ივანიშვილი

ივანიშვილი "ვარდების რევოლუციის" ყველა მონაპოვრის უკან დაბრუნებას აპირებს

კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" წარმომადგენელი მიხეილ თავხელიძე ერგნეთის ბაზრობის აღდგენის სურვილის გახმოვანების გამო ივანიშვილს რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს, კონფლიქტოლოგი, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ ერგნეთის ბაზრობამ საყოფაცხოვრებო დონეზე კონფლიქტის მოგვარება შეძლო და კანონიერ ჩარჩოებში მოქცევის შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს უნიკალური მონაპოვარი იქნებოდა.

თავხელიძე აცხადებს, რომ "ივანიშვილის ეს განაცხადი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მისი პროგრამა, რომელსაც არაფრისდიდებით არ ყვებოდა, "ვარდების რევოლუციის" ყველანაირი მონაპოვრის უკან დაბრუნებაა, ყველა იმ საზიზღრობის რევერსირებაა, რაც საქართველოში არსებობდა და რასაც ბოლო 8 წლის მანძილზე თავი მოვუნგრიეთ".

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, "ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სწრაფი დინამიკა არც ერთ კონფლიქტს არ ჰქონია და ეს ერგნეთის ბაზრობის დამსახურბა იყო."

პაატა ზაქრეიშვილი: "1992 წელს დასრულდა საომარი მოქმედებები და 2001 წლისთვის არსებითად შეცლილი იყო ვითარება შერიგებისკენ. ამ ყველაფერს კი ერგნეთის ბაზრობამ შეუწყო ხელი. ამ ბაზრობას ის დატვირთვა ჰქონდა, რომ მთელი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ინტეგრირებული იყო ქართულ რეალობაში. იქ ტრიალებდა ქართული ლარი, ერგნეთზე მოპოვებული თანხები ტრიალებდა ქართულ ბანკებში, ოსები ჩამოდიოდნენ საქართველოში და თავიანთ სავაჭრო ინტერესებს აქ არეგულირებდნენ. იქ უკანონობა მართლა ხდებოდა, იყო კრიმინალური მომენტები, ეს იყო შევარდნაძის დროს, მაგრამ ამიტომ ბაზრობა კი არ უნდა გაუქმებულიყო, არამედ სახელმწიფოს შეეძლო, იქ შემოსული შემოსავალი სახელმწიფოს ბიუჯეტში გაეშვა და ამ პროცესისთვის ცივილიზებული ფორმა მიეცა".

მისი თქმით, "სააკაშვილმა ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლა. იმის ნაცვლად, რომ ბაზრობას ცივილიზებული ფორმები მიეღო და გარკვეული რეგულაციები მომხდარიყო, ბაზრობა დახურეს და ამით გაანადგურეს ის უნიკალური მონაპოვარი, რითაც ოსური მოსახლეობა მნიშვნელოვნად იყო ინტეგრირებული ქართულ სახელმწიფოში, რაც თავისთავად ძალიან სერიოზული წარმატება იყო".

თავხელიძე პასუხად ამბობს, რომ "ზაქარეიშვილი ამას შეგნებულად აკეთებს. ივანიშვილი რისთვის აკეთებს - არ იცის, მაგრამ ეჭვი აქვს, რომ ისიც "იქ არის" - ისინი რუსულ სიმღერას მღერიან.

"რუსული სიმღერაა, რომ თურმე ეს კონფლიქტები არის არა რუსეთ-საქართველოს, არამედ ეთნიკური კონფლიქტი - ბოდიში უნდა მოვუხადოთ და შემოვირიგოთ. ამ სიმღერას მღერის რუსეთის ნებისმიერი წარმომადგენელი, პუტინიდან დაწყებული, კერძო პროექსპერტით დამთავრებული. იგივე სიმღერას მღერის ზაქარეიშვილი. რუსეთის პირდაპირ ინტერესებშია, რომ ეს კონფლიქტი გახადოს შიდა ქართულ პრობლემად და გაატაროს აზრი, რომ რუსეთი ეხმარება ამ საცოდავ ხალხებს. არ მგონია, რომ ივანიშვილმა ამით არჩევნები მოიგოს ოდესმე," - განმარტავს თავხელიძე.

მისი თქმით, ერგნეთის ბაზრობა კრიმინალის ბუდე იყო და თბილისში მანქანას თუ მობილურ ტელეფონს იპარავდნენ, ერგნეთის გზით გადიოდა საქართველოს საზღვარზე. ამიტომაც თუკი საქართველოში წესრიგის დამყარება გვსურდა, საბაჟოზე თუ კრიმინალის თვალსაზრისით, ეს ბაზრობა აუცილებლად უნდა დაკეტილიყო.

მისი აზრით, ერგნეთის ბაზრობის საჭიროება გაუგებარია, იმიტომ, რომ იმ ტერიტორიას აკონტროლებდნენ სამხრეთ ოსეთის და საქართველოს კრიმინალური ჯგუფები და პრობლემა ეს იყო. ბაზრობის დახურის შემდეგ კი მთელი საქართველო თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გადაიქცა და ამის გათვალისწინებითაც საზღვარზე სპეციალური მსგავსი ზონის შექმნა საჭირო არ არის.

