"პრეზიდენტის უცენზურო სიტყვებით მოხსენიების შემდეგ საჩხერელი 45 წლის ემზარ გოგოლიძე რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. მასთან ერთად მყოფ ორ პიროვნებას კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პატიმრობა შეეფარდა - შემთხვევა რამდენიმე დღის წინ საჩხერის სამთო მომზადების ბაზასთან მოხდა. ჯარისკაცების წვრთნის დროს ბაზასთან ემზარ გოგოლიძემ, ბაჩო მაჭარაშვილმა და ლერი მიხეილიძემ გაიარეს და პრეზიდენტი უცენზურო სიტყვებით საკმაოდ ხმამაღლა მოიხსენიეს. მეორე დღესვე მიხეილიძე და მაჭარაშვილი პოლიციამ დააკავა, ემზარ გოგოლიძე კი მომდევნო დღეს აიყვანეს - ჭიათურის წინასწარი დაკავების იზოლარტორში გადაყვანისას საჩხერე-ჭიათურის გზაზე პოლიციის პიკაპი ავტოავარიაში მოჰყვა და გოგოლიძე მძიმედ დაშავდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრეზიდენტის გინებისთვის საჩხერეში 3 კაცი დაიჭირეს.
"გოგოლიძე მრავლობითი დაზიანებებით საჩხერის რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მიათავსეს. საჩხერის "ქართული ოცნების" რაიონული ოფისის ხელმძღვანელ გურამ შუკაკიძის თქმით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და რაიონში ამავე ბრალდებით თვენახევრის წინ კიდევ ერთი პიროვნება დაიჭირეს. იურისტების განმარტებით კი პრეზიდენტის გინება კანონით დასჯადი ქმედება არ არის. დაზარალებულის ძმა ელდარ გოგოლიძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ დაშავებული ამჟამად უკეთესადაა და საქმის დეტალებზე საუბარი არ სურს. მისი თქმით, "იმ ორ პიროვნებას არ იცნობს", ადვოკატი არ ჰყავთ და "საერთოდ რას აპირებს მისი ძმა, არ იცის". საჩხერის რაიონული საავადმყოფოს მორიგე ექიმი დავით კაპანაძე კი გოგოლიძის მდგომარეობას მძიმეს უწოდებს და ამბობს, რომ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე ტრავმებით მოათავსეს - მას აქვს ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ხერხემლის დახურული ტრავმა, ზურგის ტვინის დაჟეჟილობა, გულ-მკერდის და მუცლის ღრუს დახურული ტრავმები", - აღნიშნავს გამოცემა.
"ადრეც გვქონდა ასეთი შემთხვევა - დაახლოებით თვენახევრის წინ კიდევ ერთი პიროვნება დააკავეს საჩხერეში პრეზიდენტის შეგინებისთვის ლუდის ბარში პრეზიდენტის სადღეგრძელო ლუდით თქვა და ამის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა ოქმში ეს არ მიუთითებიათ და ჩაწერეს, რომ სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობა გაუწია - ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც", - აცხადებს გურამ შუკაკიძე. ტელეკომპანია "მე-9 არხის" სიუჟეტის მიხედვით, მაჭარაშვილს და მიხეილიძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდესქსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) ადვოკატის გარეშე წაუყენეს. იურისტების შეფასებით კი ადვოკატის გარეშე ბრალიც წაყენება მისი უფლებების შელახვაა. საიას იურისტი თათული თოდუა "რეზონანსთან" საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არავითარ განსხვავებულ სტატუსს საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს და მისი გინებისთვის პატიმრობის შეფარდება კანონით გათვალისწინებული არ არის", - დასძენს გამოცემა.
"კანონში დაკონკრეტებული არ არის, ვის ლანძღვა-გინებაზე მოქმედებს ეს მუხლი. ასევე ხულიგნობად არ ითვლება პირისპირ შეურაცხყოფაც. საქმის დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კონკტრეტულად უნდა ვიცოდეთ, ჰქონდა თუ არა ადგილი საზოგადპებრივი წესრიგის დარღვევას და ამის შემდეგ შევაფასოთ, რამდენად სწორად მოხდა სამართალდამცავთა რეაგირება. 166-ე მუხლი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას 100 ლარიდან ითვალისწინებს და იმ შემთხვევაში თუ არასაკმარისად იქნება მიჩნეული ჯარიმა, 90 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული. თუმცა დღევანდელი კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, დაცული იყოს სამართალდამრღვევი პირის უფლებები. საიას ინიციატივა იყო სასწრაფოდ შეცვლილიყო ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსი, შეცვლამდე კი საერთოდ არ მომხდარიყო ამ მუხლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ამ დრომდე ამ შეთავაზებას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თათული თოდუა.
"პატიმრობა ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსიდან ყველაზე მკაცრი სანქციაა. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია, - თუ პირს პატიმრობა ემუქრება, მას სახელმწიფომ ადვოკატი დაუნიშნოს იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ აქვს საშუალება თავად დაიქირავოს ადვოკატი. ამას გარდა, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდაღვევა პატიმრობას ითვალისწინებს, ის სისხლის სამართლის დანაშაულს უთანაბრდება და გამოყენებული უნდა იყოს ის გარანტიები, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს", - დასძენს საიას იურისტი.
"შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს პოლიციამ "ქართული ოცნების" პროგრამა "კარდაკარის" რეგისტრატორი ილია სულიაშვილი დააკავა. ისიც წვრილმან ხულიგნობაში დაადანაშაულეს და სასამართლომ 35-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ეს ამ დრომდე სიღნაღის იზოლატორშია მოთავსებული", - წერს სტატიის ავტორი.