"ხელისუფლება ცდილობს, "ქართულ ოცნებას" პრობლემები შეუქმნას, მაგრამ, მიუხედავად დაბრკოლებებისა, საარჩევნო კამპანიას ბოლომდე მივიყვანთ. ეს ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. ხალხი ხედავს, ვინ არის ხელისუფლება სინამდვილეში. მას ამოეწურა ადამიანური ურთიერთობების რესურსი და საკანონმდებლო ცვლილებებით, დაჯარიმებითა და ზონდერებით ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტთან ბრძოლას, რაც ვერ გამოიღებს იმ შედეგს, რაც ხელისუფლებას სურს. ეს რომ ასეა, ამას ოქტომბერში ვნახავთ", - აცხადებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე მანანა კობახიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ყველა სასულიერო პირს აქვს უფლება, თვალსაზრისი საჯაროდ გამოხატოს - პატრიარქსაც და მეუფე იობსაც" / "კახა კალაძის ლიკვიდაციაზე ფიქრიც კი გამორიცხულია, ამას ვერ გაბედავენ".
"ენ-დი-აი-ს კვლევის შედეგებს ვერ გავიზიარებთ, ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებია და რეალობას არ შეესაბამება. ეს, პირველ რიგში, ნაკლებინფორმირებულობისა და ნაციონალური ტელეარხებით გავრცელებული შავი პიარის დამსახურებაცაა. ხელისუფლებისგან დაშინებული მოსახლეობა საჯაროდ ვერ გამოხატავს თავის პოზიციას, ჩვენთანაც უთქვამთ: მართალია, ვერ ვამხელთ ჩვენს პოზიციას, მაგრამ საარჩევნო ყუთთან რომ მივალთ, ხმას თქვენ მოგცემთო. ჩვენ, "ქართულ ოცნებას", შედეგად გვაქვს ის სინამდვილე, რაც საზოგადოებამ დიდი მხარდაჭერით მრავალჯერ დაადასტურა. 5 ხალხმრავალი აქცია 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, მცხეთასა და გორში - აი, ეს არის ჩვენი კვლევის შედეგები. ერთი სცადოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ჩაატაროს მსგავსი ხალხმრავალი აქცია. ვერ შეძლებენ, რადგან მათი რეიტინგი ხალხში ძალიან დაბალია. ჩვენ ხმების 75% უნდა მოვიპოვოთ არჩევნებში და ეს, გარწმუნებთ, რეალური ციფრია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა კობახიძე.
"როგორც პოლიტიკოსი, ვიზიარებ საქართველოს პატრიარქისა და მეუფე იობის პოზიციას. ყველა სასულიერო პირს აქვს უფლება, თავისი თვალსაზრისი გამოხატოს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე. სამწუხაროდ, ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ერიც და ბერიც უნდა გაერთიანდეს. სასულიერო პირი თუ განცხადებას გააკეთებს ან მიტინგზე გამოჩნდება, აქ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ვიდრე ტრაგედია დატრიალდება, სასულიერო პირმა უნდა მოუწოდოს ერს სიმშვიდისკენ და ეს მათ არავინ უნდა აუკრძალოს", - დასძენს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და შეკითხვას - "როგორც ვიცი, ივანიშვილის ხუთ ახლობელს სურდა საჩხერეში დეპუტატობის კანდიდატად დასახელება. ბატონმა ბიძინამ კი მოულოდნელად თქვენ დაგასახელათ. ამ გადაწყვეტილებით მან თითოეული მათგანი დააშოშმინა და გაბრაზების საფუძველიც კი არ დაუტოვაო...", პასუხობს:
"სურვილი შეიძლება მეტსაც ჰქონდა, არ ვიცი (იცინის)... ბატონ ბიძინას იმდენი აქვს გაკეთებული მშობლიური რაიონისთვის, რომ საჩხერეში გამარჯვება გარდაუვალია, თუმცა სამუშაო მაინც არის ყველა უბანსა და სოფელში, "ნაცმოძრაობამ" თუნდაც ერთი ხმის გაყალბებაც რომ ვერ შეძლოს. მე ვარ იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვისაც უმძიმესი მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა შეუძლია. ამ გუნდის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესწევს უნარი, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს და თითოეულმა ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამ ხელისუფლებას არჩევნებით შევცვლით!"