“გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ქსნის ციხეში 40 პატიმარი ჰყავთ მოკლული და მათ “გაყინულ მდგომარეობაში” ინახავენ!”

“გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ქსნის ციხეში 40 პატიმარი ჰყავთ მოკლული და მათ “გაყინულ მდგომარეობაში” ინახავენ!”

ხელისუფლების მიერ შექმნილი და პროპაგანდირებული სამხედრო ფორმირებები, რომლებსაც “ნაციონალები” ნებაყოფლობით რეზერვს ეძახიან, მხოლოდ ქართული კი არა, საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებასაც იწვევს. როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, ამ გასამხედროებული შენაერთებით სამხედრო ამოცანები ვერ გადაწყდება. ამასთან, გაურკვეველია მათი სახელმწიფოებრივი დანიშნულებაც. მაშ, რისთვის შეიძლება გამოიყენოს სააკაშვილმა ასეთი “ზონდერ-ბრიგადები”? “ქართულ სიტყვას” “გადაარჩინე სიცოცხლეს” თავჯდომარე იური ვაზაგაშვილი ესაუბრა:

- მას მერე, რაც ქვეყნის სათავეში მოვიდა, “ნაცმოძრაობამ” ერი ორ ნაწილად გაყო: ერთ მხარეს პოლიციაა, მეორე მხარეს კი, - საზოგადოება. ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი ჩამოყალიბდა და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს. პოლიციას ფულს იმიტომ ვუხდით, რომ ჩვენს ინტერესებს იცავდეს, პოლიცია მხოლოდ ხელისუფლების შეკვეთებს ასრულებს. 2004 წელს, ბუტა რობაქიძე რომ მოკლეს, მას შემდეგ კიდევ 150-მდე ახალგაზრდა დახვრიტეს. ტრაბახად ნუ ჩამითვლით, მაგრამ მოძრაობა “გადაარჩინე სიცოცხლე” შვილმოკლულმა მშობლებმა დავაარსეთ და, ამდენი პროტესტის შემდეგ, მათი შეჩერება შევძელით, თუმცა ახლა ხალხს ციხეებში აწამებენ. ადრე კონცლაგერებში არ იყო ისეთი სიტუაცია, როგორიც დღეს საქართველოს ციხეებშია. სხვათა შორის, გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ქსნის ციხეში 40 პატიმარი ჰყავთ მოკლული და მათ, ასე ვთქვათ, გაყინულ მდგომარეობაში ინახავენ. ეს ინფორმაცია დაზუსტებული არაა და მკითხველის წინაშე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ ეს შემზარავი ინფორმაცია დადასტურდეს. ვგიჟდები, თუ როგორ ახერხებენ დახოცილი ბიჭების ოჯახების გაჩუმებას. გადაგვარების გზაზე ხომ არ ვდაგავართ? - ამის მეშინია. ადამიანებს სიცოცხლე უფალმა გვაჩუქა, მისი წართმევის უფლება არავის აქვს. მსოფლიოში, ორი თუ სამი ქვეყნის გარდა, დახვრეტა აკრძალულია. ესენი კი, ქუჩაში ხალხს უგანაჩენოდ ხვრეტენ. ამასწინათ, ტელევიზიით აჩვენეს, რომ დათა ახალაია, “სამგორის” მეტროსთან, გარდაცვლილს ტყვიას მოღიმარი ახლიდა...
ხელისუფლების პოლიტიკა ასეთია: რაც მეტ ადამიანს დახოცავ და დაუნდობლობას გამოიჩენ, მით უფრო წაგახალისებენ და თანამდებობაზე დაგნიშნავენ. ჩემი შვილის, ზურას მკვლელი დათო დვალიშვილი, “წარმატებული სპეცოპერაციისთვის”, მანდატურის სამსახურის გენინსპექციის უფროსად დანიშნეს. ამ მკვლელებს დღემდე ვანო მერაბიშვილი მფარველობდა და ის აწინაურებდა. ფილმი “ალიბაბა და 40 ყაჩაღი” ხომ გახსოვთ? ჰოდა, ალიბაბა მიშა სააკაშვილია, რომელმაც მთავარი მკვლელი, მერბიშვილი დააწინაურა და პრემიერ-მინისტრობა უბოძა... მათი კლანიდან ერთი უკვეთავს მკვლელობას, მეორე კლავს, მესამე მკვლელებს აწინაურებს.
ქვეყანას სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მართავენ, მაგათია სასამართლოც და პროკურატურაც. ამ ხალხს ყველა რაიონში ჰყავთ “ზონდერ-ბრიგადები”, რომლებიც ხალხში შუღლსა და დაპირისპირებას თესავენ. მაგალითად, კახეთის “ზონდერები” მიჰყავთ ახალციხეში, ან აჭარაში, სადაც ასრულებინებენ შავ სამუშაოს და მერე, ისევ უკან აბრუნებენ. რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, ხედავთ, თუ როგორ გააფთრებულია ხელისუფლება - “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს არბევენ, ციხეში ერეკებიან, ზოგსაც აშანტაჟებენ.
მინდა, ერთი ინფრომაცია მოგაწოდოთ ზონდერების მფარველ ბადრი ბასიშვილზე, რომელმაც 26 მაისს “კარგად იმუშავა” და მომიტინგეები დაარბია. ეტყობა, დაუფასეს “ღვაწლი” და გორში ბავშვთა საავადმყოფო სიმბოლურად, ერთ ლარად აჩუქეს მას. რა დამსახურებითვის აჩუქეს საავადმყოფო? - ალბათ, იმისთვის, რომ სააკაშვილის ყურმოჭრილი მონაა. ვიდრე სული მიდგას, ამათ თავგასულობას არ შევეგუები!

