"რისთვის იჯდა ციხეში გოგა ხაჩიძის მამა?!" (VIDEO)

 

გია ყარყარაშვილი: "ჩავალ მასთან სოფელში, გარეთ გამოვიყვან და ვნახოთ, ვინ ვის აგინებს!"

რატომ იყვნენ ასეთი აგრესიულები "მიშა მაგარიას" ავტორი მინისტრის ოჯახის წევრები, ეს კითხვა სოფელ ბუღაურაში გადაღებული ვიდეომასალის შემდეგ აქტუალური გახდა. კადრში ჩანს, როგორ ცდილობენ მინისტრის და და მამა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მისული ხალხის პროვოცირებას, პოლიტიკურ აქტივისტებზე მევლუდ ხაჩიძე ფიზიკურად იწევს და სიტყვიერად შეურაცხყოფს შეკრებილთ. თურმე ხაჩიძეები ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ შეხვედრას ჩუმათელეთშიც. რატომ აქტიურობენ მინისტრის ოჯახის წევრები? ბუღაურელების თქმით, "დიდი კაცის" (გოგა ხაჩიძის) ოჯახს "ნაციონალების" დიდი ვალი აქვს. მევლუდი ახლაც ციხეში იქნებოდა, გოგას რომ არ ეჩალიჩა.

ამიტომაც ამბობენ, "ნაციონალებს" ხაჩიძეებმა ბლომად ერბო-კვერცხი უნდა შეუწვან ხელისგულზეო. გოგა პოლიტიკას დიდი ხნის წინ დატოვებდა, მამამისზე განსაკუთრებული ზრუნვა რომ არ დასჭირვებოდაო, - ამბობენ მეზობლები. მევლუდ ხაჩიძის წარსულში პატიმრობის ამბავს "საქართველოს ლეგიონის" საპატიო თავმჯდომარე გია ყარყარაშვილიც ადასტურებს, - მევლუდ ხაჩიძეს ხალხში ხმის ამოღების უფლებაც არ აქვს. ჩავალ მასთან სოფელში, გამოვიყვან გარეთ და ვნახოთ, ვინ ვის აგინებსო. მევლუდ ხაჩიძე მასთან გვარდიის ხაშურის ბატალიონში მსახურობდა და ხაშურის ნავთობბაზის დირექტორადაც დაუნიშნავს. შემდეგ ფინანსური საკითხების გამო ხაჩიძე ორჯერ მჯდარა ციხეში, ჯერ შევარდნაძის, მერე სააკაშვილის ხელისუფლებას დაუპატიმრებია. ხაშურელების თქმით, მინისტრის მამა "მხედრიონის" წევრიც ყოფილა, იარაღშემართული დარბოდაო. იქნებ იმის გამო, რომ მამის წარსულის გაქექვის საფრთხე იგრძნო, "ქართული ოცნების" აქციაზე ოჯახური სკანდალის შესახებ გოგა ხაჩიძემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე განაცხადა, - ჩემებს ნერვები უნდა მოეთოკათ და კორექტულად მოქცეულიყვნენო. აი, მინისტრის კომენტარი:

"ეს ჩემი დაა (აქ საშინლად გამოიყურება, ისე - არა. სამი წლით უმცროსია ჩემზე). ეს მამაჩემია... ეს ამბავი ჩემი სახლის წინ ხდებოდა დღეს, სურამში, რა თქმა უნდა, უკეთესად შეეძლოთ, მოქცეულიყვნენ. რა თქმა უნდა, ნერვებმა უმტყუნათ...

ამ საკითხზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან და თვითონ წყვეტენ, როგორ მოიქცნენ. ვწუხვარ, რომ ამ შემთხვევაში მოვლენების ცენტრში ჩემ გამო აღმოჩნდნენ. ამ კვირას, თუ მოვახერხე, გავუვლი. დიდი ხანია, აღარ მინახავს. თან "კუკარაჩას" ჩავუტან, ფილმს. არ აწყენთ კლასიკის გადამეორება".

მაინცდამაინც "კუკარაჩაზე" რატომ გაამახვილა ყურადღება გოგა ხაჩიძემ? იქნებ იმიტომ, რომ მათ შორის, ვისზეც მამამისმა გაიწია, დიდი ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთიც იყო?! ან იმიტომ, რომ "კუკარაჩას" დამდგმელი რეჟისორი ქეთი დოლიძე დალანდა მომიტინგეებში...

