"კარალეთში ნამდვილად სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომლის თავიდათავი "ქართული ოცნება" და კახა კალაძე იყვნენ. წინა დღეებში, როდესაც შიდა ქართლის სოფლებში დადიონენ, არანაკლებ ცუდად ხვდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა. ეს ვითომდა ამომრჩეველთან შეხვედრები მიმდინარეობდა ქუჩური გარჩევის რეჟიმში, რასაც აქამდეც დაჩვეული იყო კახა კალაძე. კარალეთის დევნილთა ჩასახლებაშიც იგივე მოინდომეს. ისე, წესით, მაგათ იცოდნენ პასუხად რასაც მიიღებდნენ. ერთი წლის წინ შიდა ქართლის სოფელ ხურვალეთში მოსახლეობა იგივენაირად შეხვდა ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ასევე იძახდა, ომი ქართველებმა და სააკაშვილმა დაიწყესო. დევნილებმა ბურჯანაძეს მაშინ კვერცხები დაუშინეს", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბადრი ბასიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ პარტია მეტყვის, ფიზკულტურის მასწავლებლად წადი სკოლაშიო, წავალ" / "მიყვარს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, დროშა, ჰიმნი და აქტიური მონაწილე ვარ იმისა, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი".
"წლების განმავლობაში ყველამ იცოდა, რომ ლიახვის ხეობის სოფლები სახელმწიფო პოლიტიკის მიმდევრები იყვნენ. ის ხალხი მშვენივრად ატყობდა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ როგორ მოძლიერდა სახელმწიფო, რომლისგანაც ყველანაირ მხარდაჭერას გრძნობდნენ, დაუცველობის სინდრომი აღარ იყო! ეს ხალხი ჩვენ უფრო გვიჯერებს, ვიდრე იმათ, რომლებიც დევნილთა ჩასახლებებს რაღას არ ეძახდნენ და ვინც იძახის, ომი საქართველომ დაიწყოო. კალაძემ მშვენივრად იცოდა, რომ იქ წინააღმდეგობა შეხვდებოდა, ასზე მეტი ყოფილი სპორტსმენი და კუნთმაგარი ბიჭები მიიყვანა ამ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში მუშაობდნენ, ზოგი ისვენებდა. თუ უნდა ადამიანს დევნილებთან შეხვედრა, ასი კაცი რაში სჭირდება? წავიდეს 2-3 კაცი და შეხვდნენ. კახა კალაძეს უნდოდა პროვოკაციის მოწყობა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ბასიშვილი.
"ვნახე, გოჩაშვილი პირად ტრაგედიაზე რომ ეუბნება კალაძეს. ეს ის გოჩაშვილია, რომლის ძმაც რუსებმა 2000 წლამდე მოკლეს. რატომ გიკვირთ, რომ ხალხი გაღიზიანებულია? ამ ხალხს ძმები, დები, საკუთარი ოჯახის წევრები, მეგობრები რუსებმა ამოუხოცეს, ახლა კიდევ დადის ეს კალაძე და რასაც პუტინი იძახის, იმას იმეორებს. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ღალატი. რომელ პირად შეურაცხყოფაზეა ლაპარაკი, როდესაც ყველაზე მთავარი სამშობლოა?! მესმის, რომ მძიმეა ძმის ტრაგედიაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ჩვეულებრივად უთხრა იმ ადამიანმა და ისიც უთხრა, რომ როდესაც ლიახვის ხეობის სოფლები იბომბებოდა, მაშინ სად იყავიო? მაშინ კახა კალაძე "გულაობდა", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კახა კალაძე საკმაოდ აქტიური იყო - გაავრცელა სპეციალური განცხადება, ცდილობდა, საერთაშორისო ასპარეზზე გამოეყნებინა თავისი ავტორიტეტი და წვლილი შეეტანა საომარი მოქმედებების შეწყვეტაში. ცდილობდა, დახმარებოდა სამშობლოს ისე, როგორც შეეძლო", - პასუხობს:
"კი, ყოველთვის ცდილობდა თავის გამოჩენას. თუმცა რაც პოლიტიკაში აქტიურად შემოვიდა, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ისე, მარტო ოპოზიციური არხების კადრებს რომ უყურეთ, ის არ ნახეთ, რა კურდღლებივით გაიქცნენ კარალეთიდან? მერე მარტო მოიხელთეს რამდენიმე ადამიანი და ცემეს. კალაძე არ იძახდა, სააკაშვილი გაიქცა ომის დროსო? მაშინ ავიაცია ბომბავდა და დაცვა იძულებული იყო, გაერიდებინა პრეზიდენტი, კადრებში ისმის კიდეც, როგორ იძახის პრეზიდენტი, ხელი გამიშვითო. კახა კალაძემ კიდევ იქ სიტყვიერ შელაპარაკებას, მუშტს და ქვების სროლას ვერ გაუძლო... ხელისუფლების მხარდამჭერი იქნება თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, ყველას მოვუწოდებ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს! ძალიან განვიცდი და ვწუხვარ ჟურნალისტების დაზიანების გამო"
"ზონდერები" ვისაც ჰყავს, გამოჩნდა. ჯერ ეკა ბესელია იძახდა რაღაცებს ჩემზე, ახლა ქალბატონმა ხიდაშელმა დაიწყო მაგაზე ლაპარაკი. ჩემი გამწარება თუ უნდათ, ეგრე ვერ გამამწარებენ. ეტყობა, საკმარისი მამაკაცური ყურადღება ვერ გამოვიჩინე ამ ქალბატონების მიმართ და ნაწყენები არიან. ამ სისულელეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მყავს მეგობრები, ისევე, როგორც თქვენ, აგრეთვე, მყავს კლასელები. ვაღიარებ, რომ ვარ "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი, მოყოლებული "ვარდების რევოლუციიდან", მომწონს, რაც ხდება ქვეყანაში - წესრიგი, მშენებლობა. მიყვარს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, დროშა, ჰიმნი და აქტიური მონაწილე ვარ იმისა, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი", - განაგრძობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
"ნეტა მიცნობდეთ, რა კეთილი გულის ბიჭი ვარ. უბრალოდ, ბავშვებს აშინებენ ჩემი სახელითა და გვარით. კარგი მეგობრები მყავს, სამშობლო უყვართ, ქეიფიც, ჩხუბიც! როცა ათეულობით "ზონდერია" მობილიზებული შენ წინააღმდეგ, ქვებსაც ისვრი, აბა, რას იზამ? მაგათ კარალეთში დახვდნენ ისე, როგორც მტერს ხვდებოდნენ, მამაკაცები გამოვიდნენ და ქალბატონები დაიცვეს. ესენი იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები. გორში გამართულ "ქართული ოცნების" მხარდასაჭერ აქციაზე, დაახლოებით 4 ათას ადამიანამდე იყო შეკრებილი, ისინიც ზოგი მცხეთიდან ჩამოიყვანეს, ზოგი - რუსთავიდან, აჭარიდანაც კი ჰყავდათ ჩამოყვანილი, ერთი და იგივე ხალხი დაჰყავთ ამ უბედურებს. შიდა ქართლში 200 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, იმ აქციაზე კიდევ სულ რაღაც 1 500 ადამიანი იყო ადგილობრივი. რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატობას, ივანიშვილის ძმაკაცმა პუტინმა დროებით დაგვაკარგვინა ლიახვის ხეობა, ამიტომ იქ კენჭს ვეღარ ვიყრი. მეტი არაფერი ვიცი. სამი თვის შემდეგ რასაც გადაწყვეტენ "ნაციონალურ მოძრაობაში", ისე მოვიქცევი, თუ პარტია მეტყვის, ფიზკულტურის მასწავლებლად წადი სკოლაშიო, წავალ..." - დასძენს ბადრი ბასიშვილი.