- პრემიერად ახლადდანიშნულ ვანო მერაბიშვილს ჯონდი ბაღათურიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შეახსენა. მერაბიშვილმა მშვიდად განაცხადა, გირგვლიანის და სხვა მკვლელობეზე პასუხისგებას არ გავექცევიო. თქვენი აზრით, რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა?

- ვანო მერაბიშვილი სამაგისოდ არ ღირს, რომ მასზე ლაპარაკს დიდი დრო დავუთმო. ის მინისტრად კი არ უნდა იჯგიმებოდეს, უნდა წავიდეს და ისეთ ქვეყანაში დაიმალოს, სადაც ვერავინ მიაგნებს, ან ქუჩაში როგორ გამოდის და ხალხს როგორ უყურებს თვალებში?
სხვათა შორის, ახლახან ცესკო-დან 40 თანამშრომელი გაათავისუფლეს და მათ ნაცვლად კუნთმაგარი, კარგად ნავარჯიშები ბიჭები დანიშნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხმების დასაცავად სერიოზულად უნდა მოვემზადოთ! საერთოდ, ხელისუფლებას ჰყავს ისეთი ხალხი, რომელიც არსად მუშაობს, მაგრამ ხელფასს იღებს. ეს ადამიანები დაჰყავთ “ზონდრერებად”, ანუ მაშინ იძახებენ, როცა სჭირდებათ. მხოლოდ ესენი კი არა, დარბევებზე პარლამენტარებიც დადიან.

- რომელი პარლამენტარი გყავთ მხედველობაში?

- ბადრი ბასიშვილი და ხულიგანი დეპუტატი კაკო ბობოხიძე, ისინი არც ერთ დარბევას არ აკლდებიან. ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოება გამოვდივართ ინიციატივით, რომ როგორც კი არჩევნებს დავამთავრებთ, ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრებს არ დაუნიშნონ პენსია. რა დამსახურების გამო უნდა ვუხადოთ მათ ფული, როცა ქვეყნის დაქცევის გარდა მონაწილეობა, რეალურად, არაფერში მიუღიათ? ქვეყანა დაშალეს და მომავალმა თაობამ ამის გამო უნდა უხადოს მათ ფული?
- ბატონო იური, კულუარებში ხშირად საუბრობენ სამთავრობო კლანურ დაჯგუფებებზე. თქვენი ინფორმაციით, დღეს ვისი კლანი უფრო გავლენიანია?

- როგორც გარედან ჩანს, მიშასთვის ყველაზე სანდო ახალაიები არიან. ამიტომაც ებარა ბაჩოს მთელი ჯარი, ახლა კი, პოლიციაც მას ჩააბარა და ამით ვანოს თოფი და ძალა გამოაცალა. ჩემი ვარაუდით, ვანო შესუსუტებულია. ძმებმა ახალაიებმა, ისვე, როგორც მათმა მამამ, როლანდმა გამოიჩინეს თავი სადიზმში. იმასაც ამბობენ, რომ მათ ციხიდან გამოიყვანეს პატიმრები და სამეგრელოში წაიყვანეს. ეს ხალხი უნდა გამოიყენონ “ქართული ოცნების” დასარბევად. სამეგრელოს ყველა სოფელში ჰყავთ 15-20-კაციანი დაჯგუფება და სოფლის მოსახლეობას ატყუებენ, ესენი ქვენი დამცველები არიან და ყველა პრობლემას გადაგიჭრიანო. ხალხმა იცის, ამ ბანდების უკან ვინც დგას.

- ვინ დგას, ბატონო იური?

- რა თქმა უნდა, - ძმები ახლაიები, მათ გარეშე სამეგრელოში ჩიტი ვერ გადაფრინდება. მათ ციხიდან პატიმრები გამოიყვანეს, რომელთაც დავალებები მისცეს და, სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, ყველაფერი უნდა გადააბრალონ აფხაზურ მხარეს. სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს ხელისუფლება ხალხს და ამიტომ, ამ ანკესზე არ უნდა წამოვეგოთ. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები გაგვიყალბეს, იძულებული ვიქნებით, დავიცვათ ჩვენი ხმები. დამიჯერეთ, ეს ბრძოლა მოგებულია, უბრალოდ, ამას დაკანონება სჭირდება!