ქვეყნის მხედართმთავრის ქონებრივი დეკლარაცია

ქვეყნის მხედართმთავრის ქონებრივი დეკლარაცია

თავდაცვის ახალი მინისტრის კორუფციული ვნებებისა და მილიონერობისადმი მიდრეკილების შესახებ, სხვა მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, არაფერია ცნობილი. არც მისი ბიზნეს-წილების შესახებ საუბრობენ კულუარებში. თუმცა დიმიტრი შაშკინი არც სამოთახიან "ხრუშჩოვკაში" ცხოვრობს და არც "სააკაშვილის გაღლეტილთა" სიის მიღმაა დარჩენილი. "პირWელმა" სხვა მაღალჩინოსნების მსგავსად, დიმიტრი შაშკინის ქონებრივი დეკლარაციაც მიმოიხილა, თუმცა ამის შესახებ ცოტა ქვემოთ მოგითხრობთ.

მანამდე კი, ძალიან საინტერესოა, რამდენად წარმატებული იქნება "ვარდოსნების" ამირსპარსალარი ახალ ამპლუაში. პროგნოზირება საკმაოდ რთულია, რადგან ხატია დეკანოიძეს იმდენად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა, რომ ამის აღიარება თვით მიხეილ სააკაშვილსაც ხშირად უხდება. განათლების სფეროში კარგად ჩახედული პირები კი კატეგორიულად აცხადებენ, რომ შაშკინის მიერ ჩამონგრეული განათლების სისტემის ნანგრევებიდან გაწმენდას ხატია დეკანოიძე ვერ შეძლებს.

ნანგრევებისგან გაწმენდას თუ ვერა, არაკვალიფიციური კადრებისგან გაწმენდა მაინც არ უნდა გაუჭირდეს ახალ მინისტრს. როგორც ამბობენ, სკოლები შაშკინის ახლობელ-ნათესავებით, თანასკოლელებით, მეგობრებითა და პროტეჟეებით გაივსო, გაურკვეველი ინტელექტის, განათლებისა და მსოფლმხედველობის მანდატურებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

დიმიტრი შაშკინი ალბათ გაითვალისწინებს ძველ შეცდომებს და ჯარს ექსპერიმენტების პოლიგონად არ აქცევს. არც არაკვალიფიციურ ახლობლებს დაასაქმებს თავდაცვის სისტემაში, რადგან ეს მისთვის ძალიან საშიში იქნება. ქვეყნის მხედართმთავარს ახლა, პოსტსააკაშვილისეული ეპოქის მიჯნაზე, მკაცრად დისციპლინირებული და მორჩილი ჯარი ყველაზე მეტად სჭირდება!

ქონებრივი დეკლარაცია

2009-2011 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა და ახლადდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით 151 450 ლარი აიღო.

როგორც "პირWელის" მიერ შაშკინის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, განათლების და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა 2009 წელს აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით - 2 770 ლარი აიღო, 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 70 800 ლარი, 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 77 880 ლარი გამოიმუშავა.

გარდა ამისა, 2009 წლის დეკლარაციის მიხედვით, თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორი იყო, სადაც ანაზღაურების სახით 10 000 ლარი აიღო. ასევე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის თანამდებობაზე 70 886 ლარი გამოიმუშავა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) კი - ხელფასის სახით 700 ლარი აიღო.

ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლებშიც ცარიელია.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დიმიტრი შაშკინს 2009 წელს "საქართველოს ბანკში" ორი საკრედიტო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელზეც ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 2100 აშშ დოლარი და 4000 აშშ დოლარი ერიცხებოდა. "თიბისი ბანკში" გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე - 350 ევრო, ბანკ "რესპუბლიკაში" გახსნილ საბანკო ანგარიშზე კი - 1500 ლარი უფიქსირდებოდა.

2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, თავდაცვის მინისტრს "საქართველოს ბანკში" გახსნილ ორ საკრედიტო ანგარიშზე ნაშთის სახით, ისევ 4000 დოლარი და 2100 დოლარი უფიქსირდებოდა. "თიბისი ბანკში" გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე 150 ევრო, ბანკ "რესპუბლიკაში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე 250 ლარი, "ტაო პრივატ ბანკში" გახსნილ საკრედიტო ანგარიშზე კი, ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 10 000 აშშ დოლარი უფიქსირდებოდა.

უკვე 2011 წლის დეკლარაციაში დიმიტრი შაშკინს "საქართველოს ბანკში" არსებულ საკრედიტო ანგარიშზე ნაშთის სახით - 10 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა, "ტაო პრივატ ბანკის" საკრედიტოზეც - 10 000 აშშ დოლარი, "თიბისი ბანკის" მიმდინარეზე - 25 ევრო, "რესპუბლიკა ბანკის" სახელფასოზე კი - 2 000 ლარი.

თავდაცვის მინისტრის უძრავ ქონებას რაც შეეხება, 2009 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, დიმიტრი შაშკინს საკუთარ სახელზე - თბილისში, წერნაკის #5-ში 294 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და ასევე, თბილისში, რობაქიძის #-ში 166 კვ.მ ფართობის ბინა აქვს გაფორმებული.



ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, შაშკინის მეუღლეს ანნა შაშკინას თბილისში, წერნაკის #4-ში 257 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა და ასევე, წერნაკის #4-ში 248 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი აქვს.

აღსანიშნავია, რომ 2010 და 2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, შაშკინების უძრავ ქონებას არც არაფერი შემატებია და არც დაკლებია!

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლების დეკლარაციებში დიმიტრი შაშკინს მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანა “WV Touareg” აქვს მითითებული.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, 2009-2011 წლების დეკლარაციების მიხედვით, შაშკინის ოჯახის არცერთი წევრი არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, არც დიმიტრი შაშკინს და არც მის მეუღლეს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.

დეკლარაციას თუ ვენდობით, 2009-2011 წლების განმავლობაში თავდაცვის მინისტრს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღიათ.

ასევე, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა - "თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე", როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლების დეკლარაციებში ცარიელია.

ცნობისთვის, დიმიტრი შაშკინის ოჯახი მეუღლის - ანნა ტყემალაძე-შაშკინას და შვილების - ნიკოლოზ და სოფიო შაშკინებისგან შედგება.