რა იცვლება და რა გადაცემები გავა ტელევიზიებში წინასაარჩევნოდ?!

რა იცვლება და რა გადაცემები გავა ტელევიზიებში წინასაარჩევნოდ?!

"მიუხედავად იმისა, რომ რომ არჩევნები მოახლოვდა, სახელისუფლებო არხები პოლიტიკურ ტოქშოუებს ეთერში მაინც არ უშვებენ და მხოლოდ "იქ გაკეთებული" (გახსოვთ ალბათ, "რუსთავი 2"-ის სლოგანი: "ახალი ამბები კეთდება აქ") ახალი ამბებით კვებავენ მაყურებელს. არადა, "იმედიც" და "რუსთავი 2"-იც გაზაფხულიდან პოლიტური ტოქშოუების ჩაშვებას გვპირდებოდა, თუმცა გადაიფიქრეს. დღის სინათლე ვერც ნინო შუბლაძის "პოზიციამ" იხილა. მაყურებლის მხრიდან, თურმე, პოლიტიკურ პროდუქტზე მოთხოვნა ნაკლებია - ასე ამტკიცებენ სახელისუფლებო არხები. არადა, საარჩევნოდ, უნდათ თუ არა, ვალდებულები არიან, დებატები და პოლიტიკური ტოქშოუები ეთერში გაუშვან. ამ მიმართულებით "ნაცარხები თავის გეგმებს ჯერჯერობით არ ამხელენ. არასახელისუფლებო არხებს კი დიდი გეგმები აქვთ", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით რა იცვლება და რა გადაცემები გავა ტელევიზიებში წინასაარჩევნოდ?!

"სააკაშვილის რეჟიმს "ანტენოფობია" თითქმის იმავე პერიოდში დაეწყო, რაც "მასთ ქერის" პრინციპის ამოქმედებას დათანხმდნენ. ერთი მხრივ, საქართველოს მასტშაბით მოსახლეობის სრულ ინფორმირებულობას ყველა გზით აფერხებენ, მეორე მხრივ, თითქოს დათმობაზე მიდიან, სულგრძელ პოზაში დგებიან და აცხადებენ: "მასთ ქერი" საჭიროა, რათა საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდესო. ოღონდ, ეს მხოლოდ არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების დღემდე, ანუ, მინიმუმ 60 დღე იქნება შესაძლებელი. არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ოქტომბერში უნდა გაიმართოს. დარჩენილია დაახლოებით 3 თვე. ხელისუფლება კი თარიღის გამოცხადებას არ ჩქარობს. ბრძანებამდე, არც საკაბელოები ილტვიან "მაესტროს", "მეცხრე არხისა" და "კავკასიის" სამაუწყებლო პაკეტში ჩასმისკენ. ხელისუფლება ჯერ სატელიტურ ანტენებს დასდევს, მერე შეიძლება კიდევ რამე მოფიქრონ და "მასთ ქერი" სრული დატვირთვით არც ამოქმედდეს და ეს არხები სრულიად საქართველოს ამომრჩევლისთვის ისევ მიუწვდომელი დარჩეს. ამის მიუხედავად, არასახელისუფლებო არხები წინასაარჩევნო პერიოდისთვის მაინც ემზადებიან. "ქრონიკამ" სცადა გაერკვია, რა ცვლილებებს შეიტანენ არხები სამაუწყებლო ბადეში, როცა ე.წ. მასთ ქერი ამოქმედდება?"- აღნიშნავს გამოცემა.

"მე არ მიმაჩნია, რომ "მასთ ქერის" ამოქმედებასთან დაკავშირებით, მედიაგარემო რამენაირად შეიცვლება. აქედან გამომდინარე, ამ პროცესებს არაფერს არ ვუკავშირებთ, მივდივართ იმ გეგმით, რაც გვქონდა. რა თქმა უნდა, დაგეგმილია ეთერში ახალი პროექტების გაშვება. უკვე გავიდა ნინო ჟიჟილაშვილის "პოლიტმეტრი", სექტემბრისთვის ახალ სტუდიებს მოვრჩებით და სხვა პროექტებიც დაემატება, ეს იქნება აუდიტორიანი ტოქშოუები. ერთ-ერთი იქნება თეა სიჭინავას "კვირის არგუმენტები" - კვირის შემაჯამებელი აუდიტორიანი ტოქშოუ, რომელიც, სავარაუდოდ, პარასკევობით გავა ეთერში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "მასტროს" გენერალური დირექტორი ილია (ბაჩო) კიკაბიძე.

"როგორც იცით, ახლა საცდელი მაუწყებლობა გვაქვს და ცხადია, მალე ჩვეულებრივ მაუწყებლობაზეც გადავალთ და ახალ პროექტებს გავუშვებთ ეთერში.. დაახლოებით ორ კვირაში იგეგმება დილის გადაცემის ეთერში ჩაშვება თეონა გეგელიასთან და გიორგი კობახიძესთან ერთად. პრაიმტაიმში ვამატებთ კიდევ ორ ტოქშოუს, ერთს ეკა ბერიძე, მეორეს კი ვასილ მაღლაფერიძე წაიყვანს. სახელწოდებას ახლა ვერ გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით, რომ ყოველდღიურად გავა ეს გადაცემები ეთერში. ვასილ მაღლაფერიძის გადაცემა იქნება დისკუსიის ფორმატის, ბერიძის კი "ჰარდ თოქ"-ის, რაც პირდაპირ თარგმანში "რთულ საუბარს" ნიშნავს. ფორმატის თვალსაზრისით ეს გახლავთ ჟურნალისტისა და რესპონდენტის პირისპირ საუბარი. ამის პარალელურად, ეთერიდან სრულად ამოვიღებთ ფილმებს და დღის მანძილზე საინფორმაციო გამოშვებების რაოდენობაც გაიზრდება. სრულად დავაკომპლექტეთ რეგიონული ბიუროები, სულ 35 ბიურო გვაქვს", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი კახა ბექაური.

"როგორც კი არჩევნები დაინიშნება, ყოველკვირეულ რეჟიმში, შაბათობით. 9 საათზე გავა დებატები ალეკო ელისაშვილთან ერთად. დანარჩენი ჩვენი გადაცემები იმუშავებს, რა თქმა უნდა, საარჩევნო ფორმატში. "ბარიერიც", "ცხელი ხაზიც" და დათო აქუბარდიას "სპექტრიც". სასექტემბროდ კიდევ ვგეგმავთ ეთერში საარჩევნო პროექტის გაშვებას შაბათს საღამოს, რეგიონილ ტელევიზიებსა და რადიოებთან ერთად", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "კავკასიის" დირექტორი ნანა ჯანგირაშვილი.