პარლამენტის თანამშრომლებს ქუთაისში გადასასვლელად ამზადებენ

პარლამენტის თანამშრომლებს ქუთაისში გადასასვლელად ამზადებენ

პარლამენტის ტექნიკური პერსონალის, აპარატებისა და სხვა განყოფილებების თანამშრომლების ქუთაისში გადასასვლელად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობს და შესაძლოა თანამშრომელთა დიდი ნაწილი უმუშევრად დარჩეს. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი ქუთაისის ახალ შენობაში არჩევნების დასრულების შემდეგ უნდა გადავიდეს და ქუთაისში უნდა მოხდეს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა. თათბირი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან გადასასვლელად მომზადების თაობაზე 16 ივლისს ჩატარდა. ის ჟურნალისტები, რომლებიც თათბირს დაესწრნენ, ჰყვებიან, რომ პარლამენტის რამდენიმე თანამშრომელი შეუძლოდაც კი გახდა.

პარლამენტის 735 თანამშრომლიდან 500-მდე კაცი ქუთაისში სამუშაოდ გადასვლას, ალბათ, ვერ შეძლებს. ასეთი ინფორმაცია აქვს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოპოზიციონერ მოადგილეს დიმიტრი ლორთქიფანიძეს. მისი სიტყვებით, ქუთაისში პარლამენტის ახალი თანამშრომლებისთვის სტაჟირებაც მიმდინარეობს. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მხოლოდ საკუთარი კომიტეტის მაგალითზე შეუძლია იმის თქმა, რომ თანამშრომელთა ნახევარი წასვლას ვერ შეძლებს.

”ახალი კადრების აყვანა აქვთ განზრახული და, ალბათ, ისეთ მნიშვნელოვან კადრებს, რომლებიც ქსლის ტექნოლოგიებთან არიან დაკავშირებული, გადაიყვანენ. წმინდა საორგანიზაციო, საკანცელარიო საქმესთან დაკავშირებული თანამშრომლების აყვანა ხდება ქუთაისის რესურსის გათვალისწინებით. ძალიან ბევრი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ტრაგედიაა უმუშევრად დარჩენა, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ გადავა იქ, იმიტომ რომ ეს არის დაკავშირებული მისი ოჯახის წევრების იქ წაყვანასთან, დიმიტრი ლორთქიფანიძე
ბავშვების სასწავლებლიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოყვანასთან და ა.შ. ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ისინი, უბრალოდ, იძულებული არიან ნებაყოფლობით თქვან უარი სამსახურზე.”

დიმიტრი ლორთქიფანიძის სიტყვებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც თანამშრომლები ქუთაისში წასვლას ვერ შეძლებენ, ჩამოთვლილ სხვა მიზეზებთან ერთად, არის ის, რომ მათ საკუთარი ხელფასიდან მოუწევთ ქუთაისში ბინის ქირის გადახდა, რაც ბევრისთვის პრობლემა იქნება. როგორც ცნობილია, საერთო საცხოვრებელი მხოლოდ პარლამენტის დეპუტატებისთვის შენდება. სხვა თანამშრომლებს პირადი ხარჯების დაფარვა თავად მოუწევთ.

როგორც გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტი რუსუდან მაჩაიძე უყვება რადიო თავისუფლებას, 16 ივლისს თავად შეესწრო პარლამენტის რამდენიმე თანამშრომლის შეუძლოდ გახდომის ფაქტს იმის გამო, რომ გაიგეს - ქუთაისში გადასვლის პროცესი იწყება:

”სასწრაფო არ გამოუძახიათ. უბრალოდ, ეს ადამიანები იყვნენ ცუდად. ზოგს წნევა ჰქონდა აწეული, ზუგს გული წაუვიდა. და რომ ვიკითხეთ, რატომ იყვნენ ადამიანები ცუდად, გვითხრეს, რომ გაიგეს პარალმენტი თვის ბოლომდე უნდა გადავიდეს ქუთაისში და ამან იმოქმედა მათზე, რადგან ზოგს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, ზოგს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ წავიდეს, მაგრამ თავისი გეგმები გათვლილი აქვს ნოემბერში გადასვლაზეო.”

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მაკა გიგაური ამბობს, რომ პარალამენტი არჩევნების დასრულებადე თბილისში რჩება
და არც ერთ თანამშრომელს არავინ აიძულებს უარი თქვას სამსახურზე. უბრალოდ, გადასასვლელად მოსამზადებელი სამუშაოები ადრე თუ გვიან უნდა დაწყებულიყო და სწორედ ეს პროცესი დაიწყო მიმდინარე კვირიდან:

”ვინაიდან შვებულებების პერიოდია და ხალხი მასობრივად გავა ქალაქგარეთ, ამიტომ ვიწყებთ ამ პროცესს. ეს არის სამუშაო პროცესი და მეტი არაფერი. არავინ არავის არ უშვებს სამსახურიდან, არავინ არავის არ უშვებს შენობიდან და საკითხი, რომ თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვან, ასე საერთოდ არ დგას. მეტიც, ხელმძღვანელობა ყველას სთავაზობს, რომ წამოვიდეს ქუთაისის პარლამენტში სამუშაოდ, მაგრამ ვინ წამოვა და ვინ არა, ეს არის მათი გადასაწყვეტი.”

მაკა გიგაურის სიტყვებით, არც კონკრეტული თარიღი დაუწესებია ვინმეს იმის შესახებ, თუ როდემდეა ქუთაისში გადასვლის მზაობის ან უარის თქმის ვადა. თანამშრომლებს შუძლიათ ეს განაცხადონ გადასვლამდე ერთი თვით ან, თუნდაც, ერთი კვირით ადრე, ამბობს მაკა გიგუარი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანის იდეა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და 2 წლის წინ გაჩნდა. კონსტიტუციის მიხედვით, ახალი მოწვევის პარლამენტი სწორედ ქუთაისში იმუშავებს.