"მერაბიშვილიც და ივანიშვილიც ცდილობენ, არ დაწვან ერთმანეთთან მისასვლელი გზები"

"რასაკვირველია, "მაესტროს" მიერ შეძენილი სატელიტური თეფშების დაყადაღებას არაფერი აქვს საერთო ამომრჩეველთა მოსყიდვის აკრძალვასთან. "მაესტრო" არ არის პოლიტიკური ძალა და იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ეს არხი "ქართული ოცნების" პროპაგანდას ეწევა. შესაბამისად, რისთვის ან ვის სასარგებლოდ უნდა მოესყიდა ამომრჩეველი "მაესტროს"? მედიამონიტორინგის კვლევები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ "მაესტრო" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული ტელეარხია ელექტრონულ მედიაში. ცხადია, ამ სადამსჯელო ოპერაციის მთავარი მიზანი ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვაა ამომრჩევლისთვის", - აცხადებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მერაბიშვილიც და ივანიშვილიც ცდილობენ, არ დაწვან ერთმანეთთან მისასვლელი გზები" / "ხელისუფლება იძულებული გახდა, აეწია პოპულისტური დაპირებების თამასა".

"ხელისუფლებას ხელს აძლევს "რუსთავი 2"-ით და "იმედით" შექმნილი სინამდვილე, რომელიც ამომრჩეველს მხოლოდ იმას ეუბნება, რომ საქართველოში ერთადერთი პროგრესული ძალა ხელისუფლებაა, ხოლო "ქართული ოცნება" მხოლოდ მტრის ინტერესებს ემსახურება. ხელისუფლებას არ სურს, რომ "მაესტრომ" ალტერნატიული სინამდვილე აჩვენოს, რომელიც ამომრჩეველს ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებინებს, ანუ ამომრჩეველს აქცევს არა მექანიკურ, რეპრესირებულ, ზომბირებულ, არამედ მოაზროვნე, დაეჭვებულ, საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებელ არსებად. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ივანიშვილისადმი კეთილგანწყობა უფრო მაღალია მის შესახებ ინფორმირებულ რესპონდენტთა შორის, ვიდრე იმ მოქალაქეებში, ვისაც მასზე მწირი, მით უფრო - დამახინჯებული ინფორმაცია აქვთ და ცოტა იციან წარსულში მისი ქველმოქმედებისა და მომავალი გეგმების შესახებ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპომდენტთან საუბრისას იაგო კაჭკაჭიშვილი.

"ინფორმაცია ტვირთია, მე თუ არ მეცოდინება, რომ ციხეებში ადამიანები მოუვლელობისა და ფიზიკური თუ ფსიქიკური შეურაცხყოფისგან იხოცებიან, მაშინ ახალაშენებული და ფერადი საპატიმროები პატიმრებისათვის ევროპული სერვისების მიმწოდებელი მეგონება; თუ არ მეცოდინება, რომ პოლიციელმა შეიძლება უდანაშაულო ადამიანი ქუჩაში მოკლას, პოლიციის რეფორმა სანიმუშო და ადამიანის უსაფრთხოებაზე მომართული მეგონება; თუ არ მეცოდინება, რომ ბევრი მაღალჩინოსანი უსაშველოდ გამდიდრდა, საქართველოში კორუფცია აღმოფხვრილი მეგონება და ა.შ. ინფორმაცია, ჰაერია, რომლითაც სუნთქავს ადამიანი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს, რომ დღეს ადამიანებმა გაიშვიათებული და დაბინძურებული ჰაერით ისუნთქონ", - ამბობს სოციოლოგი.

"კარალეთში გამოხატულ აგრესიას (რომელიც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის მაღალ რისკს შეიცავდა) შეუძლებელია, რომელიმე პოლიტიკოსის მოუწონებლობა კვებავდეს. ხელისუფლებამ მთავარი ოპონენტის მიმართ ტაქტიკა შეცვალა მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ რეგიონში "ქართული ოცნების" ვიზიტები და ხალხმრავალი შეკრებები წარმატებით განხორციელდა. ქვებით ბარბაროსულ ჩაქოლვას ბრბო მხოლოდ უკიდურესად მძიმე დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ მიმართავს. ასეთი დამნაშავე შიდა ქართლში ჩასულ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის, ცხადია, არ არსებობდა და მათი ქმედებებიც არსებითად მშვიდობიან და თანამშრომლურ ხასიათს ატარებდა. სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება იწყება მაშინ, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის არსებობს მოწოდებები ურთიერთანგარიშსწორების შესახებ. ასეთი მოწოდებებისგან დღევანდელი ოპოზიციური პოლიტიკური ველი შორსაა. ყურით მოთრეული მგონია არგუმენტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ აგრესია გამოიწვია მათმა განცხადებებმა იმის შესახებ, რომ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო. ვინ, ვინ და შიდა ქართლის სოფლების მოსახლეობამ კარგად იცის, როგორი დაუცველი დატოვა ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოქალაქეები ომის დროს", - განაგრძობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

