როგორ დაიცვა სააკაშვილმა თავისივე დაცვის წევრების მიერ გარეთ გაყრილი პენსიონერები

როგორ დაიცვა სააკაშვილმა თავისივე დაცვის წევრების მიერ გარეთ გაყრილი პენსიონერები

16 ივლისს, მას შემდეგ, რაც ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით შესრულებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთ ფილიალს ესტუმრა და მორიგი "ბიჭების დაწიოკება" მოაწყო.

ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების მისაღებად ბანკის გარეთ გრძელ რიგში მდგარი პენსიონერების დანახვაზე პრეზიდენტის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა და ბანკის ხელმძღვანელობას დაემუქრა კიდეც: "კიდე ერთხელ ვნახავ გრძელ რიგებს და ბანკს საპენსიო ლიცენზიას საერთოდ ჩამოვართმევ!".. პენსიონერებს კი საზეიმოდ შეჰპირდა: "ამიერიდან ვერავინ გაცდევინებთ გარეთ და ვერავინ გაიძულებთ კარებთან ატუზვას!" რა მოხდა ბათუმში სინამდვილეში? როგორც სანდო წყარომ გვაცნობა, ბანკში მიხეილ სააკაშვილის სტუმრობამდე იქ მისი დაცვის წევრები მივიდნენ, ფილიალის ხელმძღვანელობას უთხრეს: ამდენ ხალხს ვერ გავაკონტროლებთო, ბანკის ვიდეოკამერები გათიშეს და შენობაში მხოლოდ 25 პენსიონერი დატოვეს, დანარჩენები კი შენობის გარეთ გაუშვეს, იქ დადექითო. ასე რომ, სააკაშვილმა თავისივე დაცვის წევრების მიერ გარეთ გაყრილი პენსიონერები "დაიცვა" ხალხის მტრებისგან, ბოროტი ჩინოსნებისგან. და კიდევ - ცხადია, წინასაარჩევნოდ, ეს სადაზღვევო ბარათებიც მორიგი აგიტ-პროპაგანდის საგნად იქცა და ამ ალიაქოთში, პენსიონერებს ისიც ვერ განუმარტეს წესიერად, რომ სადაზღვევო ბარათების მოქმედების ვადა მხოლოდ 1-ლი სექტემბრიდან იწყება და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ამ გაპიარებულ ბარათს 16 ივლისს აიღებ, თუ 31 აგვისტოს.