კახა კალაძე – ნაადრევად ვეტერანი ფეხბურთელი და ახალბედა პოლიტიკოსი

კახა კალაძე – ნაადრევად ვეტერანი ფეხბურთელი და ახალბედა პოლიტიკოსი

კახა კალაძე შესაძლოა კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს. 2011 წლის 7 ოქტომბერს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ რამდენიმე დღეში ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ მას თანადგომა გამოუცხადა. თუ რატომ წავიდა იგი პოლიტიკაში, რა ურთიერთობა ჰქონდა მანამდე ბიძინა ივანიშვილთან, რას მიიჩნევს იგი თავის კარიერაში ყველაზე დიდ შეცდომად, ვისთან მეგობრობს "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი სახეებიდან, რატომ თქვა წლების წინათ უარი "ნაციონალების" შეთავაზებაზე, კენჭი ეყარა საბურთალოს რაიონში - ამ და სხვა თემებზე "ივერონს" ამჟამად უკვე სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კალაძე ესაუბრა.

- ბატონო კახა, უპირველეს ყოვლისა, როგორ შეაფასებთ თქვენს განვლილ გზას საფეხბურთო კარიერაში და რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ მიღწევად და მინუსად?

- როგორც სპორტში, ასევე ზოგადად ცხოვრებაში, მინუსები და პლიუსები არსებობს. ასევე იყო ჩემს საფეხბურთო კარიერაშიც. იყო მინუსები, მაგრამ მეტი პლიუსი, რაც სწორედ იმ წარმატებული კარიერის საწინდარი იყო. მინუსებს ალბათ უფრო ეროვნულ ნაკრებს დავუკავშირებდი. ზოგადად ფეხბურთი გუნდური სპორტია და მაინც ეროვნულ ნაკრებს ვიტყოდი მინუსად, იტალიის ავადსახსენებელ მატჩსა და ორ ავტოგოლს, ამას მინუსსაც ვერ დავარქმევ, ეს იყო ჩემი სპორტული ტრაგედია. ძალიან ცუდად მახსენდება, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება, ამისგან დაცული არავინ არ არის, მაგრამ შევძელი და ქართველ გულშემატკივარს ამასთან დაკავშირებით ბოდიში არაერთხელ მოვუხადე. მაგრამ მაინც, მეტი პლიუსი იყო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

- თქვენ არ ხართ ისეთ ასაკში, რომ ამის გამო დაგენებებინათ ფეხბურთისთვის თავი, რა გახდა დროზე ადრე ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

- ძირითადი მიზეზი იყო ჩვენი ქვეყანა, ხალხი, აქ შექმნილი სიტუაცია. როგორც მოგეხსენებათ კიდევ მქონდა ერთწლიანი კონტრაქტი, რომელიც 2013 წლის ზაფხულში მიმთავრდებოდა, მაგრამ როდესაც საქმე ჩემს ქვეყანას ეხებოდა, ამან ყველაფერი გადაწონა. მე ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული თუ რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში. რა სიტუაციაა შექმნილი და მე ვფიქრობ ცვლილებების დრო დადგა, ოქტომბერში ეს უნდა მოხდეს აუცილებლად კანონიერი მეთოდებით, მშვიდობიანად. ეს იყო მიზეზი იმისა, ვმდგარიყავი იქ, სადაც ახლა ვარ. მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, ამდენი წელია ამ სპორტში ვიყავი ჩართული, ჩემი საუკეთესო წლები, თუ რამე გამაჩნია, სახელი, ხალხის სიყვარული, ნაცნობობა, ყველაფერი ფეხბურთმა მომცა. მაგრამ რა საქმეშიც ვარ, ამაშიც ბევრი კარგი რამის გაკეთება შემიძლია ქვეყნისთვის და განსაკუთრებით სპორტისთვის.

- როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდით, ალბათ იცოდით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ტაშით არ შეეგებებოდა ხელისუფლება და იქნებოდა გარკვეული დაბრკოლებები. ისიც ფაქტია, რომ იქამდეც გქონდათ გარკვეული პრობლემები. თუ გავითვალისწინებთ ბოლო დღეების ინციდენტებს, ეხლა როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, ხომ არ ნანობთ მიღებულ გადაწყვეტილებას?

- გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ვნანობ. მე ეს ძალიან კარგად მქონდა გააზრებული, თუ სად მოვდიოდი. კრიმინალურ ძალასთან მექნებოდა ურთიერთობა ხელისუფლების სახით, მესმოდა რა გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევდა ბრძოლა. დაიწყებოდა ჩემს მიმართ ე.წ. შავი ფიარის აგორება. იგივე სიტუაციაში იმყოფებოდა ბატონი ბიძინაც. ის ძალიან დიდი ქველმოქმედია და ძალიან ბევრი რამ გააკეთა უანგაროდ. ჩვენ შეგვეძლო წავსულიყავით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და გვეცხოვრა იქ მშვიდად. მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. ჩვენ ჩვენი ხალხი გვიყვარს და გვტკივა ის, რაც ტკივა ქართველ ხალხს.

- თქვენ ახსენეთ ქველმოქმედება. ცნობილია, რომ კენჭს სამტრედიაში იყრით. ვიცი, რომ სამტრედიაში თქვენს მიერ აგებული ტაძარი არსებობს. გარდა ამისა თუ არის რამე, რაც სამტრედიისთვის გაგიკეთებიათ?

- საერთოდ ქველმოქმედებაზე არ მიყვარს ბევრი საუბარი. რა თქმა უნდა არიან ადამიანები, ვისთვისაც სიკეთე გამიკეთებია, ვისაც ვეხმარებოდი, მაგრამ მე რომ დავიწყო ამაზე საუბარი ჩემი მხრიდან არ იქნება ლამაზი.

- გარდა იმისა, რომ ეხმარებოდით კონკრეტულ ადამიანებს, არის თუ არა ისეთი რამ, რისი გაკეთებაც გინდოდათ და ვერ მოახერხეთ?

- რამდენიმე პროექტი იყო. მინდოდა გამეკეთებინა ძალიან დიდი საფეხბურთო სკოლა. ეს არის დაბა კულაშში. ადრე იქ ტექნიკუმი იყო და 6 ჰექტარი მიწაა თავისუფალი. ჩვენ წერილობით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ მიწა გადმოეცათ, სადაც ჩვენ სპორტულ სკოლას გავაკეთებდით, როგორც ეს ევროპულ განვითარებულ ქვეყნებშია. იქ იქნებოდა არა მარტო საფეხბურთო, არამედ სხვა სავარჯიშოებიც. იქნებოდა ასევე სკოლა, სადაც ისწავლიდნენ ბავშვები. ამის გაკეთება გვქონდა იდეაში, მაგრამ ისეთი თანხა დაგვისახელეს ამ ფართისთვის, რომ არარეალური იყო და ყველაფრის გაკეთებას აზრი ეკარგებოდა. მოკლედ მაშინ ეს არ მოხერხდა, მაგრამ არაუშავს, ეს ყველაფერი გაკეთდება ოქტომბრიდან, ჩვენ სამტრედიის საფეხბურთო გუნდსაც ჩავიბარებთ.

- თქვენ გახსენით "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის პირველი აქცია, ხართ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა "ქართულ ოცნებაში", ამასთან ბერა ივანიშვილი თქვენი შვილის ნათლიაა. პოლიტიკაში მოსვლამდე თუ იცნობდით ბატონ ბიძინას, თუ ეს უბრალოდ ახლა დაწყებული ახლობლობაა?

- მეგობრობას რაც შეეხება, ჩვენ უკვე ნათესავები ვართ. ნათელიმირონობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. აქამდე ბატონ ბიძინას და მის ოჯახს არ ვიცნობდი. ზოგადად ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ როდესაც პირველი განცხადება გააკეთა, გახსოვთ ალბათ მალევე გავრცელდა ჩემი განცხადებაც. მე მივესალმე ამ ნაბიჯს, რადგან ხალხში ნიჰილიზმი იყო. არავის აღარ სჯეროდა, იმდენჯერ გაუცრუა ხალხს იმედი ოპოზიციის ნაწილმა, უკვე არავის არ სჯეროდა და ამ ადამიანმა ზუსტად მნიშვნელოვან დროს მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩემი განცხადების შემდეგ რამდენიმე დღეში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. ვისაუბრეთ, ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

- გამოდის, რომ თქვენს პოლიტიკაში წასვლას ბიძგი ბატონმა ბიძინამ მისცა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი გადადგამდით თუ არა ამ ნაბიჯს?

