თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფის მიზნით, 14 ივლისს ერთიანმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო ქცევის დეკლარაციის გაფორმება შესთავაზა. დეკლარაცია, ანუ წინასაარჩევნო ქცევის კოდექსი, რომელიც 4 პუნქტისგან შედგება, ძირითადად ძალადობასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე უარის თქმას ითვალისწინებს. დეკლარაციის მიერთების სურვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, საჯაროდ დაადასტურეს ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და ახალმა მემარჯვენეებმა, თუმცა დოკუმენტზე ხელმოწერის ტექნიკური პროცედურა ჯერ არ დაწყებულა. დეკლარაციის პოტენციური ხელმომწერები პროექტის ტექსტსა და პრინციპებში ცვლილებებსაც ითხოვენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის, ანუ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების დეკლარაციის შესახებ პოლიტიკური პარტიების ერთ ნაწილს 14 ივლისს უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე ეცნობა, ნაწილს კი - მედიასაშუალებების დახმარებით. დეკლარაციის მიზნებზე დაინტერესებულ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ესაუბრა:
”განსაზღვროს საარჩევნო კამპანიის ძირითადი საკითხები, რომელიც შეეხება ძალადობის გამოყენებაზე უარის თქმას, რომელიც შეეხება მოსყიდვაზე უარის თქმას, კანონთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმების დაცვას ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა შემოუერთდეს ყველა ის პოლიტიკური გაერთიანება, რომლის მიზანიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.“
დეკლარაციის თანახმად, პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ საარჩევნო კამპანიის პროცესში ემიჯნებიან ძალადობას, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციებისთვის ხელის შეშლას - მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზებითა და პარალელური აქციების დაგეგმვით - და მზად არიან საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ. დეკლარაციის მეორე პუნქტი ამომრჩევლის მოსყიდვაზე უარის თქმას ითვალისწინებს, მესამე კი - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებათშორისი კომისიის რეკომენდაციების დაცვას. დაბოლოს, დეკლარაციის ხელმომწერები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს აღიარებენ.
ძირითადად სწორედ ეს უკანასკნელი პუნქტია მიუღებელი კოალიცია ”ქართული ოცნებისთვის”.
”დასახვეწი და დასამუშავებელია მეოთხე პუნქტი ეთიკურ სტანდარტში, იმიტომ რომ არჩევნების შედეგებს უპირობოდ ვაღიარებთო, ეს მიუღებელია. თუ არ იქნა სამართლიანობა, თავისუფლება და მშვიდობიანი არჩევნები, ისე როგორ ვაღიარებთ ჩვენ არჩევნების შედეგებს უპირობოდ. ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ამისკენ მივიღწვით და არა უპირობოდ შედეგების აღიარებისაკენ”, ამბობს იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.
კოალიცია ”ქართული ოცნების” პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის თანახმად კი, პარტიათა ქცევის კოდექსი, წარმოდგენილი ფორმით, ”ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია. კოალიცია მზად არის მსგავსი სახის დოკუმენტის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა იმ შემთხვევაში, თუ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა გვითხრა, რომ დეკლარაციის ცალკეულ საკითხებზე დეტალური მსჯელობის დასაწყებად დეკლარაციის 4 ძირითად, ჩარჩო პუნქტზე შეთანხმება უნდა არსებობდეს:
” თუ შენ რაღაც პრინციპს არ ეთანხმები, მაშინ იმ პრინციპის დეტალებზე საუბარს რაღა აზრი აქვს? თუ ფუნდამენტზე შეთანხმება არ არის, მაშინ დისკუსია როგორ გაგრძელდება?ეს ხომ არ არის სადავო საკითხები. აქ არის ის პრინციპები, რომლებიც ყველგან არის მსოფლიოში. განსაკუთრებით დემოკრატიულ სახელმწიფოებში ეს აღიარებულია. ამ პრინციპების მიმართულებით არავის კითხვის ნიშანი არ გააჩნია. ველოდებით, რომ ამ ზოგად ფუნდამენტურ პრინციპებს პოლიტიკური პარტიები, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და სამართლიან კონკურენციაში მიიღონ მონაწილეობა, ბუნებრივია, ხელი უნდა მოაწერონ.”
პარტიათა ქცევის დეკლარაციის ხელმოწერაზე ღია განცხადება ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა, თუმცა მისი წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე ამბობს, რომ მთავარია არა ხელმოწერა, არამედ დებულებების შესრულება, რისი მიმართულებითაც დეკლარაცია დასახვეწია:
”როგორ მოხდება შესრულების მონიტორინგი? ვინ განახორციელებს? კი, პარტიები იტყვიან, რომ ამა თუ იმ პარტიამ ეს დაარღვია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, ალბათ, ასევე ნეიტრალური არბიტრი, შეიძლება ითქვას, რომელიც ამას დააფიქსირებს. უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს მესამე მხარე, პირობითად შეიძლება ითქვას. შეიძლება იყოს ეს მედია, შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია. ალბათ, უფრო ნეიტრალურზე უნდა გავაკეთოთ ჩვენ აქცენტი.”
ახალი მემარჯვენეები კი მიიჩნევენ, რომ თუ პოლიტიკური ვითარება ასეთი დარჩა, მშვიდ და სტაბილურ გარემოში არჩევნები ვერ ჩატარდება. ამდენად, ისინი პარტიათა ქცევის წესების შემოღებას ემხრობიან. რაც შეეხება პროექტის შესწორებას, მანანა ნაჭყებია ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა, დეკლარაციის ძალით, ნაციონალურ მაუწყებლებს პოლიტიკური დებატების ორგანიზება დაევალოთ:
”დებატებია ის საშუალება, სადაც ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ, ვინ ვართ მართალი, ვის რა პროგრამა გვაქვს, ვისი პროგრამა უკეთესია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ დაიგვიანა დებატებმა, მე ვფიქრობ, დაძაბულობის ესკალაცია ამან გამოიწვია.”