"როცა პრეზიდენტი შს მინისტრად ნიშნავს კაცს, რომელსაც ენდობა, ის ამას სათავისოდ აკეთებს. არა მგონია, სააკაშვილი ხელისუფლებიდან უსისხლოდ წავიდეს, მაგრამ ბიძინას გამჭრიახობისა და სიმშვიდის იმედი მაქვს... ეტყობა, მიშამ იფიქრა, მერაბიშვილი არ გააკეთებდა იმას, რასაც ახალაია შეასრულებსო და ამიტომ ჩააბარა მას პოლიცია",- ამბობს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც იმედოვნებს, რომ ქართველი ერი თავისი ერთობით უპასუხებს ხელისუფლების ძალადობას და სისხლის დაღვრის საშუალებას არ მისცემს.
- გაოგნებული ვარ ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენებით, მაგრამ ცოტა შორიდან დავიწყებ ჩემი აზრის გადმოცემას,- როცა ბოროტებას ებრძვი, უნდა გახსოვდეს, რომ უარესი ბოროტება არ უნდა ჩაიდინო. ბიძინა ივანიშვილი ებრძვის ბოროტებას, მაგრამ სიკეთით, სააკაშვილი კი სიკეთეს ებრძვის ბოროტებით. ხედავთ მათ შორის განსხვავებას?.. ახლა კი მთავარი და გადამწყვეტი საზოგადოების არჩევანია- სიკეთე თუ ბოროტება?!.. ივანიშვილის მხარეს ქართველი ხალხია. ქვეყნის სათავეში კი მეტწილად ამპარტავნები არიან, რომელთაც ეროვნულობასთან საერთო არაფერი აქვთ. მათთვის სიტყვა "ეროვნული" ნულამდე დაყვანილ ერს ნიშნავს, რადგან ამპარტავნებამ საღი აზროვნების უნარი დაუხშო. ამპარტავნება, ისევე, როგორც ნარკომანია, თანდაყოლილი თვისება არ არის, ორივე ადამიანის სურვილით შეძენილი ბოროტებაა, მაგრამ ჩათრევა იცის და მისგან ძნელად იკურნებიან. ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას ეს სენი მოერია.
- თუმცა მათ მაინც ჰყავთ მხარდამჭერები...
- დიახ, სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოება ზოგჯერ თანადგომასა და მონობას ვერ არჩევს. თანადგომა უფლისაა, მონობა- ეშმაკის. ამაზე თუ არ დავფიქრდით, დავიღუპებით. იცით, რატომ ებრძვიან ივანიშვილს? იმიტომ, რომ ძლიერი პიროვნებაა და მონები კი არა თანამდგომები, თანამოაზრეები სჭირდება. როცა გებრძვიან, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი ხარ. ვაჟამ თქვა:- ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო. ეს ერთი უბრალო, კეთილი და გულისხმიერი კაცია, რომელიც პრეზიდენტობისთვის კი არა, ქვეყნის გადასარჩენად იბრძვის.
- ხელისუფლებაში მოსვლამდე სააკაშვილის გუნდიც იმავეს ამბობდა, ბატონო ჯანსუღ...
- მათ კოჭებში ეტყობოდათ, რისი გამკეთებელი იყვნენ, ამას კი თავისი ეროვნულობა ეტყობა კოჭებში... - თავის დროზე, ივანიშვილმა იფიქრა, შევარდნაძემ დათმო, რათა სისხლი არ დაღვრილიყო, ახალგაზრდა თაობა მოდის, რომელიც საქართველოს აშენების პირობას დებსო, ამიტომ დაუნიშნა ხელისუფლებას, პარლამენტს, ძალოვან სტრუქტურებს ხელფასები, რათა ძლიერი ჯარი და ძლიერი პოლიცია გვყოლოდა. ახალი ხელისუფლებისთვის მილიონები არ დაიშურა. მაშინ არ იყო "რუსული ფული"? ახლა კი, როცა მიხვდა, შეცდომას უშვებდა და მილიონების გადარიცხვა შეუწყვიტა, "მიხვდნენ", რომ რუსული ფულით საზრდოობდნენ.