მიხეილ თავხელიძე: "იქ ბაზრობის გაჩენის ეკონომიკური მოთხოვნილება რომ ყოფილიყო, ის დიდი ხნის წინათაც გაჩნდებოდა. ამას საქართველოს მხრიდან ხელს არავინ არ უშლიდა და არც დღეს უშლის. ამას ხელს იქითა მხრიდან უშლიან. თუ ივანიშვილს ესმის, რომ ვაჭრობა კარგია ჩვენთვის, ეს ესმით რუსებსაც. ამიტომაცაა, რომ მსგავსი კონტაქტი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის შეზღუდულია. ივანიშვილი ამ პრობლემას რანაირად მოაგვარებს, არ მესმის.

"ერგნეთის ბაზრობა ჩვენ დავხურეთ და დავხურეთ იმიტომ, რომ ის იყო კრიმინალის ბუდე. თავისუფალი ვაჭრობის შეწყვეტის მიზნით არ დახურულა ეს ბაზრობა. სანამ ომი მოხდებოდა და რუსები შემოვიდოდნენ, ეს ვაჭრობა ძალიან კარგად მიმდინარეობდა, მაგალითად, გორში და სხვა ადგილებში. ერგნეთის დახურვით კავშირები არ შეწყვეტილა. იყო გამშვები პუქტები, ხალხი გორშიც ჩამოდიოდა, სანამ რუსებმა არ განდევნეს ის ოსი მოსახლეობა ჩრდილოეთ ოსეთში.

"დღესაც, საქართველოში არა მარტო ოსებს, რომლებსაც ჩვენს მოქალაქეებად განვიხილავთ, რუსეთის მოქალაქეებსაც კი არ აქვთ პრობლემა, საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე ივაჭრონ. ახლაც კი არიან ოსები, რომლებიც წრეს არტყამენ და ლარსის გავლით მოდიან, რომ ივაჭრონ."

"მთავარი ის კი არ არის, მიშა თავხელიძე რას იტყვის, მთავარია, რას იტყვის ქართული საზოგადოება," - ამბობს ზაქარეიშვილი. " - მადლობა ღმერთს, რომ თავხელიძე არა თუ უმცირესობაში, არამედ ერთეულ უმცირესობაშია და ქართულ საზოგადოებას არჩევნებში მიეცემა საშუალება, თავისი პოზიციები გამოთქვას - რა ურჩევნიათ, თავხელიძის არაკომპეტენტური განცხადებები თუ ივანიშვილის რეალური პოზიცია.

"თავხელიძე აზრზე არ არის, რა ხდება. ერგნეთის ბაზრობით სამხრეთ ოსეთის საზოგადოების 80% იყო ჩართული საერთო ქართულ რეალობაში. ამ ბაზრობის გაუქმების შემდეგ გორში მხოლოდ ამ 80%-ის 10% თუ ჩამოდიოდა. ადამიანები კი ჩამოდიოდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენი იყო, რამდენიც მიშა თავხელიძის მსგავსთა რაოდენობაა საქართველოში. მასშტაბებია სხვადასხვა. რაღაცა ხდება დღესაც, მაგრამ პროცენტული შედარება უნდა გააკეთო. მაშინ ცხინვალიდან გორამდე და ცხინვალიდან თბილისამდე ნებისმიერ ოსს 40 წუთში შეეძლო ჩამოსვლა. დღეს იგივე მარშრუტის გავლას ორი დღე სჭირდება. ჯერ ვლადიკავკაზში უნდა ჩავიდნენ და ლარსის გავლით უნდა შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ვისაც 40 წუთის ნაცვლად 2 დღე მიაჩნია წარმატებად, ისინი კარგავენ ოსურ საზოგადოებას და პერსპექტივებს რომ რაღაც შერიგება მოხდეს. ამ ხელისუფლებამ კი თავისი შეცდომებით შედარებით მოგვარებადი ქართულ-ოსური კონფლიქტი მოუგვარებელ ქართულ-რუსულ კონფლიქტად აქცია."

ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ თავის დროზე ძალიან ბევრი პროდუქცია შემოდიოდა კონტრაბანდულად - სიგარეტები თუ ნავთობი, მაგრამ ჩვენ სიგარეტები კი არ აგვიკრძლავს, უბრალოდ, ეს ყველაფერი ცივილიზებულ ფორმად ვაქციეთ. ასე უნდა ყოფილიყო ერგნეთის ბაზრობის შემთხვევაშიც. "არ შეიძლება, კარგი იდეა - ერგნეთის ბაზრობა - გაგენადგურებინა იმიტომ, რომ ფორმა იყო ცუდი. ეს ფორმა უნდა შეგვეცვალა."

მისი თქმით, ივანიშვილისათვის ამ ბაზრობის აღდგენა ძალიან რთული იქნება, იმიტომ, რომ იქ ოსების ნაცვლად დღეს რუსები დგანან, მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელია და კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელიც კი.