მაია ფანჯიკიძე:

მაია ფანჯიკიძე: "მიიხედ-მოიხედეთ, თქვენ გარშემო ბევრ კვაჭი კვაჭანტირაძეს დაინახავთ"

რუბრიკის სტუმარია ქართველი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილი, "კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე:

- წიგნს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია, მაგრამ ბოლო ხანს, დროის უქონლობის გამო, იმდენს ვეღარ ვკითხულობ, რამდენსაც ადრე. არ ვეთანხმები მათ, ვისაც მიაჩნია, რომ დღეს წიგნს აღარ კითხულობენ, თუმცა საზოგადოებაში წიგნიერების ნაკლებობა ნამდვილად იგრძნობა. წიგნიერების პრობლემა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დგას და მიზეზი ყველგან სხვადასხვაა. საქართველოში ამის უმთავრეს მიზეზად ის მიმაჩნია, რომ დღეს მაღალი სოციალური მდგომარეობის მისაღწევად ფუნდამენტური განათლება აღარ არის საჭირო. დღევანდელი საზოგადოების და, მით უფრო, ახალგაზრდების განათლების შეფასებისას მთლად მიუკერძოებელი ვერ ვიქნები, რადგან სათანადო ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ის, რაც ტელეეკრანიდან მესმის და რასაც ჟურნალ-გაზეთებში ვკითხულობ, მიქმნის შთაბეჭდილებას საერთო განათლების შესახებ და ვფიქრობ, რომ ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 20-30 წლის წინ იყო.

- წიგნიერება თუ არის დაფასებული?
- გააჩნია, დაფასებაში რას გულისხმობთ. წეღანაც ვახსენე, დღეს დაბალი განათლებითაც შეიძლება იმის მიღწევა, რასაც მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა ჰქვია. თუ დაფასება თანამდებობაა, მაშინ დღეს წიგნიერი კაცი ძალიან დაჩაგრულია, მაგრამ თუ ამ ცნებაში საზოგადოების პატივისცემას ვიგულისხმებთ, ეს ჩვენში უცვლელი ფასეულობაა.

სახელმწიფოს მხრიდან წიგნიერი ადამიანის დაფასებას განათლების სისტემამ უნდა შეუწყოს ხელი, ის კი დღეს მოშლილია. სკოლა ბავშვს საჭირო განათლებას ვერ აძლევს, უმაღლესი სასწავლებელი კი მშვენივრად განაგრძობს ამ პროცესს. დღეს სახელმწიფოს მიზანია, განათლება იყოს ზერელე და დავიდეს უცხო ენაზე ორი სიტყვის ცოდნამდე, კომპიუტერის ელემენტარულ გამოყენებამდე. ამ სახელმწიფოს განათლებული სტუდენტები არ სჭირდება.

- განათლების რეფორმა ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად მიიჩნევა...
- პრეზიდენტის განცხადება განათლების რეფორმის წარმატებაზე იმის მიხედვით იცვლება, როდის რის თქმა სჭირდება. ადრე გამოცდების ეროვნული ცენტრი ძალიან წარმატებულ პროექტად გამოაცხადა, ახლახან კი შევიტყვეთ, რომ ამ ცენტრის თანამშრომლები თურმე მთელი წლის განმავლობაში არაფერს აკეთებდნენ, მხოლოდ ერთი თვით ხსნიდნენ "კანტორას" და ხალხი, რომელიც კარგი მუშაობისთვის დააჯილდოვა, მოგვიანებით მხარ-თეძოზე წამოწოლილ მუქთახორებად მოიხსენია. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შეფასება არაფერს ნიშნავს. ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მიზანია, განათლება პრიორიტეტული გახდეს და ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ყველა პირობა სათანადო განათლების მისაღებად.

- მწერლის ოჯახში აღიზარდეთ. რა გავლენა მოახდინა თქვენზე სამყარომ, სადაც გურამ ფანჯიკიძის რომანები იქმნებოდა, სადაც დალი ფანჯიკიძე მსოფლიო ლიტერატურის კლასიკას თარგმნიდა?
- ამ თვალსაზრისით მართლაც განსაკუთრებულ გარემოში გავიზარდე. არ მახსოვს დღე, მამა შინ მოსულიყო და ხელში წიგნი არ სჭეროდეს. ერთი სული მქონდა, გადამეშალა და შემეტყო, რა წიგნი იყო...

- გურამ ფანჯიკიძის შემოქმედებას თქვენს ლიტერატურულ სამყაროში რა ადგილი უკავია?
- ვფიქრობ, რასაც ჩემი გადასახედიდან ვიტყვი მამას შემოქმედებაზე, საერთო ვითარებაზეც შეიძლება გავრცელდეს. ან მთლიანად სუბიექტური ვიქნები, ან ობიექტური: გურამ ფანჯიკიძე არის თანამედროვე მწერალი, რომელიც ძალიან კარგად გრძნობდა ეპოქის მაჯისცემას, რომელმაც კარგად იცოდა, რას ნიშნავს, იყო თანამედროვე ადამიანი და გაუმკლავდე თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს. გარდა ამისა, მამას ნაწარმოებებს აქვს ერთი დიდი ღირსება - პირველივე სტრიქონებიდან გითრევს, თანაც ისე, რომ შეიძლება ვეღარ მოსწყდე და კითხვაში გაათენო.

- თქვენი პირველი წიგნები, პერსონაჟები გახსოვთ?
- ბავშვობაში წაკითხული მთელი ცხოვრება მიგყვება. ჩემი საყვარელი მწერლები იყვნენ ალექსანდრე დიუმა, ჟიულ ვერნი, ასტრიდ ლინდგრენი, მაინ რიდი...
ვინაიდან კითხვა ჩემი პროფესია გახდა, ჩემი საყვარელი ლიტერატურული ქვეყანა გერმანიაა და მე-20 საუკუნის ყველა დიდი გერმანელი მწერალი, თომას მანით დაწყებული, კრისტა ვოლფით დამთავრებული, შემიძლია საყვარელ მწერლად მოვიხსენიო. ბოლო ხანს ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფამუქის "უმანკოების მუზეუმმა".

- უკაცრიელ კუნძულზე რომელ წიგნს წაიღებით?
- თუ ერთი ნივთის წაღების საშუალება მექნებოდა, უფრო კომპიუტერს წავიღებდი, რომელშიც უამრავი წიგნი იქნებოდა თავმოყრილი... რაკი ეს კითხვა ოცნების სფეროდანაა და, ზოგადად, "ოცნებასთან" მჭიდრო კავშირი მაქვს, ჩავთვალოთ, რომ კუნძულზე ინტერნეტი იქნება.

- დღევანდელი საქართველო რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?
- "კვაჭი კვაჭანტირაძეს".

- ჩვენ გარშემო ბევრია ასეთი ადამიანი?
- მიიხედ-მოიხედეთ, თქვენ გარშემო ბევრ კვაჭი კვაჭანტირაძეს დაინახავთ.

- პოლიტიკოსების წიგნიერებაზე რას ფიქრობთ?
- ამ საკითხზე არ დავფიქრებულვარ, თანაც, არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო.

- რის წაკითხვას გვირჩევს მაია ფანჯიკიძე?
- როგორც გითხარით, ბოლოს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ფამუქმა მოახდინა და თუ ვინმეს სურს, ზაფხულში კარგი წიგნი წაიკითხოს, "უმანკოების მუზეუმს" ვურჩევ.