"წინასაარჩევნო პერიოდში პოპულისტური განცხადებებით ხელისუფლებამ მართლაც რეკორდი დაამყარა. ფულის (ვაუჩერების) დარიგების უპრეცედენტო მასშტაბები (1.000-ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს) ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია. საერთიოდ, პოპულისტურია ის განცხადება, რომელიც, შესაძლოა, მთავარ საჭირბოროტო პრობლემაზეა მიმართული, მაგრამ: ა) ამ პრობლემის გადაჭრას პრაქტიკულად ვერ უზრუნველყოფს (შეიძლება გააღრმაოს კიდეც); ბ) გამოიყურება უტოპიურად, ანუ რეალურად ვერ განხორციელდება და გ) სწორედ მისი უტოპიურობიდან გამომდინარე, მომხიბვლელია, ეფექტურია. პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელი დაპირებები პოპულიზმის სწორედ ამ სამი ნიშნის კონტექსტში უნდა განვიხილოთ", - განმარტავს იაგო კაჭკაჭიშვილი

"ხელისუფლება იძულებული გახდა, აეწია პოპულისტური დაპირებების თამასა, ძირითადად იმის გამო, რომ საჭირო გახდა ივანიშვილის დაპირებების გადასწრება (უფრო მოცულობითად წარმოჩენა). თუმცა, მეორე მხრივ, ხელისუფლება თავისი დაპირებების ეფექტურობის ასამუშავებლად გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ივანიშვილი. საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას წინა არჩევნებშიც არაერთხელ გაუცია სხვადასხვა დაპირება, რომლებიც ვერ აასრულა. ამდენად, გაუჭირდება, ახალი დაპირებები ოპტიმისტურად გაასაღოს ამომრჩევლებში. ასეთი მძიმე ფონი არ ახლავს ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს. პირიქით, მისი ქველმოქმედება წარსულში უამრავ განხორციელებულ სასიკეთო საქმეს მოიცავს, რაც ივანიშვილის მაღალ სოციალურ კაპიტალს განაპირობებს. რასაკვირველია, ხელისუფლებასაც აქვს მარაგში თავმოსაწონი განხორციელებული პროექტები (ძირითადად ინფრასტრუქტურული), თუმცა, სოციალური პრობლემების ჭრილში მას ცოტა აქვს სატრაბახო და ხელმოსაჭიდი. არადა, სწორედ სოციალური პრობლემებია დღეს ყველაზე აქტუალური და მწვავე", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"დღეს ბევრი საუბრობს ივანიშვილისა და მერაბიშვილის შესაძლო კოალიციაზე - სააკაშვილისგან დამოუკიდებლად და მის საწინააღმდეგოდ. მე ამას არ ვეთანხმები. მერაბიშვილი სააკაშვილის პოზიტიურ "დამატებად" ჰყავს ჩაფიქრებული ხელისუფლებას და არა მგონია, მერაბიშვილი სააკაშვილისგან დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ იქცეს. ჩემი აზრით, ერთგვარი ურთიერთრევერანსები ივანიშვილსა და მერაბიშვილს შორის გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: ა) მათ შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობით ახლო წარსულში, როდესაც ივანიშვილი ხელისუფლების მხარდამჭერად რჩებოდა ბ) არ გამოვრიცხავ, მერაბიშვილი აცნობიერებდეს იმას, რომ მმართველი პარტია ვერ შეძლებს, ან მას ძალიან გაუჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება მომავალ პარლამენტში. შესაბამისად, არცთუ არარეალისტურად გამოიყურება კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივა. ეს კი ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის გარდაუვალი თანამშრომლობის აუცილებლობას ბადებს. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილიც და ივანიშვილიც ცდილობენ, არ დაწვან ერთმანეთთან მისასვლელი და მომავალი ერთობლივი თანამშრომლობის გზები. შესაძლოა, ეს ტენდენცია არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში კიდევ უფრო გამოიკვეთოს", - დასძენს იაგო კაჭკაშიშვილი.