ვის გულისხმობდა ყარყარაშვილი ,,ვაშლის გამყიდველებში” (VIDEO)

ვის გულისხმობდა ყარყარაშვილი ,,ვაშლის გამყიდველებში” (VIDEO)

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. ტელეკომპანია ,,იმედის” ცნობით, ყარყარაშვილმა გორელ გლეხებს ვაშლის გამყიდველები უწოდა. ამის საილუსტრაციოდ სიუჟეტის ავტორს მეორე არხის ეთერში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნათქვამი ფრაზა მოჰყავს. ყარყარაშვილმა მომდევნო დღეს გორში განმარტა, რომ მისთვის მიუღებელია ვაშლის ძირში გაზრდილი და ვაშლის გამყიდველისგან იმის მოსმენა, რომ ყარყარაშვილი რუსეთის აგენტია. ესენი მხოლოდ ერთეულები არიანო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ გორის რაიონის სოფლებში და ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში ყარყარაშვილის შეხვედრების ამსახველ ვიდეო მასალას. ვიდეო-მასალაში ნახავთ იმ პიროვნებებს (მერეთში და ვერხვების დასახლებაში), რომლებიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს გარკვეულ პრეტენზიებს უყენებენ.

განსაკუთრებით, საინტერესოა, ვერხვების დასახლების მამასახლისის ვანო მიდოდაშვილისა და გია ყარყარაშვილის საუბარი. მიდოდაშვილისა და ყარყარაშვილის საუბარმა ,,ქართული ოცნებისა” და ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის დაძაბულობა გამოიწვია. მიდოდაშვილი ცდილობდა ყარყარაშვილს ეტლს ხელით შეხებოდა. გია ყარყარაშვილმა ვანო მიდოდაშვილს 20 წლის წინ ერედვში გაშლილი სუფრა შეახსენა. მე პატარა ვიყავი მაშინო, უპასუხა მამასახლისმა. ერთ-ერთი კოტეჟის მცხოვრებმა აივნიდან გადასძახა ყარყარაშვილს, როგორ იყო ხეითის გზაზე რუსებს რომ ბეტეერი წაართვითო? ,,მერე მოუყევით ეს ყველაფერი შვილებს” – უპასუხა ყარყარაშვილმა.