- დიახ, ეს ძალიან მნიშვნელვანი იყო. ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიისგან იყო შემოთავაზება. დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს კონფიდენციალური იყო. მე ვიყავი წინააღმდეგი, იმიტომ რომ ვიყავი ჩემი საქმით დაკავებული. პოლიტიკა ისეთი საქმეა, თუ ქვეყანაში არ ხარ, ისე ეს არასერიოზულია. შემოთავაზება იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდანაც, კენჭი მეყარა საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატად. მაშინ უარი ვთქვი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სპორტით ვიყავი დაკავებული და ჩემი მხრიდან ხალხის შეურაცხყოფა იქნებოდა, მე იტალიაში ვმჯდარიყავი და კენჭი თბილისში მეყარა. იგივე სიტუაცია იყო დანარჩენ პარტიებთან მიმართებაშიც.

- მაშინაც ხომ შეგეძლოთ თავის დანებება ფეხბურთისთვის?

- კი შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი.

- თქვენ ახსენეთ, რომ ოპოზიციის ნაწილმა ძალიან ბევრჯერ გაუცრუა ხალხს იმედი. ამ ნაწილში არიან ისეთები, რომლებიც ახლა "ქართული ოცნების" გუნდს ქმნიან. შეძლებს თუ არა იგივე გუნდი ამჟამად მაინც გაამართლოს ხალხის იმედი. იგივე ირაკლი ალასანია, რესპუბლიკელები?...

- როცა ბატონი ბიძინა პოლიტიკაში შემოვიდა, მან გარკვევით თქვა, რომ შუა რომელიც არის, უნდა გაიკრიფოსო. როცა მასშტაბური გამოსვლები ხდება, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში ყველაფერი არ მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, ხალხში პროტესტია. მაგრამ ხალხის მართვა, გადაწყვეტილებების მიღება უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემი აზრით, კონკრეტული პარტია, რომ ავიღოთ, მაგალითად რესპუბლიკელებს როგორი რეიტინგი ჰქონდათ, იგივე ირაკლი ალასანიას პარტიას, ეს ცნობილია და ვიცით რა რეიტინგიც ჰქონდათ მათ, მაგრამ დღეს ეს კოალიცია, რომელიც არსებობს, არის ძალიან ძლიერი გუნდი. რა თქმა უნდა პიროვნულადაც და პარტიულადაც ზოგიერთებს დადებითი და უარყოფითი გააჩნიათ, მაგრამ საერთო ჯამში მინდა გითხრათ, რომ კოალიცია არის ზუსტად ის გუნდი, რომელიც ხელისფულებას შეცვლის.

- საუბარია, რომ შესაძლოა თქვენ კოალიციის პირველი ნომერი იყოთ?

- არ ვიცი. შეიძლება. ჩემთვის გულწრფელად გითხრათ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ხელისუფლება ცივილიზებული ფორმით წავიდეს.

- "ივერონის" ინფორმაციით, სამტრედიის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარის ალექსანდრე ჯვარშეიშვილის კაბინეტში თქვენს წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდება. თუ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და რა სახის პროვოკაციაზე შეიძლება იყოს საუბარი?

- ისეთი ხელისუფლება და ისეთი შინაგან საქმეთა მინისტრი გვყავს, ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია. ამ ადამიანების წარსული ყველაფერს ცხადყოფს. ისინი სისხლში გასვრილი ადამიანები არიან. იგივე კარალეთის ინციდენტი. ესეც პროვოკაცია იყო. არ ვიცი ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა, მაგრამ აუცილებლად გადავამოწმებთ.

- როგორ შეაფასებთ კარალეთის ინციდენტს. საუბარია, რომ თქვენ დაცვას იარაღის ამოღება უბრძანეთ. რეალურად ასე იყო თუ ეს უბრალოდ მონტაჟია, რაც კადრებში ჩანს?

- ეს არის ტყუილი, თითქოს მე იქ ვყვირივარ. ეს ჩემი ხმა არ არის. რაც შეეხება დაცვას, მან კარგად იცის, ასეთ სიტუაციაში, როგორ უნდა მოიქცეს. მათ ჩემი კარნახი არ სჭირდებათ, რადგან პროფესიონალები არიან. დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან და იარაღის ტარების უფლება ოფიციალურად აქვთ. ეს კანონით განსაზღვრულია და როცა დაცვის თანამშრომელი ატყობს, რომ მის დასაცავ პიროვნებას საფრთხე ექმნება, მას თავისუფლად შეუძლია იარაღის გამოყენება. ამიტომ ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.

