გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მცხოვრები ნელი შავლიაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ, მასთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტი მივიდა და სთხოვა, ეთქვა, რომ „გლობალ TV“–ის ანტენები მას და მის მეზობლებს ბიძინა ივანიშვილის სახელით აჩუქეს. ნელი შავლიაშვილის განცხადებით, სანაცვლოდ ჟურნალისტი გუბერნატორთან შუამდგომლობას დაპირდა სტიქიით დაზიანებული სახლის აღსადგენად.
„დაახლოებით სამი კვირის წინ, „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტები იყვნენ თეთრი „ნოლშესტით“, ოპერატორი მსუქანი კაცი იყო, ჟურნალისტი კიდევ დაბალი ქალი. მეზობლის ანტენებს აფიქსირებდნენ, დაინახეს „გლობალ ტივის“ ანტენები და შემოვიდნენ სახლში. სურათები გადაიღეს. ჩემი სახლი სტიქიით დაზიანებულია. 9 წელია დავდივარ, ხან ვის მივმართე, ხან ვის, მაგრამ 10 ტომარა ცემენტის მეტი არაფერი მოუციათ. გუბერნატორმა მითხრა, ჩემს დას ვერ ვეხმარები, შენ როგორ დაგეხმარო, ბიუჯეტში თანხა არ არისო. ასეთი მდგომარეობა რომ დაინახა ჟურნალისტმა, ეგონა, რომ ამ უბედურების გამო დავთანხმდებოდი და სხვა ინფორმაციას მივცემდი თეფშებთან დაკავშირებით. მითხრა, დაგეხმარები და მომეცი ისეთი ინფორმაცია რაც მჭირდება, ვითომ ივანიშვილმა გაჩუქათ ეს თეფშებიო, დიდხანს მელაპარაკა. ახლავე დავურეკავ გუბერნატორ ღვინიაშვილს და დაგეხმარებით ყველანაირად, გამგებელსაც ვეტყვი თქვენი მდგომარეობის თაობაზეო. არავითარ შემთხვევაში მეთქი, ივანიშვილს არ უჩუქებია, გასაყიდად არის შემოტანილი და უნდა გადავიხადოთ ფული, ხელშეკრულება მაქვს და გაჩვენებ, ერთიანი თანხა არ მქონდა და პენსიიდან 4 ლარი უნდა ვიხადო მეთქი. მე რაც ველაპარაკე, ის არ გაუშუქებიათ. სხვები ჩაწერეს, რაც უნდოდა ალაპარაკეს და ის გაუშვეს,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნელი შავლიაშვილმა.
ნელი შავლიაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით ეუბნებიან უარს სტიქიით დაზიანებული სახლის შეკეთებაზე.
„გურჯაანის გამგეობაში ასე მითხრეს, ივანიშვილის გაზეთებს ნუ დააფრიალებ, ნუ აქტიურობ, თუ ჩვენგან დახმარება გინდა, „მეცხრე არხს“ ნუ აძლევ ინტერვიუს. „მეცხრე არხს“ ინტერვიუ მისცე და მე დახმარება მოგცეო? ვინ მითხრა, ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ისედაც გადაკიდებულები არიან, მოდიან ჩემს კართან გვიან ღამით, ილანძღებიან და იგინებიან, რომ დამაშინონ,“ – აღნიშნა ნელი შავლიაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ ჯიმითში ნელი შავლიაშვილთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის კახეთის კორესპონდენტი ია გულიაშვილი იყო მისული. ია გულიაშვილი კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის ხათუნა გულიაშვილის დაა. ხათუნა გულიაშვილი გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრესმდივნის მოვალეობას ასრულებს.
ია გულიაშვილი „რუსთავი 2“–ში 2009 წლიდან მუშაობს. მანამდე „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტი კახეთში მისი და, ხათუნა გულიაშვილი იყო. 2011 წელს ია გულიაშვილი ტელეკომპანიიდან გაათავისუფლეს. 2011 წლის 19 სექტემბერს მას შრომითი ხელშეკრულება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაუფორმა და სოციალურ საკითხთა კომისიის სპეციალისტად დაინიშნა. მისი ყოველთვიური ხელფასი 380 ლარს შეადგენდა. საკრებულოში მუშაობის პარალელურად, ია გულიაშვილი რეგიონში კორესპონდენტის გარეშე დარჩენილ „რუსთავი 2“–ს ეხმარებოდა. ჟურნალისტებმა ტელეკომპანიის მიკროფონით სხვადასხვა მოვლენების გადასაღებად ის არაერთხელ დააფიქსირეს. 2012 წლის გაზაფხულზე „რუსთავი 2“–მა ია გულიაშვილი სამსახურში დააბრუნა.
„რუსთავი 2“–ის კახეთის ჯგუფი გადაღებებზე თეთრი ფერის „ვაზ 21–06“–ით დადის. მანქანა „რუსთავი 2“–ის ოპერატორს მამუკა მირიანაშვილს ეკუთვნის.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ნელი შავლიაშვილის განცხადებებზე საპასუხოდ ია გულიაშვილს დაუკავშირდა. „კარგი რა ნათია, კარგი რა“, – აღნიშნა ია გულიაშვილმა და ტელეფონი გათიშა.