"ქართუ ბანკმა" მუშაობა განაახლა. გავრცელებული ინფორმაციით, საცავის გახსნა დილით შეფერხდა, თუმცა შემდგომ ბანკში ყველა ოპერაციის შესრულება შესაძლებელი გახდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის თანამდებობა ვლადიმერ უგულავამ დაიკავა. მან თანამშრომლებს უკვე მისცა პირობა, რომ არავის გაათავისუფლებენ. "ქართუ ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც თანამდებობიდან 12 ივლისს გაათავისუფლეს, ღიად აფიქსირებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომერციული ბანკები ჯიბეში ჰყავს ჩასმული და ბანკებიც, თავის მხრივ, რაც ქვეყნის პირველ პირს აწყობს, იმას უსიტყვოდ ახორციელებენ. ჯავახიშვილი ეჭვობს, რომ საქართველოდან "ატკატების" სახით საკმაოდ სოლიდური თანხები გაედინება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში - ამ დასკვნამდე ნოდარ ჯავახიშვილი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა აქამდე შესაბამისი პოზიცია არ დაიკავეს "ქართუ ბანკთან" მიმართებაში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ უკანონობასა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ნოდარ ჯავახიშვილი: "საქართველოს ეროვნული ბანკი აღარ ჰყავს".
"საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ვერ ვიტყვი, რომ მაქსიმუმი შევძელი, მაგრამ ბევრი რამე გავაკეთე. მიმოწერით, მათი ინფორმირებით. ვაშინგტონშიც ვიყავი სავალუტო ფონდში და მსოფლიოს ბანკშიც. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მაღალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. არანაირი ქმედითი რეაგირება არ ყოფილა იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც აქვთ მათ უფლებამოსილება და იმ ბერკეტებით, რა ბერკეტებსაც ფლობენ ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. თუ მათგან რეაგირება არ იქნება, ეს ჩემთვის იქნება ერთმნიშვნელოვანი დასკვნა. სამწუხაროდ, ეს დასკვნა მე მანამდეც მქონდა, ოღონდ დაბალ დონეზე. მე ვთვლი და შემინდოს უფალმა, თუ ვცოდავ - ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის პოზიცია საქართველოში ერთმნიშვნელოვნად ბადებს ძალიან სერიოზულ ეჭვს, რომ ისინი შეკრულები არიან საქართველოს ხელისუფლებასთან", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ ჯავახიშვილი.
"თუ ახლაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობა რეაგირებას არ გააკეთებს, მე მექნება საფუძველი გამოვთქვა ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ აქ ფულადი ნაკადები მიედინება ვაშინგტონამდე. იმიტომ, რომ მათ არ აქვთ უფლება, მშვიდად უყურონ ამას, მათ სერიოზული ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი აქვთ ჩადებული საქართველოში ცივილიზებული საბანკო სისტემის აღმშენებლობაში. დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი აღარ ჰყავს და ის იმართება სულ სხვა ორგანოდან, რომელიც ყველამ იცის. მაშინ, როცა უნგრეთის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელი შეუცვალა ხელისუფლებამ და ცოტათი შეუმცირა დამოუკიდებლობა, მთელი ევროპა ფეხზე დადგა. მათ შორის სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი - ვაშინგტონში ამაზე მითხრეს, რომ ისინი ევროკავშირის წევრები არიანო", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "როგორ ფიქრობთ. ამ ეტაპისთვის სააკაშვილმა ივანიშვილს პოლიტიკურ ბრძოლაში მოუგო?" - პასუხობს:
"არამც და არამც. ჯერ ერთი, ბიძინასთვის ამათ არაფერი წაურთმევიათ. ივანიშვილი ამ ჯარიმას არ გადაიხდის და ვისაც ახდევინებენ ამას, ისინი ამას უკან დაიბრუნებენ. საზოგადოებაში ვინ არის გამრჯვებული? აი, ამისთანა ბარბაროსული მეთოდებით რომ მოქმედებენ, იმიტომ არის, მათი რეიტინგი რომ ეცემა".