- თქვენს გარდა "ქართულ ოცნებაში" კიდევ რამდენიმე სპორტსმენია. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია სპორტსმენების ყოფნა პოლიტიკაში?

- დღეს რომ ჩვენ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და სამართლიან საქართველოში ვცხოვრობდეთ, გარწმუნებთ სპორტში დავრჩებოდი და განვაგრძობდი ჩემს საქმიანობას, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რა პროფესიისაა. დღეს ყველამ ხმა უნდა აიმაღლოს.

- თქვენს პოლიტიკაში გამოჩენას თან ახლდა იტალიის საფეხბურთო სკანდალი. რა ხდება აღნიშნულთან დაკავშირებით?

- იტალიის სკანდალს რაც შეეხება, ეს არის სიცრუე. იყო გაურკვეველი სიტუაცია. მე მაშინვე გავაკეთე განცხადება, როგორც კი ჩემი გვარი გაჟღერდა ამ კუთხით, მე მზად ვიყავი იმ დღესვე გადავფრენილიყავი იტალიაში და სამართალდამცავებს ყველა კითხვაზე გავცემდი პასუხს, მაგრამ ეს დღის წესრიგში არ იდგა არც მაშინ, არც ახლა და არც შემდეგში. თუ რამე კითხვა გაჩნდა, ანალოგიურად მზად ვარ ვუპასუხო.

- ასევე აქტუალური იყო თქვენი ე.წ "კანონიერ ქურდებთან" მეგობრობის საკითხი. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საჭირო დროს შესაბამის კადრებსაც დადებდნენ. რა კადრებზეა საუბარი?

- ესეც მორიგი სისულელე იყო. არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე. თუ რაღაც ფოტოები აქვთ, უნდა დადონ. ჩემთან იმდენი ადამიანი იღებს ფოტოს, ყველა მათგანს ვერ გამოვკითხავ თუ სადაა დასაქმებული. როცა ეს თემა წამოიწია, მე მაშინაც არ გავაკეთე კომენტარი, რადგან უაზრო რაღაცეებზე მომიწევდა თავის მართლება.

- საინტერესოა, ოპოზიციაში მოსვლის შემდეგ შემცირდა თუ არა თქვენი სამეგობრო წრე და როგორ შეხვდნენ ამ ნაბიჯს თქვენი უცხოელი მეგობრები?

- ჩემი სამეგობრო წრე ვინც იყო, ის ადამიანები ყველა ჩემს გერდით დგანან. გარკვეული ნაწილი ნაციონალურ მოძრაობაშიც მყავს, მაგალითად, რატი სამყურაშვილი. მე დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან და არც აწი ვაპირებ მათ დაკარგვას. თუ გვინდა დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება, ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არ უნდა განვასხვავოთ. ეს არის ამ ხელისუფლების შეცდომა, იმიტომ რომ მან კადრების შერჩევა დაიწყო არა პროფესიონალიზმით, არამედ პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რაც ქვეყნის განვითარებისთვის დამანგრეველია. უცხოელი მეგობრებიც ნორმალურად შეხვდნენ ჩემს ნაბიჯს. მე მაქსიმალურად ვცდილობდი მათთვის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ამეხსნა.

- და ბოლოს, 12 წლიანი ევროპული ცხოვრების შემდეგ როგორია სამტრედია თქვენთვის?

- სამტრედია ჩემი მშობლიური მხარეა. იქ მაჟორიტარობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება. იყო საუბარი სხვადასხვა რაიონებზე, ვაკეში, საბურთალოში, გლდანში, მაგრამ როცა მე მკითხეს, რომ მიმეღო გადაწყვეტილება, მგონი სხვა უფლება არ მქონდა. სხვა რაიონის არჩევა ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა. თბილისი შეიძლბოდა უფრო კომფორტული ყოფილიყო, მაგრამ არ იქნებოდა ეს ჩემი მხრიდან სწორი. იმ კვირიდან ვიწყებთ გასვლებს და მოსახლეობასთან შეხვედრებს.