"თუ ჩვენი ოპონენტები საქართველოს მოსახლეობას პრემიერად ბიძინა ივანიშვილს სთავაზობენ, ჩვენ ვთავაზობთ ვანო მერაბიშვილს"


რას ფიქრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი კარალეთში დაპირისპირებაზე, ბანკ "ქართუსთან" დაკავშირებულ პროცესებზე ინტერვიუთი შეიტყობთ:

- რაც კარალეთში მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს. ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საარჩევნო კამპანია კანონის ფარგლებიდან არ გამოვიდეს. ვინც მერეთთან და სხვაგან დაპირისპირებისას კანონი დაარღვია, ყველა აგებს პასუხს.

- კახი კალაძეს კარალეთის დასახლებაში უთხრეს, შენი ძმა იმიტომ მოკვდა, რომ ფული არ გადაიხადეო.
- ჩვენ ვერ ჩავეძიებით საკითხს, კალაძეს რა უთხრეს და იმან რატომ შეიგინა. როგორც ჩანს, ამ შეხვედრებს აგრესიული ფონი ახლავს. მთავარია, ეს პროცესი არ ამოვარდეს ჩარჩოდან და ვინც კანონი დაარღვია, პასუხი აგოს. არ გვინდა ამ დავაში ჩართვა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაინახავენ, რომ კალაძეს ძმაზე ცუდი რამ უთხრეს, ჩვენი მხარდამჭერები კი იმას, რომ უკვე მეორე შეხვედრაა, კახი კალაძე მოსახლეობას უყვირის. ჩვენთვის მთავარია, ასეთმა შეხვედრებმა მშვიდად ჩაიაროს. "ქართული ოცნება" სხვა რაიონებშიც ატარებდა შეხვედრებს, მაგრამ იქ არ მომხდარა ინციდენტები.

- ზოგიერთი მედიასაშუალება აპელირებდა იმით, თუ რამდენად მიზანშეწონილად მოქმედებდა კახი კალაძის დაცვა.
- პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ვარ, მაგრამ დაცვა არ მყავს. საქართველოში სოფელი და ქალაქი არ დარჩა, სადაც შეხვედრა არ მქონია, მაგრამ დაცვა არ წამყოლია. ვიცი, რომ ამ საქმის გამოძიება დაწყებულია და ყველაფერზე რეაგირება მოხდება.

- ის სანქციები განვიხილოთ, რაც ბანკ "ქართუს" დაუწესეს. ითქვა, რომ ხელისუფლების მიზანი იყო ბანკის გაკონტროლება და არა გაყიდვა.
- საარჩევნო პერიოდში მთავარია, ვინ რას ვთავაზობთ საზოგადოებას. ალბათ, ვერავინ იტყვის, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკაში შემთხვევით მოვიდა. პირიქით, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგაც საქართველოს მოსახლეობას ვანო მერაბიშვილს ვთავაზობთ, - ადამიანს, ვინც გაანადგურა დანაშაული და კორუფცია. გვინდა, იმ გამოწვევებს, რაც აქვს ქვეყანას - უმუშევრობას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და სოფლის მეურნეობას მიხედოს მენეჯმენტში გამოცდილმა პირმა. თუ ჩვენი ოპონენტები საქართველოს მოსახლეობას პრემიერად ბიძინა ივანიშვილს სთავაზობენ, ჩვენ ვთავაზობთ ვანო მერაბიშვილს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს რეფორმებით მეტი სარგებელი მივცეთ ხალხს. ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნის შემდეგ საზოგადოებას ვეუბნებით, რომ მოგვარდება უმუშევრობის პრობლემა, ჯანდაცვა გახდება ხელმისაწვდომი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაორმაგდება და ამით მეტ სარგებელს მიიღებს ხალხი. ოპონენტებს ასეთ თემებზე უნდა დავუპირისპირდეთ და არა იმ სქემებზე, ერთი კაცის ფული როგორ და რამდენად კანონიერად დაიხარჯება. მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც დაუშვებს, რომ ერთი პირის ფულით წარიმართოს იქ პოლიტიკური პროცესები.

