში პარლამენტის წინ ბენერები გამოკიდოს, თუ რა გაკეთდება ამ ადგილას და სარემონტო სამუშაოებიც არჩევნებამდე დაიწყოს. ბუბა ქებურია გახლავთ მოდელისა და ჯაბა კილაძის ყოფილი შეყვარებულის - ლიკა ქებურიას მამა, რესტორან "ამბასადორისა" და საგამოფენო სახლის მფლობელი. მას პარიზის ქართულ დიასპორაში იცნობენ როგორც ქველმოქმედს და მის სახელს უკავშირდება პარიზში თამარ მეფის სახელობის ეკლესიის აშენებაც", - აღნიშნავს გამოცემა.

"მე პირადად ასე მეუბნებიან, შენობა იყიდება, მაგრამ ჯერ კონკრეტული პიროვნება არ ჩანსო. როგორც გავიგე, ბუბა ქებურიას საფრანგეთშიო აქვს რაღაც ბიზნესი, მაგრამ რუსეთშიც ფლობს. მე თუ მკითხავთ, ეს შენობა საერთოდ არ უნდა იყიდებოდეს. მართალია, საბჭოთა არქიტექტურაა, მაგარმ მაინც ისტორიულია. რა თქმა უნდა, 50 მილიონი ლარი მიზერული თანხაა ამ ადგილისთვის, ქვეყნის ცენტრალური მოედნისთვის. ამჟამად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნებამდე მოასწრონ ეს ყველაფერი. თუ რამის გაყიდვა უნდათ, უნდა გაყიდონ არჩევნებამდე, ფული აქვთ ასათვისებელი და ბუნებრივია, აქ რეალურ თანხებზე არ იქნება საუბარი. სადაც ახლა პარლამენტის შენობაა, 1939 წლამდე ტაძარი იყო. თუ მაინდამაინც უნდათ, რომ ამ ადგილას პარლამენტი არ იყოს,მაშინ დაუბრუნონ პირვენდელი სახე, ააშენონ ეკლესია", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ბალიაშვილი და შეკითხვას - "ეგ ძალიან დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული" - პასუხობს:

"ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რის გაკეთებას გეგმავს ბიზნესმენი ქებურია ან რა გარიგება არსებობს ხელისუფლებასა და ქებურიას შორის. ალბათ, ამ დღეებში გაირკვევა ყველაფერი და სასაუბროც ბევრი იქნება".