"კვირის პალიტრა" ორი წლის წინ შემთხვევით მოხვდა მინისტრის მშობლიურ სოფელში. დაბინძურებული მდინარე სურამულას კალაპოტს ავყევით. მაშინ მოსახლეობის ერთი ნაწილი მდინარის დაბინძურებაზე, დასუფთავების სამსახურის უპასუხისმგებლობასა და გარემოს დაცვის სამინისტროს გულგრილობაზე წუხდა. ძველი პრობლემები კვლავაც აქტუალურია არა მხოლოდ მინისტრის მშობლიურ სოფელში - მდინარე შოლის სანაპიროზე მცხოვრებთა თქმით, აქაურობა ნაგვისა და ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული. მდინარის ჯებირები ასამაღლებელია, უხვი ნალექის დროს მდინარიდან გადმოსული წყალი ეზოებს ტბორავს. აქაურებს განცხადებით მიუმართავთ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, თუმცა, უშედეგოდ. აქაური მოხუცი ქალბატონი ეკოლოგიური პრობლემის გამო გარემოს დაცვის მინისტრსაც საყვედურობს, - "გოგა დისშვილიშვილია ჩემი... ეს არის ბუნება, გარემოს დაცვა, ბუნება ასე უნდა იყოს?". მანამდე კი გარემოს დაუცველობის გამო "კვირის პალიტრასთან" მინისტრის მშობლებმაც დაიჩივლეს. სწორედ მათი სახლის წინ ჩამოდის ნაგავში ამომხრჩვალი სურამულა, რაც იმის ბრალია, რომ მდინარის სანაპიროს მცხოვრებნი ნაგავს ისე მშვიდად ყრიან შიგ, თითქოს აშმორებული მდინარის სუნი მათთან კი არა, ჩემს სახლში შემოდიოდეს. მაშინ გავიფიქრე, - გოგა ხაჩიძემ გარემოს დაცვის მინისტრობა ალბათ თავის სოფელში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად გადაწყვიტა-მეთქი, თუმცა, ფაქტია, რომ ბუღაურელები, ურთხველები, ბირჯნისელები და ზეკოტელები მდინარეში ნაგვის გადაყრას ვერ გადააჩვია.

"ცუდ დღეში ვართ... აბა, ერთი ურნა თუ მაინც დგას სადმე. ვიხვეწებით, მაგრამ კაცი პატრონი არ გვყავს(!)... ერთადერთი ტრაქტორი დადის ორშაბათობით და ამ სოფლებიდან ნაგავი გააქვს, მაგრამ რად გინდა, ტრაქტორის საბარგული ღიაა, ნაგვის ნახევარი გზაზე რჩება და მერე ხალხი ისევ მდინარეში ყრის. მრავალი წელია, ასე ხდება და მოკვდა ეს საცოდავი მდინარე", - მითხრა მაშინ კაცმა, რომელიც მინისტრ გოგას მამა, მევლუდი, აღმოჩნდა. ხაჩიძეებმა ოჯახშიც შემიპატიჟეს და წყაროს წყლითაც გამიმასპინძლდნენ. შემდეგ ოჯახის უფროსმა თვითონ გამიწია მეგზურობა მთაში, ტყეში განთავსებული სასმელი წყლის საცავისკენ. დავრწმუნდი, რომ სურამის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეზოებში ონკანში მხოლოდ ტალახიანი წყალი კი არა, საწამლავი მოედინებოდა. მუნიციპალიტეტს ან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რატომ არ მიმართავთ-მეთქი.
მინისტრი უჟმური კაცია, არ გვიკარებს, - მიპასუხა მასპინძელმა. დიასახლისმა უსაყვედურა, - არ დაუჯეროთ, შვილო, გოგა ჩვენი შვილია. მისი მშობლები ვართ და თქვენც მის სახლში ხართო.

სახტად დავრჩი. აბა, რას ვიფიქრებდი, ეკოლოგიური მდგომარეობით თვით მინისტრის მშობლები თუ იქნებოდნენ გაწამებულნი(!). ამჯერადაც სახტად დავრჩი, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ხაჩიძეების ხმაურიანი გამოსვლა რომ ვიხილე. როდესაც წლობით საწამლავი მოდის შენს ონკანში, ქუჩიდან ნაგვის გატანა კი მუნიციპალიტეტთან სახვეწარი გაქვს, როგორ შეიძლება "ნაციონალების" ზონდერი”იყო? აშკარად ვალი ტეხავს წელში ხაჩიძეებს...

"ყოველგვარი ძალადობა, ყოველივე ბნელი და საძაგელი, ძალაზე კი არა, სისუსტეზე მიუთითებს"
ემერსონი