"პარლამენტის აპარატის ტექნიკური პერსონალი ქუთაისში გადასვლას იწყებს და სავარაუდოდ, ეს პროცესი თვის ბოლომდე დასრულდება - ამის შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად დადასტურებულია. კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტი უნდა გადავიდეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც არჩევნები გამოცხადდება და ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკვე ქუთაისის პარლამენტში უნდა მოხდეს. მანამდე კი პარლამენტის სესია თუ კომიტეტის სხდომა თბილისში უნდა გაიმართოს: სესიების გამართვა დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაინიშნება არჩევნები - თუკი ოქტომბრის მეორე ნახევარში დაინიშნება, მაშინ, ცხადია, საშემოდგომო სესია უნდა გაიხსნას და ეს აუცილებლად თბილისში უნდა მოხდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პარლამენტი ქუთაისში თვის ბოლომდე გადავა / პარლამენტის ტექნიკური პერსონალის, კომიტეტის აპარატების და ყველა სხვა განყოფილების გადაყვანის პროცესი უკვე დაიწყო.
"მაგრამ საინტერესო ის არის, რომ პარლამენტის ტექნიკური პერსონალის, აპარატების და სხვა განყოფილებების გადაყვანის პროცესი უკვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ პარლამენტის თანამშრომლებს შორის გავრცელდა და როგორც ისინი ამბობენ, უთხრეს, რომ აპარატები ქუთაისში ერთ კვირაში უნდა გადავიდეს და ამ პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ - ვინ წავა და ვინ არა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აპარატის რამდენიმე თანამშრომელი ცუდად გახდა... დღის ბოლოს პარლამენტის ქუთაისში გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატის თავმჯდომარე დავით ჯანიაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა, რა თქმა უნდა, დახურულ რეჟიმში გაიმართა, მაგრამ ჯანიაშვილს მის დაწყებამდე არ დაუმალავს, რომ საუბარი სწორედ ქუთაისში გადასვლასთან დაკავშირებით იმართებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"შეხვედრის შემდეგ კი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკა გიგაურმა თქვა, რომ საუბარი არ არის პარლამენტის შენობის დაცლაზე, არამედ პარლამენტის ქუთაისში გადასვლის პროცესის დაწყებაზე - "ამას გარკვეული ეტაპები სჭირდება. პარლამენტის ამხელა შენობა მოიცავს არქივს, აპარატურას და ა.შ. ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და რა პერიოდს მოიცავს არავინ იცის. ერთ თვეში დასჭირდება - ერთ თვეში დავცლით, ოქტომბრამდე დასჭირდება - ოქტომბერში დავცლით. არავის განუსაზღვრავს, რომ ერთ თვეში დაცალეთ შენობაო", - აღნიშნა გიგაურმა. თუმცა დახურული შეხვედრიდან კარგად ისმოდა საუბარი და ჟურნალისტებმა მოვისმინეთ - ჯანიაშვილმა თქვა, რომ ეს პროცესი თვის ბოლომდე უნდა დამთავრდესო", - წერს სტატიის ავტორი.
"კითხვაზე, პარლამენტის რამდენი თანაშრომელი გადადის ქუთაისში, გიგაურმა განმარტა, რომ ეს ჯერ განსაზღვრული არ არის - "აპარატის ხელმძღვანელობა ყველა თანამშრომელს სთავაზობს იმუშაონ, მათ ნებაზეა დამოკიდებული, ვინ წამოვა და ვინ არა", - აღნიშნა მან. საინტერესო კი ის არის, თუ ასე რატომ ჩქარობს ხელისუფლება პარლამენტის საბოლოოდ გადაყვანას. მით უმეტეს, რომ შენობა ბოლომდე დამთავრებელიც კი არ არის. ამის ერთი ვარიანტი შეიძლება ის იყოს, რომ პარლამენტის შენობა უკვე გაიყიდა და მისი დაცლაა საჭირო. მაგრამ ეკონომიკის სამინისტროში შენობის გაყიდვას კატეგორიულად უარყოფენ. მეორე კითხვა კი ის არის, თუკი საჭირო გახდა სესიის ჩატარება, სად ჩატარდება. კონსტიტუცია ქუთაიისში სესიის ჩატარებას არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე კრძალავს. ამიტომაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რატომ ცდილობს ხელისუფლება ასე ნაადრევად პარლამენტის გადატანას და თბილისში რა პროცესებია დაგეგმილი?" - დასძენს სტატიის ავტორი.