- რამდენიმე დღის წინ ედუარდ შევარდნაძემ ქართველ ხალხს მიმართა, ბოდიშს გიხდით, ხელისუფლება ამათ რომ ჩავაბარეო...
- იცით, საქმე ის არის, შევარდნაძეც კი ვერ მიხვდა, რომ ამ ახალგაზრდებს ასეთი საშინელების ჩადენა შეეძლოთ და ხელისუფლებიდან ისე წავიდა, რომ სისხლი არ დაღვარა. სხვათა შორის, შევარდნაძისგან ვიცი, რომ 30 ათას კაცს შორის 2 ათასი ნარკომანი იდგა. მანვე ამიხსნა,- ერთმა კაცმა მითხრა, ერთი ხუთი ტანკი რომ გამოვიყვანოთ, ის ხალხი წავაო. ედუარდს უკითხავს,- რამდენად შესაძლოა, იმ 2 ათასი ნარკომანიდან რამდენიმე მაინც შეუვარდეს ტანკსო?- ამას, სავარაუდოდ, სამი კაცი მაინც იზამსო, უპასუხია იმ კაცს. დაფიქრებულა შევარდნაძე და ასე უთქვამს,- არ მინდა, ჩემი ბიოგრაფია ქართველი კაცის სისხლში იყოს გასვრილიო. ახლა კი, ისეთი საშინელი მმართველობაა, ბოდიშს მოიხდის, აბა, რას იზამს... 81 წელი მისრულდება და არ მახსოვს, ოდესმე ქვეყანა ასეთ მძიმე დღეში ყოფილიყო... ბიძინამ ამათ 2007 წლის 7 ნოემბერი ვერ აპატია. მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე.
ყველანაირი უბედურება ამათ მოსვლას უკავშირდება, მიწები იყიდება, საკუთრების უფლება აღარ არსებობს, ებრძვიან ენასა და სარწმუნოებას, ბათუმში უკვე გაჩნდა წარწერები,- შევასწავლით თურქულ ენას, უფასოდ! გაივსო იქაურობა ბორდელებით, მარტო ბათუმში 47 ბორდელი ყოფილა... პრიორიტეტი ინგლისურ ენას აქვს და ქართულის ცოდნა რა საჭიროა?!. დედაენას აწერია, შედგენილია იაკობ გოგებაშვილის მიხედვითო,- ვაი, ჩვენს პატრონს! არ გვრცხვენია?! ის კაცია "მისახედი" თუ ჩვენ ვართ მისახედი?! ის მოშალეს, საიდანაც ჩვენი ცხოვრება იწყება. აი, ამაზე არ უნდა გაჩუმებულიყო ქართველი ხალხი, არ უნდა დაგვეთმო და იმის გაფიქრებასაც ვერ გაბედავდნენ, რომ ეს ქვეყანა მათია. არადა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მწერლებს ივანიშვილი რომ არ დაგვხმარებოდა, ხელისუფლების პენსიის იმედზე აქამდე ვერც კი მოვაღწევდით.
- ახალი პრემიერ-მინისტრის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ახლა აქცენტი სწორედ სოციალურ საკითხებზე კეთდება...
- არ დაიჯეროთ. სოციალურ სფეროში რომ საქმე ცუდად გვაქვს, ამას მაშინ მიხვდნენ, როცა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის განვითარებაში 1 მილიარდი უნდა ჩავდოო. მაშინ შეფაფხურდნენ და მერაბიშვილმა 4 მილიარდი უნდა ჩავდოო. ამათ რომ სოფლის მეურნეობაში 4 მილიარდი ჩადონ, წარმოგიდგენიათ, რას იზამენ? ვის რას მისცემენ და გაახარებენ, სულს ამოხდიან მოსახლეობას... ამათი ნათქვამი შეპირებად ითვლება, კოალიციისა კი- მოსყიდვად. თან ივანიშვილი რომ მილიონებს უხდიდა, მაშინ არ იყო მოსყიდვა. ეს ხელისუფლება ქველმოქმედების წინააღმდეგ მიდის.
