გუშინ "ქართული ოცნების" აქციამ გორში მშვიდ გარემოში ჩაიარა, რომელსაც დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი დაესწრო. გორელებს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიესალმა. მან გამოსვლისას მთავარი აქცენტი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე გააკეთა. იქვე აღნიშნა, რომ საქართველოში ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, რომ ხალხმა ერთმანეთს ქვები აღარასოდეს ესროლოს.
იმის მიუხედავად, რომ აქცია 7 საათზე იყო დაგეგმილი, ხალხმა მისვლა 2 საათით ადრე დაიწყო. მასზე მრავლად იყო "ქართული ოცნებისა" და საქართველოს ეროვნული დროშები. აქა-იქ შესამჩნევი იყო ევროკავშირისა და ნატოს დროშებიც.
"იმიტომ მოვედი, რომ მჯერა ივანიშვილის გუნდის. მხარს მას იმიტომ ვუჭერ, რომ ვფიქრობ, ამ ადამიანს შესწევს უნარი, ქვეყანა ფეხზე დააყენოს. ხალხი დაასაქმოს, სიღარიბე აღმოფხვრას და რაც გორელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შესწევს უნარი, რომ გადაჭრას ქართულ-ოსური ურთიერთობები," - აღნიშნა "მთელ კვირასთან" აქციაზე მყოფმა 47 წლის ნანა ოქროპირიძემ. ამავე პოზიაციას აფიქსირებენ აქციის სხვა მონაწილეებიც. თუმცა მისი დამთავრების შემდეგ უკმაყოფილონიც ჩანდნენ.
მაგალითად, ერთი შვილმკვდარი მამა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მთელი გულით და სულით ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა. იგი დაცვას გასცდა, მაგრამ ივანიშვილამდე მაინც ვერ მიაღწია. "ოცენების" ლიდერმა მამაკაცი დაინახა, რომელსაც გარდაცვლილი შვილის სურათები ეჭირა, ივანიშვილმა მას მიუსამძიმრა კიდეც... ამ დროს კოალიციის ლიდერი ჟურნალისტებთან აკეთებდა კომენტარს და მამაკაცს აღარ შეხვდა.
"ჩემი შვილი ჯარში, ხელვაჩაურის რაიონში მსახურობდა. იგი 2009 წლის ნოემბერში ცემით მომიკლეს. დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დასჯილან და ეფექტური გამოძიების ჩატარებას ვითხოვ.
ამიტომ მოვედი აქციაზე, რომ დახმარება ივანიშვილისთვის მეთხოვა", - აღნიშნა "მთელ კვირასთან" გარდაცვლილი ჯარისკაცის, დავით თაყაძის მამამ ალექსი თაყაძემ, რომელიც აქციაზე სოფელ კირბალიდან ჩამოვიდა.
იგივე მიზეზით კიდევ ერთი გორელი დარჩა უკმაყოფილო. "ქართული ოცნების" ლიდერთან მისვლის საშუალება დაცვამ არ მისცა. "თუ ბატონ ბიძინას ვერ ვნახავდი, აქ მოსვლას მაშინ რა აზრი ჰქონდა", - დასძინა მან, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.
ამავე მიზეზით უკმაყოფილო იყო 12-ოდე წლის მოზარდიც, რომელსაც მხიარული სტარტების მაისურა ეცვა. ბიჭმა აღნიშნა, რომ მის მაისურზე გამოსახული წარწერა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალების" მხარდამჭერია.
გუშინდელმა აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. არადა, გორელები შიშობდნენ, რომ ყველაფერი ასე მშვიდად არ დასრულდებოდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ შესაძლებელი იყო, კარალეთის ინციდენტი გამეორებულიყო. თუმცა "ოცნების" წევრების ამომრჩეველთან შეხვედრებისგან განსხვავებით "ნაციონალების" ადგილობრივ აქტივისტებს (ზოგ შემთხვევაში კი ადგილობრივ მოსახლეობას) პროვოკაციები აქციაზე აღარ მოუწყვიათ. მოვლენებს შორიდან აკვირდებოდა საპატრულო პოლიციაც. იგი გზის მოძრაობასაც აწესრიგებდა. აქციას აკვირდებოდნენ საია-სა და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებიც.
კოალიციიდან გორელებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა მიმართა, რომლის თქმითაც, ქართველ ხალხს "ქართული ოცნების" სახით სერიოზული და სწორი წინამძღოლი გაუჩნდა. მისი თქმით, ამიერიდან ხელისუფლება როგორც უნდა ეცადოს, ქართველ ხალხსა და საქართველოს გზას ვეღარ აურევს. ივანიშვილის შეფასებით, დღევანდელი დღე ქართლელების გაუტეხლობის მაგალითი იყო.
"ჩვენი ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ სააკაშვილი საკუთარ ხალხს და განსაკუთრებით ქართლელებს არ იცნობს. ქართლელები ძალიან ჯიუტი და გაუტეხელი ხალხია და დღევანდელი დღეც ამის მაგალითია. უამრავი მაგალითი მოვუყვანე ამ ხელისუფლებას იმისთვის, რომ თუ გონება შერჩათ, დაფიქრდნენ და ყველაფერი გადააფასონ. ქართლს ვერ გატეხს სააკაშვილი. დღევანდელი ძლიერი მუხტი იყო საქართველოს რეალობა და მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუბრუნდნენ კანონიერებას, ნუ დაწვავენ ხიდებს. აღარ შეუძლიათ ქართველი ხალხის გადაყოლება. ქართველ ხალხს ჩვენი კოალიციის სახით გაუჩნდა სერიოზული და სწორი წინამძღოლი და ეს ხელისუფლება საქართველოს გზას ვეღარ აურევს.""... ნუ დაწვავენ ხიდებს, დაინახონ, სად არის ქართველი ხალხი და რა სურვილები აქვთ. მგონი, თქვენთან უფრო კარგი განცხადება გავაკეთე, ვიდრე სცენაზე", - მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტებს აქციის დასრულების შემდეგ. ივანიშვილის მიმართვამდე კი სცენაზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ხაჭაპურიძის დედა ცისანა ოთინაშვილი ავიდა. მან ხეობელ ახალგაზრდებს მიმართა: "ხშირად ამბობენ, რომ ხეობელი ახალგაზრდები ზონდერ-ბრიგადების წევრები არიანო. ახალგაზრდებო, კმარა ასეთი ცხოვრება. ნუ დაუპირისპირდებით თქვენს ძმებს და დებს", - აღნიშნა მან. აქციაზე ტრადიციულად გარეპა ბიძინას ვაჟმა ბერამ, რომელიც აქციის დაწყებამდე და მიმდინარეობისას გორში განვითარებულ ამბებს საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტან კახი კალაძესთან ერთად აკვირდებოდა. აქციის შემდეგ კი მან თინეიჯერებს ავტოგრაფებიც დაურიგა. თავად ფეხბურთელს კი გორელებისთვის აღარ მიუმართავს.