”ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გარემონტდა, თავიდან სარემონტოა”, - ეს განცხადება კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ტელეეთერში გააკეთა. მისივე ინფორმაციით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელებას სახელმწიფო დააფინანსებს.
”მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ოპერა და ბალეტი პოლიტიკური შურისძიებისა და ანგარიშსწორების მიღმა იდგა, მაგრამ თუ ასეა, არ არის პრობლემა, ოპერისა და ბალეტის თეატრს საქართველოს მთავრობა გააკეთებს, ისევე, როგორც გააკეთა ბათუმის ოპერა, ქუთაისის ოპერა. ყველა ის რემონტი, რომელიც სამწუხაროდ გააკეთა ამ ადამიანმა, თავიდან სარემონტოა. რუსთაველის თეატრშიც, რომელიც გარემონტებული იყო ერთ-ერთი მისი კომპანიის მიერ, დღეს გაირკვა, რომ მისი საძირკვლის ნახევარი არ გაამაგრეს აბსოლუტურად აუხსნელი მიზეზის გამო და, ფაქტობრივად, რუსთაველის თეატრი ავარიულ მდგომარეობაშია”, - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ. ამ განცხადების შეფასება ვთხოვეთ საქველმოქმედო ფონდ ”ქართუს” ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამად კი პოლიტიკური ორგანიზაცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს ირაკლი ღარიბაშვილს.
- მოგეხსენებათ, რომ საქველმოქმედო ფონდმა ”ქართუმ” წლების განმავლობაში საქართველოში განახორციელა უამრავი პროექტი, მათ შორის სამშენებლო პროექტებიც, რომელთა ნუსხაც იმხელაა, რომ ჩამოთვლაც კი დიდ დროს დაგვაკარგვინებს. ჩვენი დაფინანსებით არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შენობაა აშენებული, გარემონტებული თუ რეაბილიტირებული. ეს ეხება როგორც ისტორიულ ძეგლებს, ასევე კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტებს. რაც შეეხება მინისტრ რურუას განცხადებას, ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი. რაღა დაგიმალოთ და, მართლაც გაკვირვებული ვარ მინისტრის განცხადებით. ჩვენ წლების განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდით ხარისხიანად და კარგად გვეწარმოებინა სამუშაოები. ფონდი ”ქართუ” მეორე, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია ასოციაცია ”ატუს” უკვეთდა ამ პროექტებს. ეს ასოციაცია ამავდროულად არის სამშენებლო ორგანიზაციაც, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებდა. ასოციაცია ”ატუ” სხვა სამშენებლო ორგანიზაციებთან ერთად ასრულებდა ამ საქველმოქმედო სამუშაოებს. თუ მშენებლობის დროს რაიმე ხარვეზი იყო, ეს ხარვეზი დაუყოვნებლივ სწორდება. არ ვიცი, რას გულისხმობს ბატონი მინისტრი ამ განცხადებაში.
- ის აცხადებს, რომ რუსთაველის თეატრში საძირკვლის ნახევარი არ არის გამაგრებული და თეატრი კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია.
- როგორც ამბობენ, ენას ძვალი არ აქვს… მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ეს თეატრი დანგრევის პირას იყო და სწორედ ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნებით გადარჩა, ისევე როგორც გადარჩა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსი და ა.შ. დავუშვათ, მშენებლობაში რაღაც ხარვეზი მართლაც იყო, რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი და მისი ამ კონტექსტში ხსენება, თუ ეს არ ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს? ლაპარაკი, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გარემონტებული შენობები ხელახლაა სარემონტო, რბილად რომ ვთქვა, არ შეეფერება სიმართლეს. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რა ააშენა და ისიც იცის, ვინ რა დაანგრია. ცოტა უხერხულია დღეს ამგვარი განცხადებების კეთება, იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მიესალმებოდა იმას, თუ როგორ აშენებდა ივანიშვილი ქვეყანას და აძლიერებდა სახელმწიფოს. მიზანმიმართულად ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლის გაუფასურებას, რაც არ გამოუვათ.
P.S. მინისტრ ნიკოლოზ რურუას ნათქვამზე, განცხადება გააკეთა ასოციაცია ”ატუს” გენერალურმა დირექტორმა კარლო ლეკვეიშვილმა: ”ასოციაცია ”ატუსთვის”, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით ასობით ობიექტი გაარემონტა და ააშენა, მსგავსი უსაფუძვლო შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. შეგიძლიათ დაინტერესდეთ, მიხვიდეთ, დაათვალიეროთ და ნახავთ, რა დონეზეა შესრულებული სამუშაოები. არ ვიცი, ასეთი განცხადებების გაკეთება მინისტრს რისთვის სჭირდება?”