რუსთაველის თეატრის შენობას ბზარები ემატება

რუსთაველის თეატრის შენობას ბზარები ემატება

რობერტ სტურუამ „მეფე ლირის“ დადგმით, ყველა პოლიტოლოგსა თუ პოლიტიკოსზე გაცილებით ადრე იწინასწარმეტყველა ის, რაც საქართველოს ელოდა.

რეჟისორმა წინასწარ „იცოდა“, თუ როგორ დაინგრეოდა ქვეყანა, როგორ დაიშლებოდა წლების განმავლობაში შენარჩუნებული ურთიერთობები, როგორ დაეცემოდა სულიერება, როგორ დაიკარგებოდა ღირსება, როგორ დაკარგავდა ფასს ჭეშმარიტი ფასეულობები.

მან ისიც განჭვრიტა, რომ ქართული კულტურის უნიკალური ძეგლების განადგურებასთან ერთად,  რუსთაველის თეატრის ნგრევაც დაიწყებოდა.

ეს დროც დადგა. უკვე რამდენი ხანია, „რუსთაველის“ ადმინისტრაცია შეშფოთებული და სასოწარკვეთილი მოუხმობს საზოგადოებას, სპონსორებს, მთავრობას - გადაარჩინონ რუსთაველის თეატრი. „გაიღონ მოწყალება“, რათა შეგროვილი თანხით შესაძლებელი გახდეს სარემონტო და გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება.

ტერმინი „მოწყალება“,  ალბათ ამ შემთხვევაში, უადგილოა, რადგან რუსთაველის თეატრი არც მხოლოდ სტურუასია, არც გია თევზაძის, არც რომელიმე მსახიობისა თუ რეჟისორის. ის ყველასია.

გადის დღეები, თვეები, წლები და არაფერი არ იცვლება. მხოლოდ ის, რომ თეატრის კედლებს ბზარები და ნაპრალები ემატება. ყოველდღიურად ირღვევა საძირკველი, რაც მთელი შენობის რყევას იწვევს.

თანხა, რომელიც მთავრობამ ოდესღაც რეკონსტრუქციისთვის გამოყო, დიდი ხანია, საქმეს მოხმარდა, ახალი თანხა კი არ ჩანს. მუშები, რომლებიც უკიდურესად მძიმე პირობებში მუშაობენ, ხელფასს ვერ იღებენ. არადა, ყოველი წუთი ძვირფასია,  მდგომარეობა რთულდება. კატასტროფა თუ მოხდა, მერე აღარაფერი გამოსწორდება.

რუსთაველის თეატრის ადმინისტრაცია გამოსავალს ეძებს და ვერ პოულობს. დროდადრო პრესკონფერენციებიც იმართება.

მასმედიასთან მორიგი შეხვედრა გუშინ გაიმართა. ჟურნალისტებს ესაუბრნენ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი რობერტ სტურუა, დირექტორი გია თევზაძე, მსახიობი გოგი გეგეჭკორი და „ჯიფას“ წარმომადგენელი ზაალ კაკაბაძე.

ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ შექმნილია რუსთაველის თეატრის შენობის გადარჩენის ფონდი. მის მიერვე ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილია ფართომასშტაბიანი ტელემარათონის გამართვა, სადაც შემოსული თანხა თეატრის გადარჩენას მოხმარდება.

რობერტ სტურუას თქმით, მას ტელემარათონის იმედი ნაკლებად აქვს,  მთავრობას მატერიალური დახმარება არ შეუძლია. ნგრევა მარტო რუსთაველის თეატრის პრობლემა არაა, რადგან მთელი რუსთაველის პროსპექტი ანალოგიურ მდგომარეობაშია.

„შეიძლება, ჩვენ ნერვებს გიშლით არამარტო თქვენ, არამედ მთელ მოსახლეობას, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს“, - მიმართა თეატრის ბედით შეწუხებულმა რეჟისორმა ჟურნალისტებს.

გია თევზაძემ ჟურნალისტებს ფასადის მხარეს მომატებულ ბზარებზე მიუთითა. ბოლო ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს ხელფასების გასაცემი თანხის მიცემაც არ შეუძლია. ხოლო თუ თვის ბოლომდე, სამუშაოებისათვის საიდანმე 200 000 ათასი ლარი არ გამოჩნდა,“გვირაბმშენის“ მუშებმა (რომლებსაც რისკის ზონაში უხდებათ საქმიანობა და რომლებსაც ხელფასებიც კი არ მიუღიათ),  შეიძლება სამუშაო დატოვონ. თეატრი კი ცოტა ხანში აღარ გვექნება.

ზაალ კაკაბაძემ ჟურნალისტებს ყოველდღიური აქტიური თანამშრომლობა და საზოგადოებისთვის საბანკო ანგარიშის ნომრის შეტყობინება სთხოვა. რუსთაველის თეატრის გადარჩენის ფონდის ანგარიშია - „თიბისი ბანკი“-  17009