პრეზიდენტმა განაცხადა,- დანაშაულმა კი არ იკლო, საერთოდ აღარ ხდებაო.- უკაცრავად, მაგრამ 2002 წლის მონაცემებით ციხეებში 6 ათასი ადამიანი იჯდა, ახლა კი სასჯელს 30 ათასამდე ადამიანი იხდის. რა გამოდის, ციხეში უდანაშაულო ადამიანები არიან თუ დანაშაულმა იმატა? რა ვქნათ, როცა ქვეყნის პირველი პირი გვატყუებს, ტაში დავუკრათ,- მიშა მაგარიაო?.. ხომ არ ჯობია, უკეთეს მმართველზე ვიფიქროთ?
- თქვენ რა გზას ხედავთ, არჩევნების იმედი გაქვთ?
- მე ქართველი ხალხის ერთად დგომის იმედი მაქვს,- თავისუფლება ლომთა ხვედრია. მაინც მგონია, რომ ლომების ქვეყანაში ვცხოვრობთ, თუ ქართველი კაცი გამოფხიზლდა, ყველაფერი მოგვარდება.
- ახლა რა ხდება ქართველი ერის ცხოვრებაში, გამოფხიზლება იწყება?
- დიახ, იწყება. მე ვიყავი "ქართული ოცნების" თბილისის შეკრებაზე. ჩემს საყვარელ გურიასაც ვსტუმრობდი იმ დიდი აქციის დღეს და გაოცებული ვუყურებდი იმ ზღვა ხალხს, არადა, ვიცი, რომ გურიის სოფლები ცარიელია. მცხეთაში ვიყავი, იქაც ქუდზე კაცი მოვიდა. დარწმუნებული ვარ, ხალხი თავის სიტყვას იტყვის. ივანიშვილს უნდა, არჩევნებით მოვიდეს ამ ქვეყანაში და ასეც მოხდება, თუ ამ ხელისუფლების წევრებმა არ იბითურეს.
- საკადრო ცვლილებებზე გკითხავთ. საზოგადოებაში მოისმენთ, რომ სააკაშვილმა ყველაზე საიმედო სტრუქტურა- შსს მისთვის სანდო ახალაიას გადააბარა, რათა ოქტომბერს მომზადებული შეხვდეს...
- იცით, ხალხის უკმაყოფილება იმ ზღვრამდეა მისული, რომ საკადრო ცვლილებებს არა მგონია, შედეგი ჰქონდეს. ყოველდღე უარეს შეცდომებს უშვებენ,- მნიშვნელობა არ აქვს, განათლებას ემსახურებოდა ადამიანი, კულტურას თუ "კაგებეს". პოლიციის აკადემიის რექტორი რა პრინციპით უნდა დაინიშნოს განათლების მინისტრად, ვერაფრით მივხვდი. ასეთი პოსტისთვის ადამიანს გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რომელიც ეტაპობრივად უნდა გაიაროს. იმ მშვენიერი ქალბატონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ შეიძლება, პურის საცხობიდან პირდაპირ მინისტრის სკამზე დაჯდე. მინისტრობა თვალების ფახული ხომ არ არის? მოვიდა ეს პატარა გოგო და სამინისტროს მდგრადი ეკონომიკა უწოდა, ჯერ ეკონომიკა სად გვაქვს და მერე კიდევ ამათი მდგრადი არ გაიშვას... სოფლის მეურნეობა არ არსებობს, მაგრამ მინისტრი ჰყავს, რომელიც "იდეებს" აფრქვევს. ახლა გაახსენდათ, რომ ეს სფერო პრიორიტეტულია და მისახედია, რატომ გუშინ და იმის წინ არ გაგახსენდა, შე კაი ადამიანო?.. წავიდა უკვე მათი დრო.