არჩევნები კანონით დადგენილი წესებით უნდა მოვიგოთ. დანარჩენი ყველაფერი არის კანონის დარღვევა და კანონის დარღვევის შემთხვევაში "ნაციონალურმა მოძრაობამაც", "ქართულმა ოცნებამაც" და სხვა პარტიებმაც პასუხი უნდა აგონ. ივანიშვილის გუნდისაგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმოდა, ბოლოს ივანიშვილი ბანკ "ქართუს" გაემიჯნა კიდეც, მაგრამ უცნაურია, რომ მის ინტერესებს იცავდნენ და ახლაც იცავენ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები. ეს ადამიანი საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს თუნდაც იმაზე, ქველმოქმედებას კანადის მოქალაქე ეწევა ("ქართუს" მფლობელი) თუ თავად? ქველმოქმედება, რომელსაც ეწეოდა ფონდი "ქართუ", მიუხედავად იმისა, შეესაბამებოდა თუ არა კანონს, გრძელდებოდა, იმის მიუხედავად, რომ ეს იყო დაკავშირებული ივანიშვილთან და შეიძლებოდა ვიღაცას გამოეთქვა აზრი, ხომ არ არის ეს ხმების ყიდვაო. მოქალაქეები "ქართუდან" ყოველთვიურად იღებდნენ თანხებს. ამას ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხმების მოსყიდვად ჩათვლიდნენ.

- რით ახსნით ტელეკომპანია "მაესტროს"კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებას?
- გამოძიება მიმდინარეობს და როგორც ვიცი, ბევრი მტკიცებულებაც არის, რომ ანტენებს "მაესტროს" ბიზნესპროექტთან ნაკლებად ჰქონდა კავშირი. შეიძლება გადაამისამართეს, თორემ თავიდან ამ თეფშების მყიდველი იყო კომპანია, რომლის სტიკერებიც დაკრული იყო ანტენებსა და მოწოდებულ აპარატურაზე - ეს იყო "გლობალ TV კონსალტინგი". სანამ "მაესტრო" გადაიბარებდა, ამ ოპერაციას ატარებდა კომპანია "ელიტა ბურჯი", რომელიც დაკავშირებულია "ქართუ ჯგუფთან". ჩვენ დავუშვით "მასტ ქერი" და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში არ იქნება არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ მიიტანს სათქმელს ქართველ ამომრჩეველთან.

- ამ საკითხზე "მაესტროს" ხელმძღვანელობას თავისი არგუმენტები აქვს და, ალბათ, სასამართლოში განაგრძობს დავას. მინდა ივანიშვილზე მითხრათ თქვენი აზრი.
- ვაფასებ მის ქველმოქმედებას, მაგრამ როგორც პოლიტიკოსს ისე ვერ ვაფასებ.

- ივანიშვილმა თქვენ ასე შეგაფასათ, უნიჭო კაციაო.
- დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ივანიშვილზე მეტი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს და არ დავუშვებ ისეთ შეცდომებს, რასაც სხვები უშვებენ.

- არ გეწყინათ ასეთი შეფასება?
- პოლიტიკა ისეთი სფეროა, რაღაცები შეიძლება გეწყინოს, მაგრამ უნდა შეეგუო. დარწმუნებული ვარ, მომავალ პარლამენტში იქნება თემები, რაზეც ჩვენ ერთ პოზიციაზე ვიქნებით.

- საჩხერეში უკვე დასახელდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი?
- უკვე გარკვეულია, ვინც იქნება საჩხერეში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი, მაგრამ ახლა ვერ გეტყვით. თუმცა, ვიტყვი, რომ საჩხერელია. რაც შეეხება მანანა კობახიძეს, ის სერიოზულ კონკურენტად მიგვაჩნია. არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პროცესებს არასერიოზულად შევხედოთ.

- თქვენსა და ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში რა განწყობაა?
- აღდგომის მერე იქ აღარ ვყოფილვარ. ჩემს ნათესავებთან პოლიტიკურ თემებზე საუბრისას დიდი წინააღმდეგობა არა მაქვს. კვირა არ გავიდოდა, არ ჩავსულიყავი, ახლა ვეღარ ვახერხებ, მაგრამ უსათუოდ ჩავალ და გეტყვით იქაურებთან რაზეც ვისაუბრებ.

- მაცნობეს, საჩხერის ზოგიერთი სოფლის ცენტრში "ქართული ოცნების" დროშა ფრიალებსო.
- ეს სულაც არ არის გასაკვირი. იფრიალოს, რა პრობლემაა?!

- NDI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ამბობს, რომ დემოკრატია არ არის ქვეყანაში.
- ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. მთავარია, ხალხს მოსწონს მიმართულება, რომლითაც საქართველო ვითარდება. კვლევები ჩვენთვის მხოლოდ ციფრები არ არის, მთავარია, ამ კვლევებისას გამოკვეთილ პრობლემებს ადეკვატურად ვუპასუხოთ.