კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელიც წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ისევ „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრის, 13 ივლისს, სოფელ ზემო ალვანის სკოლის მასწავლებლებს და რამდენიმე საჯარო მოხელეს ნაფარეულში, რესტორან „ღვინის სახლში“ უმასპინძლა.
ჩვენი წყაროს ცნობით, რესტორანში იმყოფებოდნენ პეტრე ცისკარიშვილი, მისი თანაშემწე დავით ცისკარიშვილი (კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე); ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სოფელ ზემო ალვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ყიზილაშვილი; ზემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი ბაგრატ ქადაგიძე; ზემო ალვანის საჯარო სკოლის პედაგოგები, სულ 30–მდე ადამიანი.
სტუმრები რესტორანში დავით ცისკარიშვილმა მიიწვია და ხარჯებიც მან გადაიხადა. რესტორანში ქეიფი გვიან ღამემდე გაგრძელდა. სტუმრების გასამხიარულებლად რესტორანში დოლ – გარმონზე უკრავდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი დავით ცისკარიშვილს ვერ დაუკავშირდა.
თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში რესტორანი „ღვინის სახლი“, ე.წ. „ტყუპების მარანი“ ძმებს, გელა და გია გამტკიცულაშვილებს ეკუთვნით. ერთი ადამიანის გამასპინძლება საშუალოდ 25 ლარი ღირს. გია გამტკიცულაშვილმა მოუცლელობის მიზეზით კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარი არ ისურვა. გელა გამტკიცულაშვილმა კი 13 ივლისს, რესტორანში პეტრე ცისკარიშვილის და სხვა პირების ქეიფის ფაქტი უარყო.
– ბატონო გელა, გვაქვს ინფორმაცია, რომ 13 ივლისს, თქვენთან, სოფელ ნაფარეულში, რესტორანში პეტრე ცისკარიშვილმა მასწავლებლებს უმასპინძლა. მომსახურების ხარჯი ვინ გადაიხადა?
– ვინა?
– პეტრე ცისკარიშვილი და მასწავლებლები.
– სადა კაცო? მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ტყუილია“.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა სოფელ ზემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორს ბაგრატ ქადაგიძესაც.
ბაგრატ ქადაგიძე: „მე და ჩემი პედაგოგები?“
– დიახ, თქვენც და პედაგოგებიც.
– არ ვიცი, შეიძლება ვიღაც მგავდა, მაგრამ მე ნაფარეულში არ ვყოფილვარ.
– რესტორან „ღვინის სახლში“ არ იყავით, 13 ივლისს, პეტრე ცისკარიშვილთან, დავით ცისკარიშვილთან, ბესიკ ყიზილაშვილთან ერთად?
– არა, არ ვყოფილვარ. მე არ ვყოფილვარ და როგორ დაგიდასტუროთ რომ მე ვიყავი? შეიძლება მგავდა“.
13 ივლისს, ნაფარეულში, რესტორან „ღვინის სახლში“ ქეიფის ფაქტი კატეგორიულად უარყო ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმაც.
– ბატონო პეტრე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ, 13 ივლისს, ნაფარეულში რესტორან „ღვინის სახლში“ მასწავლებლებთან ერთად იქეიფეთ. თქვენ დაპატიჟეთ ეს ხალხი, თუ მათ დაგპატიჟეს?
– ეს არ შეესაბამება სიმართლეს. დიდი ბოდიში, კარგად ბრძანდებოდეთ“.
რესტორან „ღვინის სახლში“, 13 ივლისს, პეტრე ცისკარიშვილმა, დავით ცისკარიშვილმა, ბესიკ ყიზილაშვილმა, ზემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა რომ ნამდვილად იქეიფეს, ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ბესიკ ყიზილაშვილმა დაუდასტურა. ბესიკ ყიზილაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
– ბატონო ბესიკ, გვაქვს ინფორმაცია, რომ 13 ივლისს, რესტორან „ღვინის სახლში“ გამართულ ქეიფს თქვენც ესწრებოდით. ვინ მიგიწვიათ იქ?
– როდის?
– 13 ივლისს და რა გინდოდათ იქ?
– „ღვინის სახლში რა გვინდოდა?
– კი, სახეზე გიცანით და ამიტომ გეკითხებით.
– ხო, ხო, როგორ არა. ახლობელს ჰქონდა პატარა პურის ჭამა.
– პეტრე ცისკარიშვილიც რომ იყო?
– ახლობელია, ნათესავია.
– თქვენი ნათესავია? სკოლის დირექტორიც რომ იყო ბაგრატ ქადაგიძე?
– ხოდა ნათესავია ეგ ჩვენი.
– ყველანი ნათესავები ხართ?
– არა, ჩემი ნათესავი არა.
– ვინ დაგპატიჟათ?
– გელა შორთიშვილმა.
– ვინ არის ეგ?
– ალვნელია.
– რას აღნიშნავდით?
– არაფერი, უბრალოდ მაღარიჩი იკისრა“.
გელა შორთიშვილი სოფელ ზემო ალვანის მკვიდრია. ბოლო არჩევნებზე ის ახმეტის საარჩევნო ოლქში, ზემო ალვანის N6 საუბნო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად მას ვერ დაუკავშირდა. (პეტრე ცისკარიშვილის ფოტო არქივიდან)
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, რესტორან „რები გურჯაანში“ იქეიფეს კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა, გურჯაანის საჯარო სკოლების დირექტორებმა, გუბერნატორის მოადგილემ, გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვა თანამდებობის პირებმა. ქეიფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებელი დავით მესხიშვილიც ესწრებოდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანში იყრის. რესტორნის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ქეიფის ხარჯი სკოლის დირექტორებმა გადაიხადეს. იხილეთ ვიდეომასალა.