- ბატონო ჯანსუღ, მწერლების ნაწილი ხელისუფლებას ემხრობა, ნაწილი ივანიშვილს უფასებს ღვაწლს. აზრთა სხვადასხვაობას განხეთქილება მოჰყვა. რას იტყვით ამაზე?
- იმ ხუთას კაცში 50 ადამიანის გვარი მეცნობა, რომელთა შორისაც 15 გამორჩეული შემოქმედია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ დაპირისპირებაზე არაფერი მსმენია, მაგრამ ასეთი აზრთა სხვადასხვაობა ახალი არ არის. მე მთელი ცხოვრება ერთ ადგილზე ვიყავი, სხვაგან არასდროს გადავსულვარ, "ქვეშიდან გამოსულ", მედროვე ადამიანებზე ვერაფერს გეტყვით. მე იმ გამორჩეულ ადამიანებს ვემხრობი, რომლებიც თავიანთ აზრს ხმამაღლა გამოხატავენ. ასეთია ჭაბუა ამირეჯიბი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა, როგორც გორა-მბორგალი, მაგრამ ხედავთ, როგორი აქტიურია?.. ასე იბრძვის რეზო ამაშუკელი, თამაზ წივწივაძე, კიდევ რამდენიმეა, რომლებსაც ჩემიანად ვთვლი და ვისაც აზრის გამოხატვა არ ეზარება. ახლა მწერლებს სახლი არ გვაქვს, წაგვართვეს, პრეზიდიუმის სხდომები, პოეზიის საღამოები და შეკრებები ვერ იმართება და ამიტომ არც ის ვიცი, რა ხდება შიგნით. ალბათ უსახლკარობამაც აგვიწეწა ურთიერთობები. შესაძლოა, ამ სატკივარზე უფრო ხმამაღლა უნდა ლაპარაკობდეს ვინმე, იქნებ, ინამუსოთ და დაგვიბრუნოთო, მაგრამ არ აკეთებენ ამას. შეიძლება, ამანაც გამოიწვია დაპირისპირება, ვიღაცას მაინც ხელისუფლების იმედი აქვს, ვიღაც კი იმით სულდგმულობს, რომ ბიძინას მოსვლის შემდეგ შეიცვლება რამე.
- ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღება ეტაპობრივად მიმდინარეობს. შეზღუდვები ხელოვნებასა და საზოგადო მოღვაწეების მატერიალურ დახმარებაზეც ხომ არ ასახულა?
- არა, ეტყობა, ჯერჯერობით ვერ დაუშალეს. ის დაუყადაღეს, რაც იურიდიულად მას არ ეკუთვნის და თუ სამართალი არსებობს, ადამიანს იმის უფლება უნდა ჰქონდეს, ვისაც უნდა, იმას გადაუფორმოს. მაგრამ ამათგან ეს უნდა გაგვიკვირდეს? სამების საკათედრო ტაძრის აშენების ფონდს ირაკლი ანდრიაძე ხელმძღვანელობდა, მას რაღაც შარი მოსდეს და დააკავეს. სამების გახსნას ირაკლი ციხიდან აცრემლებული ადევნებდა თვალს, სხვათა შორის, ის ახლახან გარდაიცვალა...
- როგორ შემოდგომას ელოდებით ბატონო ჯანსუღ?
- ცხელს, მაგრამ იმავდროულად ნათელს. იმედია, ხალხის ძალა გადაწყვეტს ყველაფერს. ღმერთმა გაუმარჯოს იმ კაცს, ვინც სახელი "ქართული ოცნება" მოიფიქრა, ეს შესანიშნავი ლირიკაა. შემოდგომაზე გამოჩნდება, ვართ თუ არა ღირსნი, ქართული ოცნება ავისრულოთ.