ახლა ვუყურე კარალეთში მომხდარ ამბებს და გულწრფელად მინდა ვთქვა რომ ამ ხელისუფლების დიდი ნაწილი უკვე პროვოკაციაზე მიდის. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალაიას მისვლის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე გახდა.
ის, რაც კახა კალაძეს უთხრეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არანაირი ცივილური პოლიტიკის ფარგლებში არ ჯდება. ხელისუფლების მიერ დაგეშილი ადამიანები უკვე ყველა ზღვარს გადადიან. სააკაშვილის რეჟიმი უკვე აღარც მალავს საკუთარ ტერორისტულ ბუნებას და პირდაპირ აგრესიაზე გადადის. შეიძლება ადამიანი არც ივანიშვილის მომხრე იყოს, არც ვინმე სხვა ოპოზიციონერის და მარტო ამ ეპიზოდის ნახვამ ისე გადარიოს რომ მეორე დღესვე გადაწყვიტოს ხელისუფლების დასამხობად წასვლა.
როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი ელემენტარული ეთიკური ნორმა დაავიწყდეს?
მაგრამ, ცხადია ეს ტექსტი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა უთხრა კახა კალაძეს მის მიერ არ იყო შეთხზული. ისევე როგორც სხვა ‘შელოცვილი’ ლანძღვა-გინება ესეც პარტიულ აპარატში დამუშავებული ფორმულაა.
სააკაშვილს და მის გუნდს პროფესია არ აქვთ და ამიტომაც მათ ხელისუფლებიდან წასვლა არასდროს ენდომებათ. პოლიტიკა კი პროფესია არ არის ეს ერთდროულად უნარ-ჩვევა და საჯარო სამსახურში ყოფნის მოვალეობაა. საჯარო სამსახურში ყოფნა კი ყველა ადამიანისთვის ლიმიტირებული უნდა იყოს. პირველი იმიტომ, რომ უპროფესიოდ არ დარჩეს და თვითონ არ განიცადოს სამუდამო დეკვალიფიკაცია, და მეორეც იმიტომ რომ ძალაუფლებამ არ გარყვნას და საკუთარ ხალხს ისე არ დაუწყოს ძარცვა და ცემა, როგორც ამას სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებს. ამის მერე ყოველი ჩვენთაგანი არა მარტო იმის სურვილით უნდა იყოს სავსე, რომ ეს დამნაშავე რეჟიმი პენსიაზე გაუშვას, არამედ იმითაც რომ პოლიტიკოსებისათვის საჯარო სამსახურში ყოფნის ლიმიტი შემოიღოს. იქნება ეს 8 წელი, 10 წელი თუ ნაკლები ამის გარჩევას ახლა არ დავიწყებ. ყველა საჯარო მოხელეს, არა მარტო პრეზიდენტს, უნდა ესმოდეს, რომ რაღაც პერიოდში ის ძალაუფლებას დაკარგავს და მერე საკუთარ ხალხთან გამოსასვლელი პირი უნდა ჰქონდეს.
ახალაიების კლანი რომ მთლიანად დასაჭერია, ამას უკვე წლების განმავლობაში ვამბობთ, მაგრამ კარალეთის ამბების მერე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება იმ საჯარო მოხელეებზე, ვინც ასეთ საშინელ პროვოკაციებს გეგმავს. აქ, არა აქვს მნიშვნელობა მოგვწონს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლება არ შეიძლება ასე იქცეოდეს. ყოვლლად დაუშვებელია ასეთი ბინძური პროვოკაციები.
და ბოლოს: ხელისუფლების დაგეშილ ადამიანებს მინდა გულწრფელად ვკითხო:
ომის დაწყებაზე ბევრს რომ ლაპარაკობთ, იმ პრეზიდენტის არ გრცხვენიათ, რომელიც ასე სამარცხვინოდ გაიქცა ბრძოლის ველიდან და სულ ახალგაზრდა ჯარისკაცები მტერს შეატოვა?
იმ პრეზიდენტის არ გრცხვენიათ, რომელმაც ახალგაზრდები მის უაზრო ახირებას შეაკლა და მერე პირდაპირ ეთერში საკუთარი ჰალსტუხის ღეჭვა დაიწყო მთელი მსოფლიოს დასაცინად?
იმ პრეზიდენტს რატომ არ ურტყავთ ამ თქვენს გაწვრთნილ ჯოხებს?
თუმცა, საუბედუროდ ისიც კარგად ვიცი, რომ როდესაც ამ პრეზიდენტის პოლიტიკური აღსასრული მოახლოვდება თქვენ იქნებით პირველნი, ვინც მას სწორედ იმ ქვებს დაუშენთ, რომლებსაც დღეს ოპოზიციას ესვრით.
კახა კალაძეს თქვენთვის არაფერი დაუშავებია. პირიქით, მან თავის ქვეყანას სახელი გაუთქვა მთელს მსოფლიოში საკუთარი საქმის კეთებით. ის უპროფესიო და უსაქმური პოლიტიკოსი არ არის. თავის პროფესიაში ყოველთვის შეუძლია დაბრუნება მისთვის მწვრთნელის კარიერის გაკეთებაც არ იქნება რთული.
აი, იმ პოლიტიკოსებს რა ეშველებათ, საკუთარი ხალხის ძარცვის და მოტყუების მეტი არაფერი რომ იციან?
ნუ დაიცავთ უპროფესიო პოლიტიკოსებს მათ არსად წასასვლელი თუ არა აქვთ მუდმივად ისევ თქვენ გაგძარცვავენ.